გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-566-02 19 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი
დავის საგანი: საქმის წარმოების შეჩერება.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ 2002 წლის 26 თებერვლის საოქმო განჩინებით განსახილველი საქმე ¹2/ა-84-დან ცალკე წარმოებად გამოყო, სს “რ-ს” სარჩელი მოპასუხე შპს “მ-სთან” სესხის უზრუნველყოფის მიზნით ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული შპს “მ-ს” კუთვნილი მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების რეალიზაციის მოთხოვნის ნაწილში და ამ ნაწილში სამოქალაქო, საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის “გ” პუნქტის საფუძველზე შეაჩერა საქმის წარმოება სხვა საქმის გადაწყვეტამდე.
საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ შპს “მ-ს” მიერ რაიონულ სასამართლოში აღძრული იყო სარჩელი იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ. სასამართლომ მიიჩნია, რომ იპოთეკის ხელშეკრულებით დატვირთული ქონების რეალიზაციის შესახებ სარჩელის განხილვა შეუძლებელია რაიონულ სასამართლოს წარმოებაში არსებული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ საქმის გადაწყვეტამდე.
ამ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს “რ-მ” და მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ განჩინების გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით არ არსებობს საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი. არ არსებობს ისეთი დამაბრკოლებელი გარემოებები, რომლებიც შეუძლებელს გახდიდა მისი სარჩელის განხილვას. საქმეში წარმოდგენილია ყველა ის ფაქტობრივი მონაცემები, რაც აუცილებელია საქმის განხილვა-გადაწყვეტისათვის.
საჩივრის ავტორის მოსაზრებით მოპასუხეების მიერ ერთ-ერთი მტკიცებულების ბათილობის მოთხოვნით სარჩელის აღძვრა, თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს არ შეუძლია დაეყრდნოს ამ მტკიცებულებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ კერძო საჩივარი მიიჩნია დაუსაბუთებლად და 2002 წლის 20 მარტის განჩინებით არ დააკმაყოფილა სს “რ-ს” კერძო საჩივარი და საქმის მასალებთან ერთად გადაუგზავნა უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა წარმომადგენლების ახსნა-განმარტებები და თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” პუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.
მითითებული ნორმით იგულისხმება არა ყველა ურთიერთდაკავშირებული საქმეები, არამედ საქმეთა ისეთი დამოკიდებულება, როდესაც მოცემული საქმის განხილვა საერთოდ შეუძლებელია იმ საკითხის მოწესრიგებამდე, რომელიც სადავო სამართალურთიერთობის ფარგლებს სცილდება.
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ აღძრულია სარჩელი იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შესახებ. მოპასუხემ კი სარჩელი აღძრა რაიონულ სასამართლოში იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ. მოპასუხის მიერ აღძრული სარჩელი წარმოადგენს სარჩელისაგან თავდაცვის საშუალებას და იგი არ სცილდება სადავო სამართალურთიერთობის ფარგლებს. თუ მოპასუხეს მიაჩნია, რომ იპოთეკის ხელშეკრულება ბათილია, მას აქვს სრული უფლება დაიცვას თავი სარჩელისაგან შესაგებლის ან შეგებებული სარჩელის წარდგენით იმავე სასამართლოში.
საკასაციო პალატის აზრით, რადგან მოპასუხემ სარჩელისაგან თავდაცვის ნაცვლად მიმართა სხვა სასამართლოს, იგი მიზნად ისახავს საქმის განხილვის გაჭიანურებას. ამასთან, გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოება, რომ იპოთეკის საგნის ღირებულება აღემატება 500 000 ლარს და რაიონული სასამართლოს მიერ მოპასუხის სარჩელი წარმოებაში მიღებულია განსჯადობის წესების დარღვევით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემული საქმის განხილვა შესაძლებელია და არ არსებობს მისი შეჩერების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს “რ-ს” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 26 თებერვლის საოქმო განჩინება და ამ საქმეზე განახლდეს საქმის წარმოება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.