გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 31.10.2005
საქმის ნომერი
ას-1020-1277-05
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
31.10.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1020-1277-05 31 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ახალაძე

დავის საგანი: ქონებიდან წილის გამოყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

2005წ. 24 თებერვალს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრეს ნ. და ნა. მ.-ებმა ლ. კ.-ას მიმართ და მოითხოვეს ქ.ზუგდიდში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლიდან რეალური წილის გამოყოფა.

მოპასუხემ ქონების ნატურით გაყოფაზე თანხმობა განაცხადა და მოითხოვა მისთვის ნატურით ¹1 და ¹4 ოთახების მიკუთვნება.

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს 2005წ. 7 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდაბ _ ლ. კ.-ას მიეკუთვნა ქ.ზუგდიდში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე ¹1 და ¹4 ოთახები. აღნიშნული საცხოვრებელი სახლის დარჩენილი ოთახები მიეკუთვნათ ნა. და ნ. მ.-ებს. საკარმიდამო მიწის ნაკვეთი გაიყო თანაბარ ნაწილად: ნაკვეთის მარცხენა ნახევარი (კიბის მხარე) მიეკუთვნათ ნა. და ნ. მ.-ებს, მარჯვენა ნახევარი _ ლ. კ.-ას.

რაიონული სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. და ნა. მ.-ებმა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 აპრილის განჩინებით ნ. მ.-ა, როგორც ინვალიდი, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა და მისი სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ხოლო ნა. მ.-ას დაუდგინდა ხარვეზი მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად _ სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად. ხსენებული განჩინების ასლი აპელანტს გაეგზავნა 2005წ. 28 აპრილს, თუმცა მხარეს იგი არ ჩაბარებია. საფოსტო განყოფილების ცნობით, ადრესატი მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 მაისის განჩინებით სსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილისა და 374-ე მუხლის თანახმად, ნ. მ.-ას სააპელაციო საჩივარი, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, დარჩა განუხილველი. პალატამ მიუთითა, რომ აპელანტს ხარვეზის შესახებ განჩინება გაეგზავნა სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე, თუმცა იქ ადრესატი არ ცხოვრობს, ნ.მ.-ას შეცვლილი მისამართი სასამართლოსათვის არ შეუტყობინებია, ამდენად, სასამართლო გზავნილი მიჩნეულ იქნა ჩაბარებულად.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე ნა. მ.-ამ შეიტანა კერძო საჩივარი. მან მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 13 მაისის განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა. მხარის განმარტებით, მას საცხოვრებელი მისამართი არ შეუცვლია, რასაც ადასტურებს ზუგდიდის ქალაქის მართვის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობით. კერძო საჩივარს დაერთო სახელმწიფო ბაჟის _ 30 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 ივნისის განჩინებით ნ.მ.-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა რა საქმის მასალები მიაჩნია, რომ ნა. მ.-ას კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 აპრილის განჩინებით ნა. მ.-ას სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და მხარეს დაევალა მითითებული განჩინების ჩაბარებიდან შვიდ დღეში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა. ხსენებული განჩინების ასლი აპელანტს გაეგზავნა საქმის მასალებში მითითებულ მისამართზე _ ქ.ზუგდიდში, ... 2005წ. 28 აპრილს, თუმცა მხარეს იგი არ ჩაბარებია. საფოსტო განყოფილების ცნობით, ადრესატი მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობს.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 76-ე მუხლი, რომლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან, აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივარზე თანდართული, ზუგდიდის ქალაქის მართვის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2005წ. 6 ივნისს გაცემული ¹149 ცნობით ირკვევა, რომ ნა. მ.-ა ნამდვილად ცხოვრობს ქ.ზუგდიდში, .... ამდენად, ნ. მ.-ას საცხოვრებელი მისამართი არ შეუცვლია, რაც სააპელაციო სასამართლოს კანონის მოთხოვნათა დაცვით არ შეუფასებია.

სსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დროსა და ადგილზე. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 მაისის განჩინება კანონშეუსაბამოა და ნა. მ.-ას სააპელაციო საჩივარი არასწორად დარჩა განუხილველი, ვინაიდან მას სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 18 აპრილის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ნა. მ.-ას კერძო საჩივარი გასაჩივრებული განჩინებების გაუქმების ნაწილში საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება. რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას, ამ ნაწილში საქმე უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ნა. მ.-ას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნა. მ.-ას კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 მაისისა და 13 ივნისის განჩინებები და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ნა. მ.-ას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.