გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 13.09.2002
საქმის ნომერი
3კ/940-02
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
13.09.2002

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

3კ-940-02 13 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი,მ. წიქვაძე

დავის საგანი: პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 23 აპრილის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ. კ.-ის სასარჩელო მოთხოვნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ. ეს გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ აპელანტს გაშვებული ჰქონდა სააპელაციო წესით გასაჩივრების ერთთვიანი ვადა.

მოსარჩელემ ამ განჩინებაზე შეიტანა კერძო საჩივარი, რომელიც დაუსაბუთებლობის გამო სასამართლომ არ დააკმაყოფილა და საქმის მასალებთან ერთად გადაუგზავნა უზენაეს სასამართლოს.

კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება. მიმართა საოლქო სასამართლოს, რომელმაც ასევე უკანონო განჩინებით სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველი. მოითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას და საქმის არსებითად განხილვას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

მოცემულ საქმეზე მოპასუხე ქუთაისის სოცუზრუნველყოფის ფონდი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რის გამოც დავა უნდა ჩაითვალოს ადმინისტრაციულად და მისი გადაწყვეტა უნდა მოხდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესების თანახმად.

“საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად ადმინისტრაციულ დავებს საოლქო სასამართლოებში იხილავენ ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატები.

ადმინისტრაციულ დავათა განხილვის წესი არსებითად განსხვავდება სამოქალაქო დავათა განხილვის პროცედურისაგან. დავის ადმინისტრაციული ხასიათი, საჯარო ინტერესები განაპირობებს მხარის ნების პრიმატის და დისპოზიციურობის შეზღუდვას.

ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულებათა წარმოსადგენად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით მტკიცებულებებს სასამართლოს წარმოუდგენენ მხარეები. სასამართლო თავისი ინიციატივით არ იღებს გადაწყვეტილებას დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოდგენის შესახებ.

როდესაც ადმინისტრაციულ დავას იხილავს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა სამოქალაქო საპროცესო ნორმების საფუძველზე ირღვევა კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციულ დავათა განხილვის უმთავრესი პრინციპი და დავა წყდება იმ აუცილებელი ნორმების გამოყენებისა და გათვალისწინების გარეშე რაც ადმინისტრაციულ საქმეთა სასამართლო წარმოებას სამოქალაქო საქმეთა წარმოებისაგან განასხვავებს.

პალატა თვლის, რომ საპროცესო ნორმების ამგვარი დარღვევა წარმოადგენს ისეთ დარღვევას, რომელსაც შედეგად შეიძლება მოჰყვეს საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება.

ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო არ იყენებს იმ საპროცესო ნორმებს, რომლებიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების კანონიერების და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 4 ივლისის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.