გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 24.11.2005
საქმის ნომერი
ას-856-1128-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.11.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ას-856-1128-04 24 ნოემბერი, 2005 წ. ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მ.ცისკაძე (მომხსენებელი),ლ.გოჩელაშვილი

დავის საგანი: სხეულის დაზიანების გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ჟ.შ-მა 2002წ. იანვარში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს «.. ..-ის» მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ ერთდროულად 1610 ლარის გადახდის დაკისრება 1993წ. 1 სექტემბრიდან 2004წ. დეკემბრის ჩათვლით, ასევე, ადვოკატის ხარჯების _ 65 ლარის, ხოლო 2005წ. 1 იანვრიდან ყოველთვიურად 12 ლარის გადახდის დაკისრება.

მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმი დაასაბუთა, რომ 1993წ. 27 აგვისტოს მგზავრობდა თბილისი-წნორის მატარებლით. მატარებელს მართავდა მოპასუხე შპს «.. ..ის» სალოკომოტივო დეპოს მემანქანე ხ-ე, რომელმაც მოახდინა სარკინიგზო შემთხვევა, რა დროსაც სხვა მგზავრებთან ერთად მიიღო სხეულის დაზიანება.

აღნიშნული შემთხვევის გამო, რ.ხ-ე გასამართლებულ იქნა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1994წ. 11 თებერვლის განაჩენით განესაზღვრა 10 წლით თ\აღკვეთა.

მოსარჩელეს ტრავმის შედეგად წარმოექმნა დაავადებები მძიმე ფორმით, რის გამოც საერთო შრომის უნარი დაკარგა 15%-ით.

ქ.თბილისის დიდუბეჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ჟ.შ-ის სარჩელი მოპასუხე შპს «.. ..ის» მიმართ სხეულის დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სრულად დაკმაყოფილდა _ მოპასუხე შპს «.. ..ას» მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1993წ. 1 სექტემბრიდან 2004წ. დეკემბრის ჩათვლით ერთდროულად 1610ლარის და 2005წ. 1 იანვრიდან ყოველთვიურად 12 ლარის გადახდა მდგომარეობის შეცვლამდე; მოპასუხეს ასევე დაევალა მოსარჩელის მიერ გადახდილი ადვოკატის ხარჯების 65 ლარის ანაზღაურება.

შპს «.. ..ამ» სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 27 აპრილის განჩინებით შპს «.. ..ის» სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა მოცემულ საქმეზე ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 20 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე რაიონულ სასამართლოს.

სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, ვინაიდან მოსარჩელემ ტრავმა მიიღო 1993 წელს და ამის გამო ბრალდებული პირი გასამართლებულ იქნა 1994 წელს, ამიტომ უსაფუძვლოა იმ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსზე მითითება, რომელიც სამოქმედოდ შემოღებული იქნა 1999წ. 15 მაისიდან.

სკ-ის 1507-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სკ ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშვა ამ კოდექსის ამოქმედების, ანუ 1997 წლის 25 ნოემბრის შემდეგ, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია რაიონული სასამართლოს მიერ სკ-ის 999-ე მუხლის გამოყენება, 1993წ. 27 აგვისტოს წარმოშობილი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სასამართლომ მოცემულ საქმეზე არასწორად გამოიყენა საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული «შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესები». ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული გადაწვეტილება გააუქმა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე რაიონულ სასამართლოს და მიუთითა, რომ საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა იმსჯელოს ხომ არაა გაშვებული მოსარჩელე ჟ.შ-ის მხრივ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და რამდენად საფუძვლიანია სასარჩელო მოთხოვნა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ჟ.შ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება. ჟ.შ-მა საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ სააპელაციო პალატის მოსაზრებები მისი მოთხოვნის სასარჩელო ხანდაზმულობის თაობაზე უსაფუძვლოა; თუ სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სადავო ურთიერთობის მიმართ არ უნდა გამოეყენებინა სასამართლოს სკ-ის 999-ე მუხლი და საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ბრძანებულება, მას უნდა გაეუქმებინა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და თვითონ უნდა გადაეწყვიტა დავა, ვინაიდან 1993 წლისათვის მოქმედი სამიოქალაქო სამართლის კოდექსის 463-ე მუხლი აწესრიგებდა მომეტებული საფრთხის წყაროთი მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხს. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასჩამართლომ საქმე განსახილველად რაიონულ სასამართლოს არასწორად დაუბრუნა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ჟ.შ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 27 აპრილის განჩინება და საქმე ელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგი გარემოებების გამო:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე ჟ.შ-მა სხეულის დაზიანება მიიღო 1993წ. 27 აგვსტოს თბილისი-წნორის ¹6479 ელექტრომატარებლით მგზავრობისას, როდესაც თბილისის სალოკომოტივო დეპოს მემანქანემ რ.ხ-ემ დაარღვია რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლოატაციის წესები, რასაც სარკინიგზო შემთხვევა მოჰყვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1994წ. 11 ნოემბრის განაჩენით რ.ხ-ე ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 86-ე მუხლის I ნაწილით და სასჯელის ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. ამავე განაჩენით დაზარალებულებს და მათ შორის ჟ.შ-ს განემარტათ, რომ ტრავმით მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად მათ უფლება ჰქონდათ ედავათ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა და საქმე ხელახალი განხილვისათვის დააბრუნა იმავე სასამართლოში. სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» პუნქტის შესაბამისად, ამ ნორმის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ რაიონულ სასამართლოს 1993წ. 27 აგვისტოს წარმოშობილი სადავო-სამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად არ უნდა გამოეყენებინა სკ-ის 999-ე მუხლი, ასევე, საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული «შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესაები». სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა იმსჯელოს, მოსარჩელე ჟ.შ-ის მხრივ ხომ არაა გაშვებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და რამდენად საფუძვლიანია სასარჩელო მოთხოვნა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან, სააპელაციო სასამართლომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა, სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის საფუძველზე, კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილების მატერიალურ-სამართლებრივი დაუსაბუთებლობის გამო, ასეთ შემთხვევაში სააპელაციო პალატას საქმე უკან ხელეხლა განსახილველად კი არ უნდა დაებრუნებინა, არამედ სამოქალაქო პროცესის ეკონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე თვითონ უნდ აგანეხილა და გადაეწყვიტა მოცემული დავა სსკ-ის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად. ამ ნორმის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმის განხილვისას უნდ აშეამოწმოს ჟ.შ-ის სასარჩელო მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები და თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ჟ.შ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 27 აპრილის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.