დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
3კ-1249-02 19 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),თ. კობახიძე,ქ. გაბელაია
დავის საგანი: საპროცესო ვადის აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1995წ. 5 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ეთ. კ.-ის სარჩელი მოპასუხე ი. კ.-ის მიმართ, საცხოვრებელი ფართის გამოყოფის შესახებ. ამასთან, ე. კ.-ს დაევალა მხარეთა სრული იზოლაციის მიზნით, თავისი ხარჯებით აეშენებინა კედელი სქემატური ნახაზის მიხედვით. აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, მაგრამ არ აღსრულებულა. ელ. კ.-ის მემკვიდრეებმა _ ვ. და ე. ვ.-ებმა განცხადებით მიმართეს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვეს გადაწყვეტილების აღსრულების საპროცესო ვადის აღდგენა იმ მოტივით, რომ ე. კ.-მ მძიმე ავადმყოფობისა და მატერიალური გაჭირვების გამო ვერ აღასრულა გადაწყვეტილება და ვერ ააშენა ტიხარი, რომლის წინააღმდეგი არ ყოფილა ი. კ.-ი. ამ უკანასკნელმა 1999წ. 21 ივნისს მიყიდა თავისი ბინა მ. ჩ.-ს.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 28 მაისის გადაწყვეტილებით განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ე. და ვ. ვ.-ებს აღუდგათ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ვადა.
სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება უკანონოდ მიიჩნია საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩაბმულმა მ. ჩ.-მ და სააპელაციო წესით გაასაჩივრა იგი.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 26 აგვისტოს განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული მ. ჩ.-ის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო.
მ. ჩ.-მ აღნიშნულ განჩინებაზე შეიტანა კერძო საჩივარი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 16 სექტემბრის განჩინებით მ. ჩ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო და სსკ-ს 417-ე მუხლის საფუძველზე საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 364-ე მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომლებსაც შეუძლიათ შეიტანონ სააპელაციო საჩივარი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. ესენია: მხარეები, ე.ი. მოსარჩელე და მოპასუხე, აგრეთვე მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის ავტორი მ. ჩ.-ე ჩაბმული იყო საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე. ამდენად, იგი არ იყო უფლებამოსილი, გაესაჩივრებინა გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის 2002წ. 26 აგვისტოს განჩინებით მ. ჩ.-ის სააპელაციო საჩივარი სწორად იქნა დატოვებული განუხილველად დაუშვებლობის გამო.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ჩ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 აგვისტოს და 16 სექტემბრის განჩინებები დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.