დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1332-1457-04 31 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),თ. კობახიძე
დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 2004წ. 26 ივლისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. ფ-ას, ზ. გ-ასა და ი. ჩ-ას სარჩელი მოპასუხეების: სს „ნ-ი 1958-სა“ და შპს „წ-ის“ მიმართ სარჩოს დაკისრების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელეების წარმომადგენელმა ზ. თ-მა მოითხოვა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე საწარმოების დაყადაღება.
სააპელაციო პალატამ აპელანტის მოთხოვნა მიიჩნია დაუსაბუთებლად, ვინაიდან აპელანტი მოითხოვდა საწარმოთა დაყადაღებას და არა მათი ქონების. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები მოპასუხე საწარმოთა ქონებისა და გადაწყვეტილების აღსრულების შემაფერხებელი გარემოებების რეალურად არსებობის შესახებ და აღნიშნულზე არც საჩივარი შეიცავს შესაბამის მითითებას. სააპელაციო პალატამ გამოიყენა სსკ-ის 191-ე, 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და 2004წ. 30 სექტემბრის განჩინებით ზ. თ-ის სააპელაციო საჩივარში აღნიშნული მოთხოვნა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე საწარმოების დაყადაღების შესახებ არ დააკმაყოფილა.
სააპელაციო პალატის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. თ-მა. სააპელაციო პალატამ კერძო საჩივარი არ დააკმაყოფილა და საქმის მასალებთან ერთად გადააგზავნა უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ უნდა შეიცავდეს მითითებას: ა) იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა გამო უზრუნველყოფის ღონისძიებების მიუღებლობა გაართულებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას; ბ) მითითებას მოწინააღმდეგე მხარის იმ ქონებაზე ან ფულად სახსრებზე (ანგარიშებზე ბანკში და სხვა), რომელთა მიმართ უნდა მოხდეს უზრუნველყოფა და გ) მითითებას უზრუნველყოფის ღონისძიებებზე, რომლის გატარებაც განმცხადებელს მიაჩნია მიზანშეწონილად და გამართლებულად (სსკ-ის 191-ე მუხ.).
იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითება, რომლებიც ადასტურებენ ვარაუდს უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების აუცილებლობის შესახებ, ეკისრება განმცხადებელს.
კერძო საჩივრის ავტორი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების აუცილებლობის საფუძვლად მიუთითებს შპს „წ-ის“ მიერ „ნ-ი 58-ის“ აქციათა პაკეტის შეძენას. იგი მოითხოვს ორივე საწარმოს დაყადაღებას და არა მათი ქონების ან ფულადი სახსრების დაყადაღებას.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა განცხადება, რადგან განმცხადებელმა ვერ დაასაბუთა უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების აუცილებლობა. „საწარმო“ არის პირთა და ქონების ორგანიზაციულ-ეკონომიკური ერთიანობა. საწარმოს მიეკუთვნება ასევე მუშა-მოსამსახურეთა საქმიანობაც, არამატერიალური ფასეულობანიც. საწარმოს ცნება მოიცავს მატერიალურ ფასეულობებს (მაგ. მიწის ნაკვეთი, ფული, საქონელი, შენობა-ნაგებობები და სხვა), აგრეთვე, ვალდებულებებს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საწარმოს დაყადაღება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კანონი არ ითვალისწინებს ღონისძიების ასეთ სახეს, ქონების ან ფულადი სახსრების დაყადაღებას კი განცხადებელი არ მოითხოვდა. რაც შეეხება აქციათა პაკეტის გასხვისებას, აქციათა პაკეტის გასხვისებით ხდება პარტნიორის შეცვლა, ხოლო პარტნიორის შეცვლა საზოგადოებაში გადაწყვეტილების აღსრულებას ხელს არ შეუშლის. ამდენად, უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების აუცილებლობა განმცხადებლის მიერ ვერ დასტურდება. კერძო საჩივრის ავტორი ვერ მიუთითებს იმ სამართლებრივ ნორმაზე, რომლის საფუძველზეც მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ფ-ას, ზ. გ-ასა და ი. ჩ-ას წარმომადგენელის _ ზ. თ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 30 სექტემბრის განჩინება.