დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 29.12.2005
საქმის ნომერი
ას-841-1120-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.12.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-841-1120-05 29 დეკემბერი, 2005 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე,თ. თოდრია

დავის საგანი: სესხის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

ვ. ს.-მ 2003წ. მარტში სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ვ. წ.-ს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ნასესხები 3000 მანეთის ექვივალენტი 1714 ლარის გადახდის დაკისრება. მოსარჩელის განმარტებით, 1991წ. აპრილში მისმა ცოლის ძმამ, ვ. წ.-მ მისგან ისესხა 3000 მანეთი ავტომანქანის შესაძენად. მან ვ. ს.-ს აღნიშნული თანხიდან დაუბრუნა მხოლოდ 300 მანეთი.

ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვ. ს.-ს სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხე ვ. წ.-ს მის სასარგებლოდ დაეკისრა 1714 ლარის გადახდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სადავო სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა 1991წ. აპრილში და შესაბამისად, გამოიყენა სამოქალაქო სამართლის კოდექსი (1964წ.). რაიონულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხე ვ. წ.-მ აღიარა ვ. ს.-საგან 3000 მანეთის სესხების ფაქტი და დადგენილად ჩათვალა, რომ მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება დაიდო 1991წ. აპრილში, რაც დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით. აღნიშნული დადასტურებულად მიიჩნია რაიონულმა სასამართლომ იმ გარემოებითაც, რომ ვ. წ.-მ ავტომანქანა შეიძინა 1991 წელს. სასამართლომ გაიზიარა საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დაანგარიშება და მოპასუხეს დააკისრა 1714 ლარის გადახდა.

