დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
3კ-789-02 3კ-789-02 4 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),ქ. გაბელაია,თ. კობახიძე
დავის საგანი: სამკვიდრო ქონებიდან წილის გამოყოფა, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ქ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა გარდაცვლილი ქმრის სამკვიდრო ქონებიდან წილის გამოყოფა და მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება შემდეგი გარემოებების გამო: იგი 1990 წლიდან ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იყო აწ გარდაცვლილ გ. ქ.-თან, რომელთან ერთადაც ეწეოდა საერთო მეურნეობას. 1994 წელს მათი ქორწინება რეგისტრირებულ იქნა კანონით დადგენილი წესით. გ. ქ.-ის გარდაცვალების შემდეგ მისმა შვილმა მოსარჩელის გერმა ი. ქ.-მ მიისაკუთრა მამის ქონება.
მოპასუხე, ი. ქ.-მ სარჩელი არ ცნო და თავის დებთან _ ნ., მ. ქ.-ებთან ერთად შეგებებული სარჩელით მოითხოვა მამის დანაშთი ქონებიდან 1/3 ნაწილი.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2000წ. 31 მაისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. ქ.-ის სასარჩელო მოთხოვნები. იგი ცნობილ იქნა გ. ქ.-ის დანატოვარი ქონების მემკვიდრედ და მიეკუთვნა სამკვიდრო ქონების 1/2 ნაწილი. სამკვიდრო ქონებად სასამართლომ მიიჩნია სასარჩელო განცხადებაში ჩამოთვლილი ქონების (გარდა წყლის “პომპის” და პატარა ტრაქტორის) 1/7 ნაწილი. მ. ქ.-ს დაუბრუნდა ტანსაცმელი და პროდუქტები. უარი ეთქვა 500 აშშ დოლარისა და მორალური ზიანის _ 5000 ლარის ანაზღაურებაზე უსაფუძვლობის გამო. დაკმაყოფილდა ი. ქ.-ისა და მესამე პირების: ნ., ლ., ი. და გ. ქ.-ების შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა და ყოველი მათგანი ცნობილ იქნა სადავო ქონების 1/7 ნაწილის მესაკუთრედ. მოპასუხეებს ნ. სიფ.-სა და მ. ქ.-ს უარი ეთქვათ სამკვიდრო ქონებიდან 1/4 წილის მიკუთვნებაზე.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრდა მ. ქ.-მ.
თბილისის საოლქო სასამართლომ 2000წ. 15 აგვისტოს განჩინებით მაყვალა ქ.-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა დაუშვებლობის გამო, რადგან მიიჩნია, რომ აპელანტს გაშვებული ჰქონდა სსკ-ს 369-ე მუხლით გათვალისწინებული სააპელაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. ქ.-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გაშვების საპატიოდ ჩათვლა შემდეგ გარემოებათა გამო: მას სასამართლოში განუმარტეს, რომ სააპელაციო საჩივარი იმდენ ეგზემპლარად უნდა შეეტანა, რამდენი მხარეც მონაწილეობდა საქმეში. რადგან საჩივრის შეტანის დღეს სიღნაღში უშუქობის გამო ქსეროქსი არ მუშაობდა, აპელანტი იძულებული იყო, საპელაციო საჩივარი ხელით გადაეწერა, მაგამ კანცელარიის გამგე უკვე წასული დახვდა. მომდევნო დღეები _ 1 და 2 ივლისი შაბათ-კვირა იყო. აღნიშნული მიზეზის გამო საპელაციო საჩივარი 3 ივლისს შეიტანა და ამგვარად გაუშვა საპელაციო საჩივრის შეტანის ვადა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 2 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 14 მარტის განჩინებით მ. ქ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 15 აგვისტოსა და 2 ოქტომბრის განჩინებები და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე პალატას. სასამართლომ განჩინება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ 2000წ. 31 მაისს გამოცხადდა მოტივირებული გადაწყვეტილება, ხოლო მ. ქ.-მ გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა 2000წ. 7 ივნისს. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა სსკ-ს 369-ე მუხლზე, რადგან ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. სააპელაციო სასამართლოს არ გაურკვევია, დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილება გამოცხადდა თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ამ საკითხის გარკვევას კი მოცემულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 7 სექტემბრის განჩინებით მ. ქ.