დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 29.03.2005
საქმის ნომერი
ას-1120-1358-04
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
29.03.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1120-1358-05 ას-1120-1358-05 29 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. სულხანიშვილი

სარჩელის საგანი: თანხის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 15 სექტემბერს შპს “ც-ის” შრომითი კოლექტივის წარმომადგენელმა ზ. ა-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. მ-ის მიმართ თანხის ანაზღაურების შესახებ. მოსარჩელის განმარტებით, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2002წ. 23 მარტის გადაწყვეტილებით შპს “ც-ას” შრომითი კოლექტივის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 26742 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ვერ აღსრულდა მოპასუხის გადახდისუუნარობის გამო, რის შესახებაც შედგა შესაბამისი დოკუმენტი, ხოლო 2003წ. 27 იანვრის აქტით მოსარჩელეებს მოპასუხის ქონება ნატურით გადაეცათ. მხარის მითითებით, ამავე წლის 28 იანვარს მოპასუხე რ. მ-სა და მოსარჩელეთა წარმომადგენელ ზ. ა-ეს შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმად, რ. მ-მა სახელფასო დავალიანების დაფარვის ვალდებულება შრომითი კოლექტივისათვის ნატურით გადაცემული ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით იკისრა. მოსარჩელემ მოითხოვა გადაუხდელი დავალიანების _ 4370 ლარის ანაზღაურება.

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2004წ. 6 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც რ. მ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების სააპელაციო პალატის 2004წ. 7 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა ამავე წლის 18 ივნისს, 11.00 საათზე, რის შესახებ ეცნობათ მხარეებს. აღნიშნულ სხდომაზე გამოცხადდა მხოლოდ აპელანტი რ. მ-ი. მოწინააღმდეგე მხარისათვის უწყების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის გამო საქმის განხილვა გადაიდო 2004წ. 15 ივლისის 11 საათვისათვის, რის შესახებ რ. მ-ს ეცნობა საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელწერილით. მასვე ეცნობა გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ. დანიშნულ დროს სასამართლო სხდომაზე მხარეები არ გამოცხადდნენ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების სააპელაციო პალატის 2004წ. 15 ივლისის განჩინებით, სსკ-ის 372-ე და 231-ე მუხლების საფუძველზე, რ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ განჩინებაზე რ. მ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და განმარტა, რომ სხდომაზე ვერ გამოცხადდა ავადმყოფობის გამო. აღნიშნულის დამადასტურებლად მხარემ წარმოადგინა 2004წ. 19 ივლისის სამტრედიის საავადმყოფოს მიერ გაცემული ცნობა მისი მწვავე რესპირატორული დაავადების შესახებ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაქუმება და საქმის წარმოების განახილება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების სააპელაციო პალატის 2004წ. 5 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კერძო საჩივრით არ ირკვევა, რ. მ-მა სასამართლოს თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ რის გამო არ შეატყობინა. პალატამ აღნიშნა, რომ ცნობის თანახმად, ავადმყოფს წოლითი რეჟიმი დანიშნული არ ჰქონდა და საჭიროებდა მხოლოდ ამბოლატორიულ მკურნალობას, რაც სადავო გარემოების სასამართლოსათვის შეტყობინების საშუალებას მას არ უსპობდა. სააპელაციო სასამართლომ ეჭვქვეშ დააყენა წარმოდგენილი ცნობის წარმომავლობა, რადგან იგი წარმოადგენდა 1961წ. ნიმუშის ბლანკს, არ შეიცავს ცნობის გამცემი სამედიცინო დაწესებულების ზუსტ დასახელებასა და რეკვიზიტებს, აგრეთვე, მითითებას რ. მ-ის სამუშაო ადგილის თაობაზე, რომლის შესახებ გრაფას შეიცავს ცნობის ბლანკი. პალატამ მიიჩნია, რომ რ. მ-ემ, სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზის გამო, სსკ-ის 102-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 103-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისი, გამოუცხადებლობის დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2004წ. 6 თებერვლის გადაწყვეტილება რ. მ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების სააპელაციო პალატის 2004წ. 7 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა ამავე წლის 18 ივნისს, 11.00 საათზე, რის შესახებ ეცნობათ მხარეებს. აღნიშნულ სხდომაზე გამოცხადდა მხოლოდ აპელანტი რ. მ-ი. მოწინააღმდეგე მხარისათვის უწყების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის გამო საქმის განხილვა გადაიდო 2004წ. 15 ივლისის 11 საათვისათვის, რის შესახებ რ. მ-ს ეცნობა საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელწერილით. მასვე ეცნობა გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ, თუმცა დანიშნულ დროს სასამართლო სხდომაზე არც ერთი მხარე არ გამოცხადდა. აღნიშნულის გამო სააპელაციო პალატამ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველი.

საკასაციო პალატას მიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა სსკ-ის 231-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა არც ერთი მხარე, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ასევე, 372-ე მუხლი, რომლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ რ. მ-ს სხდომის თარიღი კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა, თუმცა იგი პროცესზე არ გამოცხადდა.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ რ. მ-ის მიერ წარმოდგენილ სამტრედიის საავადმყოფოს მიერ გაცემულ ცნობას მისი მწვავე რესპირატორული დაავადების შესახებ სწორი შეფასება მისცა. აღნიშნული ცნობითა და წარმოდგენილი კერძო საჩივრით არ ირკვევა, რ. მ-მა სასამართლოს თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ რა მიზეზით არ შეატყობინა. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, ავადმყოფს წოლითი რეჟიმი დანიშნული არ ჰქონდა, იგი საჭიროებდა მხოლოდ ამბოლატორიულ მკურნალობას, რაც სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობის შესახებ სასამართლოსათვის შეტყობინების საშუალებას მას არ უსპობდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი კერძო საჩივრით წარმოდგენილი არ არის, რის გამოც იგი მართებულად არ დაკმაყოფილდა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 419-ე მუხლით და

დაადგინა:

რ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების სააპელაციო პალატის 2004წ. 15 ივლისისა და 2004წ. 5 ოქტომბრის განჩინებები მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.