დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ 3კ-813-02 ¹ 3კ-813-02 20 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),მ. გოგიშვილი,რ. ნადირიანი
დავის საგანი: განჩინებაში დაშვებული უსწორობისა და არითმეტიკული შეცდომების გასწორება.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 28 სექტემბრის განჩიებით დ. ჩ.-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე დატოვებულ იქნა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებლის მიერ გაშვებული იყო სსკ-ს 426-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ვადა.
რაიონული სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 20 თებერვლის განჩინებით არ იქნა დაკმაყოფილებული.
2002წ. 14 მარტს დ. ჩ.-ის რწმუნებულმა ნ. ჩ.-ემ განცხადება შეიტანა თბილისის საოლქო სასამართლოში სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 20 თებერვლის განჩინებაში დაშვებულ უსწორობათა და არითმეტიკულ შეცდომათა გასწორების შესახებ.
განმცხადებლის მოსაზრებით, განჩინებაში არასწორად არის გადმოცემული ფაქტები, რომლის გამოც არასწორი განჩინება იქნა გამოტანილი. კერძოდ, განჩინებაში აღნიშნულია, რომ თითქოს 1998წ. 20 ნოემბრის გადაწყვეტილების შესახებ დ. ჩ.-ისათვის იმთავითვე იყო ცნობილი, რაც არასწორია; განჩინებაში არასწორად არის აღნიშნული ჩ.-ის მიერ საქმის წარმოების განახლებაზე განცხადების სასამართლოში შეტანის თარიღი 1998წ. 20 ივლისი, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა 1998წ. 20 აგვისტო და განცხადების ხელმეორედ შეტანის ვადა 1998წ. 8 დეკემბერი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 29 მარტის განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 თებერვლის განჩინების სამოტივაციო ნაწილში საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის თარიღი 1998 წელი შესწორდა 1999 წლად, ხარვეზის შესავსებად ვადის მიცემის თარიღი 1998 წელი შესწორდა 1999 წლად, ხოლო განცხადების ხელახალა შეტანის თარიღი ასევე შესწორდა 1999 წლად. დანარჩენ ნაწილში განჩინების შესწორებაზე განმცხადებელს უარი ეთქვა. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2002წ. 29 მარტის განჩინებაში დაშვებულ იქნა არითმეტიკული შეცდომები, რის გამოც გამოასწორა ისინი. რაც შეეხება იმ გარემოებების დადგენას, თუ როდის გახდა ჩ.-ისათვის ცნობილი ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1998წ. 20 ნოემბრის გადაწყვეტილების არსებობის შესახებ, უწყებაზე ვინ მოაწერა ხელი და როდის, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნულ ფაქტებს შეფასება მიეცა სააპელაციო პალატის 2001წ. 14 ივნისის განჩინებით, რომელიც ჩ.-ეს არ გაუსაჩივრებია საკასაციო წესით და კანონიერ ძალაშია შესული.
ნ. ჩ.-ემ სააპელაციო პალატის განჩინებაზე შეიტანა საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და განცხადების მთლიანად დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 1 მაისის განჩინებით ნ. ჩ.-ის კერო საჩივარი ცნობილ იქნა დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ არის დასაშვები შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ს 419-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 20 თებერვლის განჩინებით არ იქნა დაკმაყოფილებული დ. ჩ.-ის კერძო საჩივარი. ეს განჩინება წარმოადგენდა ზემდგომი სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის თაობაზე მიღებულ განჩინებას, რომელიც აღარ საჩივრდება. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 29 მარტის განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 თებერვლის განჩინების სამოტივაციო ნაწილი შესწორებული იქნა მასში დაშვებული აშკარა არითმეტიკული შეცდომების გამო. საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან დაუშვებელია 2002წ. 20 თებერვლის განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა, ასევე დაუშვებლად უნდა იყოს მიჩნეული 2002წ. 29 მარტის განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივარი, ვინაიდან ამ განჩინებით შესწორდა თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 20 თებერვლის განჩინებაში დაშვებული უსწორობანი და აშკარა არითმეტიკული შეცდომები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ნ. ჩ.-ის კერძო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ჩ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს დაუშვებლობის გამო. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 29 მარტის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.