გაუქმდა და დაუბრუნდა ხელახლა განსახილველად
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-654(კ-23) 16 ოქტომბერი, 2024 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - მ. ა-ი
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახური
მესამე პირი (სასკ 16.2) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ა-იმა 2021 წლის 23 თებერვალს სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიმართ და „სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2020 წლის 16 ნოემბრის №..., „სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ“ 2020 წლის 17 დეკემბრის №..., „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის“ შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 18 იანვრის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურისათვის, ქალაქ მცხეთაში, ...ის ქუჩის №...-ში მდებარე ხუთსართულიანი 30-ბინიანი საცხოვრებელი კორპუსის კარკასისა და 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთის მ. ა-ის საკუთრების უფლებით აღრიცხვის თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
სარჩელის მიხედვით, მცხეთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1986 წლის 24 სექტემბრის №231 გადაწყვეტილებით ქალაქ მცხეთაში, ...ის დასახლებაში ორი 30-ბინიანი კომუნალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის გამოიყო 1500-1500 კვ.მ მიწის ფართობი. აღნიშნულ 1500 კვ.მ მიწის ფართზე თავისი მუშა-მოსამსახურეებისთვის საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაიწყო საქართველოს ...სა და ...ის მოპოვების სამმართველომ - „ს...ამ“, რომელთანაც ამავე საწარმოს ავტოფარეხისა და ...ის დამამზადებელი საამქროს კოლექტივის 1992 წლის 21 იანვრის საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიქმნა მცირე საწარმო „გ...ა“. მცხეთის რაიონის საკრებულოს გამგეობის 1992 წლის 30 აპრილის №75 გადაწყვეტილებით რეგისტრირებულ იქნა სახელმწიფო საწარმო „გ...ა“, რომლის დირექტორადაც დაინიშნა მ. ა-ი.
1993 წლის 11 იანვარს, საქართველოს ...სა და ...ის მოპოვების სამმართველოს „ს...ასა“ და მცირე საწარმო „გ...ას“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად „ს...ას“ სამმართველომ თავისი მუშა-მოსამსახურეებისათვის ქალაქ მცხეთაში, ...ს ქუჩაზე მშენებარე 5-სართულიან 30-ბინიან საცხოვრებელ სახლზე დამკვეთის ფუნქცია გადასცა მცირე საწარმო „გ...ის“, რომელმაც, თავის მხრივ, იკისრა ვალდებულება, რომ შემსრულებელს - თბილისის ტერიტორიალურ კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს ჩაურიცხავდა „ს...აზე“ რიცხულ დავალიანებას 512491 მანეთის ოდენობით და დაამთავრებდა აღნიშნული საცხოვრებელი სახლის მშენებლობას საკუთარი სახსრებით. ამავე დროს მცირე საწარმო „გ...ამ“ აიღო ვალდებულება, რომ აღნიშნული საცხოვრებელი ბინების გაყიდვის შემთხვევაში, უპირატესობა მიეცემოდა „გ...ას“ სამმართველოს და მცირე საწარმო „გ...ას“ თანამშრომლებს, ასევე, მცხეთის მერიის და ქალაქ მცხეთის 70-ე მოძრავ მექანიზებული სამმართველოს თანამშრომლებს. მცირე საწარმო „გ...ამ“ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს გადაურიცხა 30-ბინიან საცხოვრებელ სახლზე შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება 512 000 მანეთის ოდენობით, თუმცა მშენებლობის დასრულება ვერ შეძლო იმ დროისათვის ქვეყანაში შექმნილი საყოველთაოდ ცნობილი გარემოებების გამო.