ვ. წ.-მ სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

მოცემული საქმე არაერთხელ განიხილეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა და ბოლოს, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 25 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვ. წ.-ს სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა ამ საქმეზე ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2003წ. 28 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ვ. ს.-ს სარჩელი. ვ. წ.-ს ვ. ს.-ას სასარგებლოდ დაეკისრა 113 ლარის გადახდა. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დაიდო ზეპირი ფორმით სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ვ. წ.-მ ვ. ს.-საგან უპროცენტოდ ისესხა 3000 მანეთი. ვ.წ.-მ დაუბრუნა მოსარჩელეს 300 ლარი. მაგრამ მხარეები სადავოდ ხდიან ვ.წ.-ს მიერ ვ.ს.-საგან ფულის სესხების დროს, რადგან ვ.წ.-ს მტკიცებით მან ეს თანხა ისესხა 1992წ. აპრილში, რომელიც ჭირდებოდა 1991 წელს რუსეთში შეძენილი ავტომანქანის ჩამოსაყვანად; მოსარჩელემ ამის დამადასტურებლად მიუთითა ავტომანქანის შეძენასთან დაკავშირებით საქმეში არსებული 1991წ. ოქტომბერში გაგზავნილი ტელეგრამა, ანგარიშ-ფაქტურა და რუსეთში თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მოსარჩელის განმარტებით, მან თანხა გაასესხა 1991წ. აპრილში, მაგრამ ამის დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულება არ გააჩნია, მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით ადასტურებს აღნიშნულს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ვ.წ.-მ 2003 წელს აღიარა მოსარჩელისაგან ფულის სესხება. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ გამოიყენა სკ-ის 137-ე მუხლი. ამიტომ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმული არაა. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 102-ე და 103-ე მუხლებით, ჩათვალა, რომ ხელშეკრულების დადების მომენტის დადგენისას, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელე ვ.ს.-ას, რომელმაც სათანადო (წერილობითი) მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა, რომ ვ.წ.-მ 3000 მანეთი მისგან ისესხა არა 1992წ. აპრილში, არამედ 1991წ. აპრილში, მხოლოდ მოწმეთა ჩვენება კი არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას სესხის ხელშეკრულების თაობაზე მხარეთა შორის წარმოშობილი დავის გადასაწყვეტად. ამიტომ სააპელაციო სასამართლომ ვ.წ.-ს დააკისრა ვ.ს.-ას სასარგებლოდ 1992წ. აპრილის მდგომარეობით 3000 მანეთის შესაბამისი თანხის გადახდა ლარებში 2003წ. მარტის მდგომარეობით.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ს.-მ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონსაწინააღმდეგოა, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითებები. მისი მოსაზრებით, იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა ვალდებული, რომ წარმოედგინა წერილობითი მტკიცებულებები, თუ მოპასუხე ვ. წ.-ა არ აღიარებდა სესხის ხელშეკრულების არსებობას და განაცხადებდა, რომ მას ვ.ს.-საგან საერთოდ არ უსესხია თანხა. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის ნორმები, სსკ-ის 102-ე და 103-ე მუხლები. სააპელაციო სასამართლო ხელშეკრულების დადების თარიღის განსაზღვრისას დაეყრდნო მხოლოდ ვ.წ.-ს ახსნა-განმარტებებს, მაგრამ 1992 წელში ხელშეკრულების დადება არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით. საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით, ასევე სატელეგრამო შეტყობინებით დასტურდება, რომ სესხის ხელშეკრულება დაიდო 1991წ. აპრილში. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე დაარღვია სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნა, არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებანი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უცვლელი უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 25 მარტის გადაწყვეტილება შემდეგი გარემოებების გამო:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მხარეთა შორის დაიდო ზეპირი ფორმით სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ვ. წ.-მ ვ. ს.-საგან უპროცენტოდ ისესხა 3000 მანეთი. ვ.წ.-მ დაუბრუნა მოსარჩელეს 300 ლარი, რასაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მაგრამ მხარეები სადავოდ ხდიან ვ.წ.-ს მიერ ვ.ს.-საგან ფულის სესხების დროს, რადგან ვ.წ.-ს მტკიცებით მან ეს თანხა ისესხა 1992წ. აპრილში, რომელიც ჭირდებოდა 1991 წელს რუსეთში შეძენილი ავტომანქანის ჩამოსაყვანად; მოსარჩელის განმარტებით, მან თანხა გაასესხა 1991წ. აპრილში, მაგრამ ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია; იგი აღნიშნულს ადასტურებს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, საქმეში წარმოდგენილი 1991წ. ოქტომბერში გაგზავნილი ტელეგრამით, 1991წ. ოქტომბერში გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურით და ავტომანქანის შესაძენად 1991წ. ოქტომბერში თანხის გადარიცხვის მტკიცებულებებით. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სსკ-ის 102-ე მუხლის მესამე ნაწილი და მიუთითა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დააკისრა 1992წ. აპრილისათვის 3000 მანეთის შესაბამისი თანხის გადახდა ლარებში 2003წ. მარტის მდგომარეობით. სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.

სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად სწორად გამოიყენა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 391-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმად სესხის ხელშეკრულება ორმოცდაათ მანეთზე მეტი თანხისა, წერილობით უნდა იქნეს დადებული; მართალია, მოპასუხემ აღიარა მოსარჩელისაგან ფულის სესხების ფაქტი და თანხის ოდენობა, მაგრამ ვინაიდან მან სადავო გახადა თანხის სესხების დრო, ამიტომ საკასაციო პალატას დასაბუთებულად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მხოლოდ მოწმეთა ჩვენება არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას სესხის ხელშეკრულების თაობაზე მხარეთა შორის წარმოშობილი დავის გადასაწყვეტად. რადგან ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე მხოლოდ მხარეთა შორის წერილობითი ფორმით დადებული ხელშეკრულებით შეიძლება დადგინდეს როგორც სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი, ასევე განისაზღვროს ამ ხელშეკრულების დადების მომენტი, მხარეთა უფლება-მოვალეობები, ხელშეკრულების მოქმედების ვადა, მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე და სესხის ხელშეკრულების სხვა ძირითადი პირობები.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია და ვ.ს.-ს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ვ. ს.-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 25 მარტის გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.