დატოვებულია უცვლელად
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-849-1126-05 5 დეკემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ახალაძე
დავის საგანი: სააქციო საზოგადოების გენერალური დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს სამეურნეო მოქმედებების, საზოგადოების წლიური ბალანსის შემოწმების მიზნით, სპეციალური შემოწების დანიშვნა.
აღწერილობითი ნაწილი:
სს „პ-ის“ აქციონერებმა _ შპს „ჯ-ის“ წარმომადგენლებმა: შ. ხ-ემ, დ. ი-მა, ზ. წ-მა და ვ. ხ-ემ განცხადებით მიმართეს სასამართლოს სპეციალური შემოწმების დანიშვნის თაობაზე და მიუთითეს, რომ 2003წ. 8 მარტს სს „პ-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე შ. ხ-ემ მოითხოვა აქციონერთა საერთო კრებაზე განსახილველად დამატებით საკითხად შეეტანათ საზოგადოების 2002წ. წლიური ბალანსის, დირექტორატის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობისა და სამეთვალყურეო საბჭოს მოქმედებების სპეციალური შემოწმების დანიშვნა. სამეთვალყურეო საბჭომ არ დააკმაყოფილა შ. ხ-ის მოთხოვნა. აღნიშნული მოთხოვნა არც საზოგადოების საერთო კრებამ არ დააკმაყოფილა. მოსარჩელეებმა მოითხოვეს სს „პ-ის“ გენერალურ დირექტორ გ. შ-ისა და სამეთვალყურეო საბჭოს სამეურნეო მოქმედებების, ასევე, საზოგადოების 2002წ. წლიური ბალანსის შემოწმების მიზნით, მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება სპეციალური შემოწმების შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეებს, რომლებსაც სურდათ საზოგადოების საქმიანობის შემოწმება, მოთხოვნისთანავე წარედგინათ ყველა მასალა, მათ შორის, ყოველწლიური შემოწმების მასალები, საბუღალტრო დოკუმენტაცია, საგადასახადო ინსპექციის შემოწმების აქტები, აუდიტის დასკვნები, რომლებიდანაც ირკვევა, რომ საზოგადოებას არავითარი დარღვევა არა აქვს. სს “პ-ის“ მხრიდან მოსარჩელეებს თანხმობა მიეცათ, რომ თავიანთი ხარჯებით ჩაეტარებინათ შემოწმება, რაზედაც უარი განაცხადეს.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 14 ივლისის გადაწყვეტილებით განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც სს „პ-ის“ აქციონერებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შ. ხ-ის, დ. ი-ის, ვ. ხ-ისა და ზ. წ-ის წარმომადგენელმა ვ. ც-ემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 11 იანვრის განჩინებით სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 აპრილის გადაწყვეტილებით შპს “ჯ-ის”, შ. ხ-ის, დ. ი-ის, ზ. წ-ისა და ვ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება შპს “ჯ-ის” დირექტორებმა _ შ. ხ-ემ, დ. ი-მა და ვ. ხ-ემ გაასაჩივრეს საკასაციო წესით. საკასაციო საჩივარში კასატორთა რიცხვში მიეთითა ზ. წ-ის წარმომადგენელი ვ. ხ-ეზეც, თუმცა ამ უკანასკნელის სახელზე ზ. წ-ის მიერ კანონით დადგენილი წესით შედგენილი რწმუნებულება საქმის მასალებში წარმოდგენილი არ ყოფილა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 7 ივლისის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი და მიეცათ ვადა სახელმწიფო ბაჟის, ასევე კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი ზ. წ-ის მიერ ვ. ხ-ის სახელზე გაცემული მინდობილობის წარმოსადგენად. კასატორებმა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წარმოადგინეს, ხოლო საკასაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების მიმნიჭებელი მინდობილობა არ წარმოუდგენიათ. საკასაციო სასამართლოს 2005წ. 16 სექტემბრის განჩინებით ზ. წ-ის წარმომადგენელ ვ. ხ-ეს ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა და დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან ხუთ დღეში ზ. წ-ის სახელით საკასაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობის წარმოდგენა. საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყების თანახმად, ვ. ხ-ეს ხარვეზის შესახებ დადგენილება ჩაბარდა 2005წ. 23 სექტემბერს, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ ვ. ხ-ის, როგორც ზ. წ-ის წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 აპრილის გადაწყვეტილება შპს “ჯ-ის” დირექტორებმა _ შ. ხ-ემ, დ. ი-მა და ვ. ხ-ემ გაასაჩივრეს საკასაციო წესით. საკასაციო საჩივარში კასატორთა რიცხვში მიეთითა ზ. წ-ის წარმომადგენელ ვ. ხ-ეზეც, თუმცა ამ უკანასკნელის სახელზე ზ. წ-ის მიერ კანონით დადგენილი წესით შედგენილი რწმუნებულება საქმის მასალებში წარმოდგენილი არ ყოფილა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 7 ივლისის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი და მიეცათ ვადა სახელმწიფო ბაჟის, ასევე, კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი ზ. წ-ის მიერ ვ. ხ-ის სახელზე გაცემული მინდობილობის წარმოსადგენად. კასატორებმა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წარმოადგინეს, ხოლო საკასაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების მიმნიჭებელი მინდობილობა წარმოდგენილი არ ყოფილა. საკასაციო სასამართლოს 2005წ. 16 სექტემბრის განჩინებით ზ. წ-ის წარმომადგენელ ვ. ხ-ეს ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა და დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან ხუთ დღეში ზ. წ-ის სახელით საკასაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობის წარმოდგენა.
საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყების თანახმად, ვ. ხ-ეს ხარვეზის შესახებ დადგენილება ჩაბარდა 2005წ. 23 სექტემბერს, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია.
სსკ-ის 396-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლის მიერ შეტანილ საკასაციო საჩივარს უნდა დაერთოს მინდობილობა, რომელიც ადასტურებს წარმომადგენლის უფლებამოსილებას საკასაციო საჩივრის შეტანაზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩემოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ. ხ-ის, როგორც ზ. წ-ის წარმომადგენლის, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 401-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ. წ-ის წარმომადგენელი ვ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.