აღსანიშნავია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 30 აგვისტოს დადგენილებით მცირე საწარმო „გ...ა“ რეგისტრირებულ იქნა სახაზინო საწარმო „გ...ად“, თუმცა, ვინაიდან სახაზინო საწარმოდ მისი რეგისტრაცია განხორციელდა უკანონოდ, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა მცირე საწარმო „გ...ის“ სახაზინო საწარმოდ რეგისტრაციის დადგენილება და მცირე საწარმო „გ...ის“ მიერ 1992 წლის იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულებით გამოსყიდული ქონება მიეკუთვნა მცირე საწარმო „გ...ას“ კოლექტივს.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ დღეის მდგომარეობით, მცირე საწარმო „გ...ის“ ყოფილი კოლექტივის წევრებს საწარმოს ქონებაზე არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ, რაც დასტურდება მათი სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებებით. ამასთან, მცირე საწარმო „გ...ის“ ქონება მუნიციპალურ საკუთრებაში არ გადაცემულა, ასევე, მცხეთაში, ...ს ქუჩაზე (ამჟამად ...ის ქ. №...-ში) მდებარე 5-სართულიანი 30-ბინიანი საცხოვრებელი სახლის კარკასი არასოდეს არ შესულა „ს...ას“ საწესდებო კაპიტალში და ამ უკანასკნელს ამ ქონებაზე არანაირი პრეტენზია არ გააჩნია. დღეისათვის მ. ა-ი წარმოადგენს ქალაქ მცხეთაში, ...ის ქ. №...-ში მდებარე 5-სართულიანი 30-ბინიანი საცხოვრებელი კორპუსის კარკასის და 1500 კვ.მ მიწის ფართობის მართლზომიერ მფლობელს და მოსარგებლეს.
2011 წლის 24 ნოემბერს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების მცხეთა-მთიანეთის სამხარეო სამმართველოს №ტ-5/93 წერილის საფუძველზე, ქალაქ მცხეთაში, ...ის ქ. №...-ში მდებარე ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად, მიუხედავად იმისა, რომ 2011 წლის მდგომარეობით, როგორც საჯარო რეესტრისთვის, ასევე ქონების მართვის სააგენტოსთვის ცნობილი იყო სადავო უძრავ ქონებაზე მ. ა-ის პრეტენზიის არსებობის შესახებ, ვინაიდან მ. ა-ი წლების განმავლობაში ცდილობდა სადავო უძრავი ქონების დაკანონება-დარეგისტრირებას, რაც შეუძლებელი იყო იმ წლებში სახელმწიფოში შექმნილი პირობების გამო.
სადავო უძრავი ქონების რეგისტრაციის მიზნით, 2010 წელს მ. ა-იმა მიმართა საჯარო რეესტრს, თუმცა მას ქონების რეგისტრაციაზე ეთქვა უარი. რის შემდეგაც სარჩელით მიმართა სასამართლოს. სასამართლოს გადაწყვეტილებითაც მას სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. უარის საფუძვლად მიეთითა, რომ ვერ ხდებოდა უფლების სუბიექტის და ობიექტის იდენტიფიცირება. 2020 წლის 10 აგვისტოს მ. ა-იმა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. მცხეთაში, ...ის ქ. №...-ში მდებარე უძრავი ქონების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის მიერ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და დაიძებნა დამატებით უფლების დამდგენი დოკუმენტები, რის შემდეგაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც განიმარტა, რომ მათ მიერ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია იჯარით გადაცემული მიწის ფართის ოდენობის/მდებარეობისა და საწარმოს კოლექტივის წევრთა სიის დასადგენად, რაც ვერ იქნა მოძიებული. ხსენებული გადაწყვეტილება მოსარჩელემ მიიჩნია უკანონოდ, ვინაიდან წარდგენილი ჰქონდა როგორც უძრავი ქონების მახასიათებლების თაობაზე ინფორმაცია, ასევე კოლექტივის წევრთა ვინაობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, თუმცა, საბოლოოდ, მას უარი ეთქვა ქონების რეგისტრაციაზე.
