არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/418-01 23 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე, ბ. კობერიძე
დავის საგანი – თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილების განმარტება.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ი-შვილი მუშაობდა საქართველოს ქონების მართვის სამინისტროში დაცვის სამსახურის ...ად. იგი სამსახურიდან გათავისუფლდა 1999 წლის 9 აგვისტოს საქართველოს ქონების მართვის მინისტრის ¹ ბ-1/132 ბრძანების საფუძველზე, საპენსიო ასაკის მიღწევის გამო. მან სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. ი-შვილის სააპელაციო საჩივარი; შეიცვალა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს 1999 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მ. ი-შვილისათვის სამუშაოზე აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში დარჩა უცვლელად. საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს დაეკისრა მ. ი-შვილის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა 3 თვის თანამდებობრივი სარგოს გათვალისწინებით “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 109-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 31 მარტის განჩინებით. მ. ი-შვილმა 2001 წლის 12 თებერვალს განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა 2000 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილების განმარტება იმის შესახებ, თუ რა წესით უნდა იქნეს გაანგარიშებული მისთვის მისაცემი თანამდებობრივი სარგოს ოდენობა, რადგან იგი ხელფასს ღებულობდა 41 ლარს (საშტატო განრიგით), დანამატის სახით კი ღებულობდა 50 ლარს. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მისი თანამდებობრივი სარგო შედგება ხელფასისა და დანამატისაგან.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 28 თებერვლის განჩინებით განმცხადებელს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი განუმარტა შემდეგნაირად: თანამდებობრივი სარგო იანგარიშება საშტატო განრიგის მიხედვით დანამატის გარეშე. სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამსახურისაგან ასაკის გამო გათავისუფლებისას მუშაკს მიეცემა კომპენსაცია მხოლოდ 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, ხოლო იმავე კანონის 37-ე მუხლის I ნაწილის თანახმად კი შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და სხვა დანამატებს. ვინაიდან თანამდებობრივი სარგო არ მოიცავს ხელფასის დანამატს, ამიტომ მ. ი-შვილს უარი ეთქვა დანამატის – 50 ლარის მიცემაზე.
მ. ი-შვილმა კერძო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე დანამატის მიცემა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 12 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მ. ი-შვილის კერძო საჩივარი უსაფუძვლობის გამო.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ. ი-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
დადგენილია, რომ საქართველოს ქონების მართვის სამინისტროში მ. ი-შვილის ხელფასი საშტატო განრიგით შეადგენდა 41 ლარს, ხოლო დანამატი კი - 50 ლარს. სააპელაციო პალატამ 2000 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით ქონების მართვის სამინისტროს დააკისრა მ. ი-შვილის სასარგებლოდ 3 თვის თანამდებობრივი სარგო, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 109-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე. აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია. მ. ი-შვილმა მოითხოვა აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების განმარტება თანამდებობრივი სარგოს გამოანგარიშების თაობაზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადება, რომლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას, საჯარო სამსახურში წელთა ნამსახურობისათვის დაწესებულ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს. ამრიგად, თანამდებობრივი სარგო, შრომითი გასამრჯელოს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, არ მოიცავს მუშაკისათვის მისაცემ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანამატებს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ი-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 28 თებერვლის და 12 მარტის განჩინებები მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.