გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-966-1222-04 2 მარტი, 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. წიქვაძე (მომხსენებელი),ლ. გოჩელაშვილი
დავისის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 1 ოქტომბერს ა. ბ.-მ სს „ბ.-ის” წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს.
მოსარჩელემ მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 28 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმის გამო, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ამავე სასამართლოს 2004წ. 19 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ო.ბ.-ს საჩივარი და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 16 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა ა. ბ.-ს სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ა. ბ.-ა და მისი წარმომადგენელი ო. ბ.-ა სასამართლოს არ გაუფრთხილებია გამოუცხადებლობის შედეგებზე, რითაც სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ” პუნქტის მოთხოვნა, ამასთან, ა.ბ.-ის სხდომაზე არაჯეროვნად განემარტა პროცესში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმით გამოწვეული შესაძლო შედეგების შესახებ.
2004წ. 6 სექტემბერს „ბ.-მ” საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე მიღებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლით:
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ა.ბ.-ს შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების შესახებ. ამის შემდეგ მოსარჩელემ უარი განაცხადა პროცესში მონაწილეობის მიღებაზე, რის გამოც იგი სასამართლოს მიერ გაფრთხილდა პროცესში მონაწილის მიუღებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
აქედან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, ა.ბ.-სათვის ცნობილი იყო პროცესში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში თუ რა შედეგით დასრულდებოდა საქმე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარის განმარტება და მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე მიღებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე მიღებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითა ორი გარემოება: პირველი _ ა.ბ.- და მისი წარმომადგენელი სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლბის შემთხვევაში არ გაუფრთხილებიათ გამოუცხადებლობის შედეგებზე, ანუ დარღვეული იყო სსკ-ის 72-ე მუხლის „ზ” პუნქტის მოთხოვნები და, მეორე, 2004წ. 28 იანვარს სასამართლო სხდომაზე ა.ბ.-ს არაჯეროვნად განემარტა პროცესში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმით გამოწვეულ შესაძლო შედეგებზე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა. არასწორად მიუთითა საქმეში არსებულ გარემოებებზე და არასწორი დასკვნა გააკეთა წარმოდგენილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით.
არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს მოსარჩელის და მისი წარმომადგენლის მიმართ დაირღვა სსკ-ის 72-ე მუხლის „ზ” პუნქტის მოთხოვნა.
ამ ნორმის პირველი წიანდადების შესაბამისად, უწყება უნდა შეიცავდეს მითითებას გამოუცხადებლობის შედეგებზე.
საქმეში მოიპოვება ხელწერილი, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელე ბ.-ა, სსკ-ის 72-ე მუხლის „ზ” პუნქტის თანახმად, გაფრთხილებულია გამოუცხადებლობის შესაძლო შედეგებზე. ამ მტკიცებულებას კი სააპელაციო სასამართლომ არავითარი შეფასება არ მისცა.
ასევე არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ ა.ბ.-ს სასამართლო სხდომაზე არაჯეროვნად განემარტა პროცესში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმით გამოწვეულ შესაძლო შედეგებზე, მაშინ, როცა სხდომის ოქმში არაერთხელაა დაფიქსირებული ა.ბ.-ს მოსაზრება პროცესში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ და სასამართლოს გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ პროცესში მონაწილეობის მიუღებლობის შემთხვევაში გამოტანილი იქნებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვის დროს უნდა გაითვალისწინოს ის გარემოებაც, რომ სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” პუნქტის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ გამოუცხადებელი მხარე (არა მისი წარმომადგენელი) მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, არათუ მხარის წარმომადგენლის, არამედ მხარის გამოუცხადებლობაც არ აფერხებს სასამართლოს, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუკი მხარე სსკ-ის 70-80-ე მუხლების შესაბამისად, გაფრთხილებული იყო დადგენილი წესით. მხარის წარმომადგენლის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში საქმის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვა არ წარმოადგენს კანონდარღვევას.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 16 ივლისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.