მოსარჩელის მოსაზრებით, ზემოთ დასახელებული გარემოებები ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სადავო აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, შესაბამისად, ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 მაისის განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ა-ის წარმომადგენელმა - მ. ს-ემ 2020 წლის 10 აგვისტოს სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და მოითხოვა ქალაქ მცხეთაში, ...ის ქ. №...-ში მდებარე 1500 კვ.მ უძრავ ნივთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე მ. ა-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
2020 წლის 14 და 29 სექტემბერს ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... და №... გადაწყვეტილებები, რომლებითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ არ იყო წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, საჯარო რეესტრმა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან №... (14.09.2020წ.), ხოლო მცხეთის რაიონული სასამართლოდან და საერთო სასამართლოების დეპარტამენტიდან №320473 (14.09.2020 წ.), №... (14.09.2020 წ.) წერილებით გამოითხოვა ინფორმაცია. ამასთან ერთად, დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ სარეგისტრაციო უძრავი ნივთისა და ... საკადასტრო კოდით სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დგინდებოდა ზედდება.
2020 წლის 16 ნოემბერს ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... გადაწყვეტილება.
საჯარო რეესტრმა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან №... (14.09.2020 წ.) წერილით გამოითხოვა ინფორმაცია იჯარით გადაცემული ფართობის ოდენობის/მდებარეობისა და საწარმოს კოლექტივის წევრთა (25-კაციანი) სიის დასადგენად, მაგრამ აღნიშნული ვერ იქნა მოძიებული. შესაბამისად, 30 კალენდარული დღის ვადაში წარსადგენი იყო ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც იდენტიფიცირებული იქნებოდა მცირე საწარმო „გ...ის“ კოლექტივში გაწევრიანებული წევრების ვინაობა, ამასთან, გამოსყიდული და მიკუთვნებული ქონების მახასიათებლები (მდებარეობა, ფართობი, მისამართი), ან შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობდა დაინტერესებულ პირზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის უფლებას.
2020 წლის 17 დეკემბერს ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... გადაწყვეტილება, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.
მ. ა-ის წარმომადგენელმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა ... (15.12.2020 წ.) და ... (28.12.2020 წ.) ადმინისტრაციული საჩივრებით, მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... (16.11.2020 წ.) და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... (17.12.2020 წ.) გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მოთხოვნის დაკმაყოფილება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 18 იანვრის N... გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. (ტ.2. ს.ფ. 350-358).
სასამართლომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლზე, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით, გაუქმდა მცირე საწარმო „გ...ის“ სახაზინო საწარმოდ რეგისტრაციის შესახებ მცხეთის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 30 აგვისტოს დადგენილება და მცირე საწარმო „გ...ის“ მიერ 1992 წლის იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულებით გამოსყიდული 29 213 ლარის ღირებულების ქონება მიეკუთვნა მცირე საწარმო „გ...ის“ კოლექტივს.
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ წარმოდგენილია შრომითი კოლექტივის ამხანაგობაზე გაცემული საკუთრების მოწმობა, თანდართულ ხელშეკრულებასთან ერთად, მაგრამ არ არის წარმოდგენილი აღნიშნული ამხანაგობის კერძო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების დამადასტურებელი დოკუმენტი, უძრავ ნივთზე რეგისტრირდება ყოფილი შრომითი კოლექტივის წევრების საკუთრების უფლება.
საჯარო რეესტრმა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან №... (14.09.2020წ.) წერილით გამოითხოვა ინფორმაცია იჯარით გადაცემული ფართობის ოდენობის/მდებარეობისა და საწარმოს კოლექტივის წევრთა (25-კაციანი) სიის დასადგენად, მაგრამ აღნიშნული ვერ იქნა მოძიებული. შესაბამისად, 30 კალენდარული დღის ვადაში განმცხადებელს დაევალა იმ ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენა, რომლითაც იდენტიფიცირებული იქნებოდა მცირე საწარმო „გ...ის“ კოლექტივში გაწევრიანებული წევრების ვინაობა.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი 24 ფიზიკური პირის სანოტარო წესით დამოწმებულ „გ...ის“ ქონებაზე უფლების დათმობის განცხადებებით, ასევე, მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, დგინდება, რომ ,,გ...ის“ 25-კაციან კოლექტივს წარმოადგენდნენ სწორედ დასახელებული პირები, ვინაიდან მითითებული მტკიცებულებებით აღნიშნული გარემოება, ანუ ის, რომ სწორედ ეს პირები წარმოადგენდნენ „გ...ის“ 25-კაციან კოლექტივს, ერთმნიშვნელოვნად არ იკვეთებოდა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არც ცალ-ცალკე და არც ერთობლიობაში, არ დასტურდება მოსარჩელისთვის სადავო უძრავი ქონების მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) გადაცემის ფაქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ კანონიერად იქნა მიღებული 2020 წლის 16 ნოემბრის №... სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი მოთხოვნილი დამატებითი მტკიცებულებები, რაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ასევე წარმოადგენდა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. ა-იმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განჩინებით მ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება.