-ის სააპლაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო, რადგან აპელანტის გაშვებული ჰქონდა სსკ-ს 369-ე მუხლით გათვალისწინებული სააპელაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. ქ.-მ, რომლითაც მოითხოვა 2000წ. 7 სექტემბრის განჩინების გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო: 2000წ. 31 მაისს გამოცხადდა გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი, გადაწყვეტილების ასლი მ. ქ.-მა მიიღო 2000წ. 7 ივნისს. მას 7 ივლისამდე ჰქონდა უფლება. შეეტანა სააპელაციო საჩივარი. კერძო საჩივრის ავტორი ასევე აცხადებს, რომ ცვლილება დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადების შესახებ სსკ-ში შევიდა 2000წ. 28 ივნისს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 აპრილის განჩინებით მ. ქ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა დაუშვებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 7 სექტემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, 2000წ. 31 მაისს სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. ქ.-ის სარჩელი. გადაწყვეტილებით ასევე დაკმაყოფილდა ი. ქ.-ის და მესამე პირების: ნ., ლ., ი. ქ.-ების შეგებებული სარჩელი და ისინი ცნობილ იქნენ სადავო ქონების 1/7-ის მესაკუთრედ. სხდომის ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ მ. ქ.-ი ესწრებოდა სასამართლოს სხდომას და გადაწყვეტილების გამოცხადებას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით არ ირკვევა, რომ გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ამდენად მ. ქ.-ს სააპელაციო საჩივარი უნდა შეეტანა სსკ-ს 369-ე მუხლის თანახმად 2000წ. 30 ივნისს. მან კი სააპელაციო საჩივარი შეიტანა 3 ივლისს, რითაც დაარღვია სსკ-ს 369-ე მუხლის მოთხოვნა. პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ მას 7 ივნისს ჩაბარდა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი და ამდენად, გასაჩივრების ვადა სსკ-ს 369-ე მუხლის (2000წ. 28 ივნისის რედაქციით) ჰქონდა 2000წ. 7 ივლისამდე და რომ ცვლილება აღნიშნულ მუხლში შევიდა 2000წ. 28 ივნისს. პალატა მიიჩნევს, რომ ფაქტობრივი გარემოება იმისა, რომ გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, კერძო საჩივრის ავტორმა ვერ დაასაბუთა. გარდა ამისა, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიც რომ გამოცხადებულიყო სსკ-ს 435-ე მუხლის თანახმად სამოქალაქო საქმეების წარმოება სასამართლოში ხორციელდება სამოქალაქო საპროცესო კანონებით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების დროს მოცემულ შემთხვევაში მ. ქ.-ს უნდა შეესრულებინა საპროცესო მოქმედება _ გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრება 2000წ. 1 ივნისამდე საპროცესო ნორმებით. ცვლილება, რომელიც შევიდა სსკ-ს 369-ე მუხლში და რომელმაც გაითვალისწინა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას ერთთვიანი ვადის ათვლა გადაწყვეტილების მხარისათვის დაბრუნების მომენტიდან მიღებულ იქნა 2000წ. 28 ივნისს, მაგრამ ძალაში შევიდა 2000წ. 13 ივლისს. ამდენად, ვადა გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდანაც რომ ავთვალოთ, იგი 2000წ. 7 ივნისს მთავრდება, ხოლო ცვლილების ძალაში შესვლის დროისათვის 2000წ. 13 ივლისისათვის გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკვე კანონიერ ძალაში იყო შესული.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ქ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 7 სექტემბრის გასაჩივრებული განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.