დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 18.01.2005
საქმის ნომერი
ას-991-1236-04
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.01.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-991-1236-04 ას-991-1236-04 18 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. სულხანიშვილი

დავის საგანი: არბიტრაჟის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 4 თებერვალს დ. კ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში აჭარის ა/რ სამოქალაქო დავათა ......... არბიტრაჟისა და შპს საფინანსო კომპანია “B-ის” მიმართ არბიტრაჟის 2003წ. 1 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს კომპანია “B-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 3152 ლარის, ხოლო საარბიტრაჟო მოსაკრებლის სახით _ 230 ლარის გადახდა. მხარემ მოითხოვა მითითებული გადაწყვეტილების, “კერძო არბიტრაჟის შესახებ” კანონის 43-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, გაუქმება და მისი აღსრულების შეჩერება. მოსარჩელის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში დაირღვა ზემოხსენებული კანონის 31-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა, რადგან საქმის განხილვა დაიწყო 2003წ. 24 ოქტომბერს, ხოლო გადაწყვეტილება დათარიღებულია ამავე წლის 1 დეკემბრით, დარღვეულია საქმის განხილვის ერთთვიანი ვადა, აგრეთვე, 35-ე მუხლის “ზ” ქვეპუნქტი _ გადაწყვეტილებაში მისი აღსრულების ვადა მითითებული არ არის; 36-ე მუხლის 2-3-ე პუნქტების დარღვევით, მოსარჩელეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა სანოტარო წესით დამოწმების გარეშე 2004წ. 2 თებერვალს. დ. კ-ის განმარტებით, მოპასუხე კომპანიამ ისარგებლა მისი სამართლებრივი არაკომპეტენტურობით და თავს მოახვია მიმდინარე დავის საარბიტრაჟო წესით განხილვის მექანიზმი, რითაც დაირღვა მხარის საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები. დ. კ-ის აზრით, სადავო გადაწყვეტილებაზე უკანონოდ იქნა ამოწერილი სააღსრულებო ფურცელი.

მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ სარჩელში მითითებულ დარღვევები არ არის, არბიტრაჟში საქმე მიღებულ იქნა 22 ოქტომბერს. გაიცა გადახდის ბრძანება, ხოლო მასზე 24 ნოემბერს შესული პროტესტის შემდეგ აღნიშნული ბრძანება გაუქმდა. მხარის განმარტებით, არბიტრაჟში საქმის განხილვას მხარეები ესწრებოდნენ, საქმის განმხილველი არბიტრის მიმართ აცილება არ გამოუთქვამთ. საქმის განხილვა მოხდა მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში. 2003წ. 1 დეკემბრის გადაწყვეტილების სანოტარო წესით დამოწმებული ასლის წასაღებად დ. კ-ი თავის დროზე არ გამოცხადდა. დაგვიანებით ჩაბარების გამო არბიტრაჟმა პასუხისმგებლობა მოსარჩელეს დააკისრა. მოპასუხემ მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მიუთითა, რომ “კერძო არბიტრაჟის შესახებ” კანონის 44-ე მუხლის შესაბამისად, აღსრულების შეჩერება მოცემულ შემთხვევაში დაუშვებელია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 17 მარტის გადაწყვეტილებით კოლეგიამ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. კ-მა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატამ დაადგინა, რომ ......... არბიტრაჟის 2003წ. 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით კომპანია “B-ის” მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ დ. კ-ს კომპანიის სასარგებლოდ დაეკისრა 3152 ლარისა და საარბიტრაჟო მოსაკრებლის 230 ლარის გადახდა. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ............. არბიტრაჟს საქმის განხილვისა და გადაწყვეტის მხარეთა შეთანხმების ან კანონით დადგენილი წესები არ დაურღვევია. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ რაიონულმა სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა “კერძო არბიტრაჟის შესახებ” კანონის 43-ე, 44-ე მუხლებით და დაადგინა, რომ არბიტრაჟის მიერ საქმის განხილვა და გადაწყვეტის მხარეთა შეთანხმებით ან კანონით დადგენილი წესები არ დაურღვევია. სასამართლომ მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლო მართებულად არ შევიდა საქმის არსებით განხილვაში და უარი უთხრა მოსარჩელეს აღსრულების შეჩერებაზე.

სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება დ. კ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორმა მიუთითა “კერძო არბიტრაჟის შესახებ” კანონის 43-ე მუხლზე, რომლითაც სასამართლო უფლებამოსილია, განიხილოს მხარის სარჩელი, თუ დარღვეულია არბიტრაჟის მიერ საქმის განხილვის კანონით დადგენილი წესები. ამავე კანონის 35-ე მუხლის “ზ” პუნქტი კი ითვალისწინებს გადაწყვეტილებაში აღსრულების წესის მითითების აუცილებლობას, რაც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული. არბიტრაჟის მიერ გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა ზემოხსენებული კანონის 31-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადის დარღვევით, რაც ამავე მუხლის მესამე პუნქტით, არბიტრაჟის გადადგომის საფუძველია. ვინაიდან არბიტაჟი არ გადამდგარა, გადაწყვეტილება გამოტანა არაკანონიერმა შემადგენლობამ. 31-ე მუხლის მეოთხე ქვეპუნქტით კი თუ დადგენილ ვადაში არბიტრაჟი არ გამოიტანს გადაწყვეტილებას, საარბიტრაჟო შეთანხმება ითვლება გაუქმებულად. კასატორმა მოითხოვა, როგორც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების, ისე _ არბიტრაჟის გადაწყვეტილების გაუქმება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 410-ე მუხლის ,,ბ” პუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

დადგენილია, რომ ......... არბიტრაჟის 2003წ. 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით კომპანია “B-ის” მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ დ. კ-ს კომპანიის სასარგებლოდ დაეკისრა 3152 ლარისა და საარბიტრაჟო მოსაკრებლის 230 ლარის გადახდა.

,,კერძო არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია, განიხილოს მხარის სარჩელი და შეცვალოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარღვეულია არბიტრაჟის მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტის მხარეთა შეთანხმებით ან ამ კანონით დადგენილი წესები, ხოლო ამავე კანონის მე-18 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ......... არბიტრაჟში დავა განიხილება მისი დებულების შესაბამისად, თუ მხარეები და .......... არბიტრაჟი სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.Í

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას ,,კერძო არბიტრაჟის შესახებ” კანონის 31-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის, ერთთვიანი ვადის დარღვევის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ. დასახელებული კანონის მე-17 მუხლის მეორე ნაწილით საარბიტრაჟო განხილვა უნდა დაიწყოს საარბიტრაჟო პრეტენზიის არბიტრაჟში წარდგენიდან 10 დღის ვადაში, ხოლო ამავე კანონის 31-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ მხარეები არ დაადგენენ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის ვადას, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილ უნდა იქნეს საარბიტრაჟო განხილვის დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საფინანსო კომპანიამ დ. კ-ის წინააღმდეგ .......... არბიტრაჟს მიმართა 2003წ. 22 ოქტომბერს, რომელზედაც არბიტრაჟის დებულების 47-ე-49-ე მუხლების შესაბამისად, გადახდის ბრძანება გამოტანილი იქნა 2003წ. 24 ოქტომბერს. დ. კ-ის 2003წ. 24 ნოემბრის შესაგებლის საფუძველზე არბიტრაჟის 2003წ. 28 ნოემბრის განკარგულებით 2003წ. 24 ოქტომბრის გადახდის ბრძანება გაუქმდა და 2003წ. 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით საფინანსო კომპანიის მოთხოვნა დ. კ-ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიზანშეუწონლად მიიჩნევს კასატორის არგუმენტს განხილვის ვადის დარღვევის თაობაზე. შესაბამისად, უსაფუძვლოა კასატორის მითითება არაკანონიერი შემადგენლობის მიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანისა და მისი გაუქმებულად ცნობის თაობაზე.

ასევე უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება გადაწყვეტილების არაკანონიერების თაობაზე, ვინაიდან მის დადგენილებით ნაწილში აღსრულების წესი მითითებული არ იყო. ,,კერძო არბიტრაჟის შესახებ” კანონის 35-ე მუხლის “ზ” ქვეპუნქტით საარბიტრაჟო გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს გადაწყვეტილების აღსრულების ვადას. ამ ვადის დადგენა საქმის განხილვის წესს არ წარმოადგენს და გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად ვერ იქნება მიჩნეული, რადგანაც ზემოთ დასახელებული კანონის 43-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია, განიხილოს მხარის სარჩელი და შეცვალოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დარღვეულია საქმის განხილვის და გადაწყვეტის კანონით დადგენილი წესი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონის დაცვითაა გამოტანილი და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელი.

სახელმწიფო ბაჟის გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.