აღსანიშნავია, რომ სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება. ამასთან, ყურადღება გაამახვილა აპელანტის მითითებაზე, რომ უფლების რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლად შეიძლება მიჩნეულ იქნეს შპს „წ...-ის“ ამონაწერი და აუდიტორული კომპანია შპს „მ...ის“ აუდიტორული დასკვნა, რომლის თანახმადაც, შპს „წ...“ დაფუძნდა მცირე საწარმო გ...ას ქონების ბაზაზე, სადაც წარდგენილია კოლექტივის წევრების განცხადებები, დამოწმებული სანოტარო წესით. აღნიშნულ მსჯელობასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 19 აპრილის დადგენილება საწარმოს რეგისტრაციის შესახებ, რომლის შინაარსის გათვალისწინებით, არა თუ არ ხდება შპს „გ...ის“ 25-კაციანი კოლექტივს წევრების იდენტიფიცირება, არამედ საერთოდ არ დასტურდება აპელანტისათვის სადავო უძრავი ქონების მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) გადაცემის ფაქტი.
სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ა-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დადგენილ გარემოებებად მიიჩნიეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მართლზომიერად მიწის გამოყოფის ფაქტი, მცირე საწარმო „გ...ის“ კერძო სამართლის იურიდიულ პირად რეგისტრაცია, მის მიერ მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ხარჯების გადახდა, შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირის მართლზომიერი მფლობელობა მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობაზე, ასევე, მცირე საწარმო „გ...ის“ მიერ საკუთარი სახსრებით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენება თავისი წევრებისათვის (მუშა-მოსამსახურეებისათვის).
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მცირე საწარმო „გ...ის“ ყოფილი კოლექტივის წევრებს საწარმოს ქონებაზე არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ, რაც დასტურდება მათი სანოტარო წესით დადასტურებული განცხადებებით, ამავე განცხადებებით დასტურდება მათი ვინაობა (სია). ხსენებული 24 პირის განცხადებები წარმოდგენილია შპს „წ... -ის“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციიდან. „წ...“ დაფუძნდა მცირე საწარმო გ...ას ქონების ბაზაზე, სადაც წარდგენილია კოლექტივის წევრების განცხადებები, დამოწმებული სანოტარო წესით. საქმეს ერთვის შპს „წ...-ის“ ამონაწერი, სასამართლოს დადგენილება მისი რეგისტრაციის შესახებ, აუდიტორული კომპანია შპს „მ...ის“ აუდიტორული დასკვნა, მცირე საწარმო „გ...ის“ 25-კაციანი წევრთა სია და მათი მხრიდან „გ...ის“ ქონებაზე უფლების დათმობა მ. ა-ის სასარგებლოდ, რაც უკვე განხილული და იდენტიფიცირებული აქვს როგორც საჯარო რეესტრს, ასევე სასამართლოს.
