გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
3კ-815-02 3კ-815-02 20 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ლ. გოჩელაშვილი,მ. წიქვაძე
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით ჯ. მ.-ის და ნ. ლ.-ის სარჩელი ტურისტული ფირმა შპს “...-ს” მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდა.
შპს “...-ს” ჯ. მ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 5,421 ლარისა და 6 თეთრის ოდენობით, ხოლო ნ. ლ.-ის სასარგებლოდ 5820 ლარისა და 36 თეთრის ოდენობით. მასვე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 135 ლარისა და 53 თეთრის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს “...-მ”.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 16 მარტის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად, კერძოდ ბაჟის გადასახდელად, მიეცა ვადა იმავეწ. 13 აპრილამდე.
2001წ. 13 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ბაჟის გადაუხდელობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული.
2002წ. 7 მაისს შპს “...-ს” პრეზიდენტმა ი. ბ.-მ განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება და მისი სააპელაციო საჩივრის განხილვა შემდეგი მოტივებით: მან 11 აპრილს საოლქო სასამართლოში წარადგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრები, მაგრამ სასამართლოს თანამშრომელთა დაუდევრობის გამო ისინი დაიკარგა, რაც მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა ბაჟის გადაუხდელობის გამო. ი. ბ.-მ 10 მაისს, წარადგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის საბანკო ქვითრების დედნების ასლები. აღნიშნულის გამო საოლქო სასამართლოს მიერ გამოთხოვილ იქნა საქმე რაიონული სასამართლოდან. 2002წ. 4 ივნისს ი. ბ.-მ კერძო საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა 2001წ. 13 აპრილის განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი საპროცესო ვადის დარღვევის გამო დაუშვებლად იქნა მიჩნეული და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები კერძო საჩივრის ფარგლებში და თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე სააპელაციო წესით განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 285-ე მუხლი ადგენს განჩინების შინაარსს, კერძოდ “ზ” ქვეპუნქტით განჩინებაში უნდა აღინიშნოს განჩინების გასაჩივრების წესი და ვადა. სააპელაციო სასამართლოს 2001წ. 13 აპრილის განჩინებაში არ არის მითითებული მისი გასაჩივრების ვადა. ამასთან, სსკ-ს 286-ე მუხლის თანახმად მხარეებს, რომლებიც არ ესწრებიან განჩინების გამოცხადებას, ეგზავნებათ განჩინების ასლები საქმის წარმოების შეწყვეტის, სარჩელის (საჩივრის) განუხილველად დატოვებისა თუ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ მისი გამოტანიდან არა უგვიანეს 5 დღისა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება არ გაეგზავნა კანონით დადგენილი წესის მიხედვით. მართალია, საქმეში არის საფოსტო განყოფილებიდან მიღებული შეტყობინება სასამართლოს მიერ გაგზავნილი დოკუმენტის ჩაბარების შესახებ, მაგრამ მასზე მითითებულია არა შპს “...-ს” იურიდიული მისამართი, არამედ წარმომადგენლის საცხოვრებელი ბინის მისამართი და ისიც არასწორად, ... II მ/რ-ის ნაცვლად განჩინების ასლი გაგზავნილია ... III მ/რ ბინაში.
საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ შპს “...-ს” წარმომადგენელი (დირექტორი) ი. ბ.-ის საცხოვრებლი მისამართია _ თბილისი, ... IIმ/რ ბინა; კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი არის სახელმწიფო ბაჟის ქვითრების ასლი, რომელიც გადახდილია 2001წ. 11 აპრილს. ე.ი სასამართლოს მიერ დანიშნული საპროცესო ვადის დაცვით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო ნორმები, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “...-ს” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 13 აპრილის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.