დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 29.03.2005
საქმის ნომერი
ას-1006-1271-04
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
29.03.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1006-1271-04 ას-1006-1271-04 29 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),მ. სულხანიშვილი (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 27 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ბ. ლ-ის სასარჩელო განცხადება და მოპასუხე დ. მ-ა მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნა ბ. ლ-ის საკუთრებაში არსებული, მდებარე ქ. თბილისში, ........ კორპუსში მდებარე ¹17 ბინიდან.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. მ-ამ და მოითხოვა 2004წ. 27 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის ხელახლა განხილვა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 15 ივლისის განჩინებით აპელანტ დ. მ-ას მიეცა 10 დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის _ 122 ლარის გადასახდელად.

2004წ. 23 ივლისს დ. მ-ამ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება იმ მოტივით, რომ მას ჰყავს სტუდენტი ქალიშვილი, მისი მეუღლე არის აფხაზეთის ომის ვეტერანი, ხოლო თავად აპელანტი კი უმუშევარია.

სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 26 ივლისის განჩინებით დ. მ-ას უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟისგან განთავისუფლების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ამასთან, გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეუმცირდა 30 ლარამდე და გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღით. მიუხედავად ამისა, დ. მ-ამ არ შეავსო ხარვეზი და განმეორებით იშუამდგომლა სააპელაციო პალატის წინაშე სახელმწფიო ბაჟის გადახდის გადადების თაობაზე იმავე საფუძვლით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 აგვისტოს განჩინებით დ. მ-ას მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2004წ. 6 სექტემბერს დ. მ-ამ კერძო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 16 აგვისტოს განჩინებაზე, წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის _ 30 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ, მართალია, თბილისის საოლქო სასამართლომ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა და შეუმცირა სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 30 ლარამდე, მაგრამ სასამართლოს მიერ მეორედ განსაზღვრულ ვადაში მან ვერ გამოასწორა ხარვეზი, რადგან ფული არ ჰქონდა და დასჭირდა დრო სესხებისათვის. ამჟამად კი სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა და, მისი აზრით, განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ უნდა გაუქმდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 სექტემბრის განჩინებით დ. მ-ას უარი ეთქვა კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სააპელაციო პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ დ. მ-ას მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს კერძო საჩივარზე გადახდილად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, განიხილა კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ დ. მ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება.

ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ აპელანტმა დ. მ-ამ, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა, შეამცირა სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი 30 ლარამდე და გაუგრძელა ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა, ხარვეზი არ გამოასწორა, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხადა დადგენილ ვადაში და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წარმოადგინა კერძო საჩივართან ერთად.

სამოქალაქო საპროცდესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 16 აგვისტოს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დ. მ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 აგვისტოს და 10 სექტემბრის განჩინებები.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.