დასახელებულ გარემოებებზე მითითებით, კასატორი არ ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოებს, რომლებმაც უარი უთხრეს მას სარჩელის დაკმაყოფილებაზე და მიიჩნევს, რომ სადავო აქტები გამოცემულია უკანონოდ და ისინი ექვემდებარება ბათილად ცნობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ივლისის განჩინებით მ. ა-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 აგვისტოს განჩინებით მ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შედეგადაც მივიდა დასკვნამდე, რომ მ. ა-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. დასახელებული კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისათვის ქალაქ მცხეთაში, ...ის ქ. №...-ში მდებარე 1500 კვ.მ უძრავ ნივთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონიერება.
დავის გადაწყვეტის მიზნებისათვის, საკასაციო პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს თავდაპირველად მიუთითოს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებზე:
- მცხეთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1986 წლის 24 სექტემბრის №231 გადაწყვეტილებით აღმასკომმა გადაწყვიტა, რომ ქალაქ მცხეთაში, ...ის დასახლებაში, ყოფილი ...ისა და ...ის შენობების ირგვლივ ორი 30-ბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის თითოეულისათვის გამოეყო 1500-1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, შემდეგ საზღვრებში: აღმოსავლეთით ...ის ქუჩა, ...ის ქუჩა, ჩრდილოეთით ყოფილი ...ის შენობა, სამხრეთით 1-სართულიანი, ამორტიზებული კომუნალური ბინა და თავისუფალი ეზო;
- საქართველოს რესპუბლიკის ...სა და ...ის მოპოვების სამმართველოს - „ს...ის“ ავტოფარეხისა და ...ის დამამზადებელი საამქროს კოლექტივის 1992 წლის 21 იანვრის საერთო კრების გადაწყვეტილებით, საქართველოს რესპუბლიკის ...სა და ...ის მოპოვების სამმართველოსთან - „ს...ასთან“ შეიქმნა მცირე საწარმო „გ...ა“;
- მცხეთის რაიონის საკრებულოს გამგეობის 1992 წლის 30 აპრილის №75 გადაწყვეტილებით, დარეგისტრირდა სახელმწიფო საწარმო „გ...ა“, რომლის დირექტორადაც დაინიშნა მ. ა-ი. საქართველოს ...სა და ...ის მოპოვების სამმართველოს - „ს...ასა“ და მცირე საწარმო „გ...ას“ შორის 1993 წლის 11 იანვარს დაიდო ხელშეკრულება მასზედ, რომ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, „ს...ის“ სამმართველო თანახმა იყო თავისი მუშა-მოსამსახურეებისათვის ქალაქ მცხეთაში, ...ს ქუჩაზე მშენებარე ხუთსართულიან 30-ბინიან საცხოვრებელ სახლზე დამკვეთის ფუნქცია გადაეცა მცირე საწარმო „გ...ისათვის“. თავის მხრივ, მცირე საწარმო „გ...ა“ იღებდა ვალდებულებას, დაემთავრებინა აღნიშნული 30-ბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა საკუთარი სახსრებით. მცირე საწარმო „გ...ა“ იღებდა ვალდებულებას, ჩაერიცხა თბილისის ტერიტორიულ კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს დავალიანებაზე რიცხული თანხა 512 491 მანეთის ოდენობით.
- მცხეთის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 30 აგვისტოს დადგენილებით, მცირე საწარმო „გ...ა“ დარეგისტრირდა სახაზინო საწარმო „გ...ად“.
- მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით, გაუქმდა მცირე საწარმო „გ...ის“ სახაზინო საწარმოდ რეგისტრაციის შესახებ მცხეთის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 30 აგვისტოს დადგენილება და მცირე საწარმო „გ...ის“ მიერ 1992 წლის იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულებით გამოსყიდული, 29213 ლარის ღირებულების ქონება მიეკუთვნა მცირე საწარმო „გ...ის“ კოლექტივს.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი სამართლებრივი აქტია, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია – რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
„საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციისათვის, ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, დაინტერესებული პირი ვალდებულია რეგისტრაციის განხორციელების მიზნით, სამსახურში წარადგინოს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტი. ამასთან, ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
დასახელებულ ნორმათა ანალიზის შედეგად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა უნდა წარადგინოს კონკრეტულ უძრავ ნივთზე მისი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მარეგისტრირებელმა ორგანომ კი საკუთრების უფლების რეგისტრაცია სწორედ უფლების წარმომშობი სათანადო დოკუმენტის საფუძველზე და მის შესაბამისად უნდა განახორციელოს. განსახილველ შემთხვევაში კი, სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინებით ვერ ასაბუთებს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ზემოთ მითითებული სამართლებრივი დანაწესების შესრულებას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განხილვისას სასამართლო არ იზღუდება მხარეთა მითითებებით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები. შესაბამისად, ადმინისტრაციულ პროცესში განმტკიცებული ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო არა მხოლოდ უფლებამოსილი, არამედ ვალდებულია სრულყოფილად გამოიკვლიოს და შეისწავლოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი ინიციატივით განსაზღვროს გარემოებათა დადგენის საჭიროება და მოიძიოს ამ გარემოებათა დამადასტურებელი ან უარმყოფი მტკიცებულებები. განსახილველ შემთხვევაში კი დასახელებული უფლებამოსილებები სააპელაციო პალატის მიერ სრულიად უგულებელყოფილია, ვინაიდან მას არ განუხორციელებია ზემოაღნიშნული უფლებამოსილებები იმ მოტივით, რომ დაედგინა სადავო ქონებაზე მოსარჩელის მოთხოვნის მართლზომიერება.
საკასაციო პალატა მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ მ. ა-ის წარმომადგენლის მიერ 2020 წლის 10 აგვისტოს სარეგისტრაციოდ წარდგენილ განცხადებას თან ახლდა: მინდობილობა, უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ამასთან, სხვა დოკუმენტაციის ნახვის მიზნით განმცხადებელმა მიუთითა №... სარეგისტრაციო განცხადებაზე, რომელსაც ერთოდა შემდეგი დოკუმენტები: მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის №TT20090668991 (04.12.2009წ.) გადაწყვეტილება, „ს...ის“ 2008 წლის 16 ივლისის №4 წერილი, შპს „წ...-ის“ დირექტორის მ. ა-ის 2008 წლის 16 ივლისის წერილი, მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის №677 (21.07.2005წ.) წერილი, სს „ს...ის“ ფილიალის „ს...ის“ №37 (22.10.2001წ.) წერილი, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის ტერიტორიული ორგანოს №232 (19.10.2001წ.) წერილი, სს „ს...ის“ №01- 12/412 (10.10.2001წ.) წერილი, 2001 წლის 26 ნოემბრის სასამართლო გადაწყვეტილება, ანგარიშფაქტურა, საგადასახადო ინსპექციის №... (28.09.2001წ.) ინფორმაცია, მცირე საწარმოს „გ...ის“ დირექტორის მ. ა-ის განცხადება, 1993 წლის 11 იანვრის ხელშეკრულება, მცხეთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის №231 (24.09.1986წ.) გადაწყვეტილება, კაპიტალური მშენებლობის თბილისის სარაიონთაშორისო სამმართველოს №53 (13.02.1982წ.) წერილი, „გ...ის“ წესდება, მცხეთის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 30 აგვისტოს დადგენილება, მცხეთის რაიონის საკრებულოს №75 (30.04.1992 წ.) გადაწყვეტილება, 1992 წლის 21 იანვრის ოქმი, პრივატიზაციის სამსახურის №157 (14.08.2001 წ.) წერილი და წერილობითი განცხადებები. მითითებული დოკუმენტების შემოწმების შედეგად, 2020 წლის 14 და 29 სექტემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... და №... გადაწყვეტილებები, რომლებითაც დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ არ იყო წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისად, საჯარო რეესტრმა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან 2020 წლის 14 სექტემბრის №... წერილით, ხოლო მცხეთის რაიონული სასამართლოდან და საერთო სასამართლოების დეპარტამენტიდან იმავე წლის №320473 და №... წერილებით გამოითხოვა ინფორმაცია. ამასთან ერთად, დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ სარეგისტრაციო უძრავი ნივთისა და ... საკადასტრო კოდით სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დგინდებოდა ზედდება.
