გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 30.05.2003
საქმის ნომერი
3კ/311-03
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
30.05.2003

გადაწყვეტილების ტექსტი

¹3კ-311-03 21 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. წიქვაძე,რ. ნადირიანი

დავის საგანი: მორალური და მატერიალური ზარალი.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. ჯ-მა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და განმარტა, რომ 1998წ. 6 იანვარს ტელეკომპანია “რ-ის” ეთერში გავიდა გადაცემა, რომლითაც შეილახა მისი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მას მიადგა მორალური და მატერიალური ზარალი და მოპასუხისაგან მოითხოვა 10000 აშშ დოლარის გადახდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002 წ. 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ჯ-ის მოთხოვნა უსაფუძვლობის გამო:

აღნიშნული გადაწყვეტილება გ. ჯ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის საოლქო სასამართლომ აპელანტს მისცა ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ: დაავალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

გ. ჯ-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟისაგან მთლიანად ან ნაწილობრივ განთავისუფლება.

სააპელაციო პალატამ აპელანტის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და 2002წ. 11 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.

აღნიშნულ განჩინებაზე გ. ჯ-მა სასამართლოს მიმართა კერძო საჩივრით და მოითხოვა მისი გაუქმება.

სააპელაციო პალატამ კერძო საჩივარი ცნო დაუშვებლად კერძო საჩივრის ავტორის მიერ საჩივრის შეტანის 12 დღიანი ვადის დარღვევის გამო.

გ. ჯ-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომელშიც მიუთითებს, რომ 2003წ. 10 ივნისს ჩაიბარა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002 წლს 16 დეკემბრის განჩინება ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 11 ნოემბრის განჩინებაზე მისი 2002წ. 3 დეკემბრის კერძო საჩივართან დაკავშირებით. კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა აშკარად დაუშვებლად, რის გამოც არ დაკმაყოფილდა. საფუძვლად მიჩნეული იქნა ის, რომ თითქოს მან დაარღვია სსკ-ს 416-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 12 დღიანი ვადა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან მას განჩინება არ ჩაბარებია 2002წ. 20 ნოემბერს. 2002წ. 11 ნოემბერს საოლქო სასამართლოს განჩინება დამტარებელმა ბინაზე ჩააბარა 2002წ. 2 დეკემბერს, კერძო საჩივარი კი შეიტანა 2002წ. 4 დეკემბერს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 16 დეკემბრის განჩინება და კერძო საჩივარი ხელახლა განსახილვეად დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატამ კერძო საჩივარი დაუშვებლად მიიჩნია კერძო საჩივრის შეტანის 12 დღიანი ვადის დარღვევის გამო.

საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტიდან არ ჩანს, ვის ჩაბარდა განჩინება, ვინ აწერს წარმოდგენილ დოკუმენტებზე ხელს, განჩინება უშუალოდ ჩაბარდა ჯ-ს, თუ სხვა პირებს გადაეცა მასზე გადასაცემად.

პალატამ ისე მიიჩნია კერძო საჩივარი დაუშვებლად, რომ არ გამოიკვლია აღნიშნული გარემოებები.

სსკ-ს 417-ე მუხლის თანახმად განჩინების მიმღები სასამართლო აკმაყოფილებს კერძო საჩივარს თუ მას დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს.

პალატა თვლის, რომ აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით დასაშვებობის და დასაბუთებულობის შესამოწმებად კერძო საჩივარი უნდა დაუბრუნდეს საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 417-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 16 დეკემბრის განჩინება და კერძო საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.