2020 წლის 16 ნოემბერს ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... გადაწყვეტილება, სადაც მიუთითა, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით, გაუქმდა მცირე საწარმო „გ...ის“ სახაზინო საწარმოდ რეგისტრაციის შესახებ მცხეთის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 30 აგვისტოს დადგენილება და მცირე საწარმო „გ...ის“ მიერ 1992 წლის იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულებით გამოსყიდული 29 213 ლარის ღირებულების ქონება მიეკუთვნა მცირე საწარმო „გ...ის“ კოლექტივს. სარეგისტრაციო სამსახურმა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან №... (14.09.2020 წ.) წერილით გამოითხოვა ინფორმაცია იჯარით გადაცემული ფართობის ოდენობის/მდებარეობისა და საწარმოს კოლექტივის წევრთა (25-კაციანი) სიის დასადგენად, მაგრამ აღნიშნული ვერ იქნა მოძიებული. ამის გათვალისწინებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ განმცხადებელს მიუთითა, რომ 30 კალენდარული დღის ვადაში წარსადგენი იყო ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც იდენტიფიცირებული იქნებოდა მცირე საწარმო „გ...ის“ კოლექტივში გაწევრიანებული წევრების ვინაობა, ამასთან, გამოსყიდული და მიკუთვნებული ქონების მახასიათებლები (მდებარეობა, ფართობი, მისამართი), ან შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობდა დაინტერესებულ პირზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
დასახელებული გარემოებების შესწავლის შედეგად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელის მიერ დამატებით საქმეში წარმოდგენილი 24 ფიზიკური პირის სანოტარო წესით დამოწმებული „გ...ის“ ქონებაზე უფლების დათმობის განცხადებებით, ასევე მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დგინდებოდა ის ფაქტი, რომ სწორედ ეს პირები წარმოადგენდნენ „გ...ის“ 25-კაციან კოლექტივს. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არც ცალ-ცალკე და არც ერთობლიობაში, არ დასტურდებოდა მოსარჩელისთვის სადავო უძრავი ქონების მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) გადაცემის ფაქტი.
საკასაციო სასამართლო კი ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნულ დასკვნებს და მის საწინააღმდეგოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს მიუთითოს საქმეში წარმოდგენილი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც გაუქმდა მცირე საწარმო „გ...ის“ სახაზინო საწარმოდ რეგისტრაციის შესახებ მცხეთის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 30 აგვისტოს დადგენილება და მცირე საწარმო „გ...ის“ მიერ 1992 წლის იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულებით გამოსყიდული, 29213 ლარის ღირებულების ქონება მიეკუთვნა მცირე საწარმო „გ...ის“ კოლექტივს. მითითებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მცირე საწარმო „გ...ის“ 25-კაციანმა კოლექტივმა 1992 წლის იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულებით საქართველოს ...სა და ...ის მოპოვების სამმართველოსგან გამოისყიდა ქონება და გახდა მისი მესაკუთრე. აღნიშნული დასტურდება საქმეში წარმოდგენილი 1992 წლის იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულებით ბალანსიდან ბალანსზე გადაცემული ქონების ნუსხითა და 1992 წლის 2 დეკემბერს საგადასახადო დავალებით მცირე საწარმო „გ...ის“ მიერ ს...ის სამმართველოს ანგარიშზე ამოსყიდული ქონების ღირებულების გადარიცხვითა და ქონების საბოლოოდ გამოსყიდვით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად გადაწყვეტილებაში მითითებული ჩანაწერისა, სააპელაციო პალატას არ გამოუთხოვია იმ საქმის დოკუმენტები, რომელზეც მიღებულია მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება.
ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ არის დასაბუთებული, სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება, გადაწყვეტილება მოკლებულია სათანადო სამართლებრივ და ფაქტობრივ წანამძღვრებს, განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, მ. ა-ის საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველია, აღნიშნული კი, თავის მხრივ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების წინაპირობაა. საქმის ხელახალი განხილვისას კი სასამართლომ, პირველ ყოვლისა, სასამართლო არქივიდან უნდა გამოითხოვოს საქმის მასალები, რომელზეც მიღებულია მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სახაზინო საწარმო „გ...ის“ დირექტორის - მ. ა-ის მოთხოვნა; გაუქმდა მცირე საწარმო „გ...ის“ სახაზინო საწარმოდ რეგისტრაციის 1996 წლის 30 აგვისტოს მცხეთის რაიონული სასამართლოს დადგენილება და მცირე საწარმო „გ...ის“ მიერ 1992 წლის იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულებით გამოსყიდული, დღეის მდგომარეობით 29213 ლარის ღირებულების ქონება, მიეკუთვნა მცირე საწარმო „გ...ის“ კოლექტივს. როგორც დასახელებული გადაწყვეტილებიდან ირკვევა, აღნიშნულ საქმეს თან ერთვის 1992 წლის იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება, რომლის გამოკვლევაც საკასაციო სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია, ვინაიდან, შესაძლოა, სწორედ აღნიშნულ საქმეში წარდგენილი დოკუმენტები გახდეს „გ...ის“ 25-კაციანი კოლექტივის იდენტიფიცირების საშუალება, ასევე იმისა, თუ რა უძრავი ქონება გადაეცა საწარმოს. სწორედ ამის შემდეგ, სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და სათანადო შეფასება მისცეს მათ, კერძოდ, შეაფასოს მოსარჩელის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტები რამდენად ქმნიდა საკუთრების რეგისტრაციის საფუძველს და ამგვარი დოკუმენტების არსებობის პირობებში, მარეგისტრირებელ ორგანოს რამდენად შეეძლო უარი ეთქვა მ. ა-ისათვის ქალაქ მცხეთაში, ...ის ქუჩის №...-ში მდებარე ხუთსართულიანი 30-ბინიანი საცხოვრებელი კორპუსის კარკასისა და 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით აღრიცხვაზე.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის. სააპელაციო სასამართლოში, საკასაციო სასამართლოსაგან განსხვავებით, საქმის განხილვა მიმდინარეობს იმ წესების დაცვით, რომელიც გათვალისწინებულია პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმე განიხილოს არსებითად, გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და საქმეს მისცეს სამართლებრივი შეფასება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მართლმსაჯულების განხორციელების არსი გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი ასპექტების შემოწმებაში მდგომარეობს. სააპელაციო პალატა, ერთი მხრივ, ამოწმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებით დარღვევების არსებობას და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების შესახებ მსჯელობას, ხოლო, მეორე მხრივ, თავად იკვლევს და აფასებს მტკიცებულებებს, რომელიც აუცილებელია საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისთვის. სააპელაციო სასამართლოსაგან განსხვავებით, საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენასთან დაკავშირებული პროცესუალური საქმიანობა გამოიხატება არა ფაქტების დადგენაში, არამედ დასადგენ ფაქტებზე მითითებაში. პროცესუალური დანაწესებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აფასებს არა მტკიცებულებებს, არამედ ამ მტკიცებულებათა სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფასების მართებულობას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის №ბს-985(კ-20); №ბს-372(3კ-20) განჩინებები). ამასთან, ადმინისტრაციული პროცესის ინკვიზიციური ხასიათი მოსამართლეს პროცესში აქტიურ როლს ანიჭებს და აძლევს შესაძლებლობას, იზრუნოს საქმის მართებული გადაწყვეტისათვის საჭირო ინფორმაციისა თუ მტკიცებულებათა დამატებით მოპოვებისათვის. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება საკმარისად არ არის დასაბუთებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის. ზემოაღნიშნული, თავის მხრივ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების პირობაა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისთვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, განსახილველ საქმეზე გაწეული სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 372, 385-ე, 394-ე, 412-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. მ. ა-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე