დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1353-1482-04 16 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ახალაძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 17 მაისს “......... ფონდმა” სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. უ-ას მიმართ ბინიდან გამოსახლების შესახებ. მოსარჩელის განმარტებით, იგი იყო ქ. თბილისში, ...... მდებარე ¹79 ბინის მესაკუთრე, რომელშიც მოპასუხე თავის ოჯახთან ერთად შეიჭრა უნებართვოდ და არ ათავისუფლებს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი მრავალშვილიანი დედაა და სხვა საცხოვრებელი ბინა არ გააჩნია.
ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2004წ. 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და ე. უ-ა თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლდა სადავო ბინიდან.
რაიონული სასამართლოს ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაზე შეტანილ სააპელაციო საჩივარში ე. უ-ამ მიუთითა მხოლოდ იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და სთხოვს სასამართლოს აღნიშნულის განხილვას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 12 ოქტომბრის განჩინებით აპლენატს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადა სსკ-ის 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი დასაბუთებული სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის _ 30 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად. საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, ე. უ-ამ ხარვეზის შესახებ განჩინება 2004წ. 28 ოქტომბერს პირადად ჩაიბარა. ამავე წლის 4 ნოემბერს მან განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას, მძიმე ეკონომიკური პირობების გამო, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადების მოთხოვნით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 8 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. პალატამ მიუთითა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტმა ხარვეზი არ გამოასწორა. პალატის განმარტებით, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ე. უ-ას გათავისუფლების შემთხვევაშიც სააპელაციო საჩივარი დასაშვებად ვერ იქნებოდა მიჩნეული, რადგან მხარემ არ გამოასწორა ხარვეზი სსკ-ის 368-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი საჩივრის წარმოდგენის შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ განჩინებაზე ე. უ-ამ შეიტანა კერძო საჩივარი, რომლითაც მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ მისი ოჯახი სადავო ბინიდან გამოასახლა არასწორად, რადგან მას ჰყავდა მცირეწლოვანი შვილები, სხვა საცხოვრებელი არ გააჩნდა, ხოლო ქ. თბილისის მერიამ არ შეასრულა დანაპირები ბინით უზრუნველყოფის თაობაზე. მხარის აზრით, სააპელაციო პალატას უნდა გაეთვალისწინებინა მისი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გაეთავისუფლებინა იგი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 ნოემბრის განჩინებით სასამართლომ სრულად გაიზიარა გასაჩივრებული განჩინების მოტივაცია და კერძო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ დააკმაყოფილა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა რა საქმის მასალები, თვლის, რომ ე. უ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2004წ. 3 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე შეტანილ სააპელაციო საჩივარში ე. უ-ამ მიუთითა მხოლოდ იიმაზე, რომ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და სთხოვს სასამართლოს აღნიშნული განიხილოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 12 ოქტომბრის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადა სსკ-ის 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი დასაბუთებული სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის _ 30 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად. საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, ე. უ-ამ ხარვეზის შესახებ განჩინება 2004წ. 28 ოქტომბერს პირადად ჩაიბარა. ამავე წლის 4 ნოემბერს მან განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას, მძიმე ეკონომიკური პირობების გამო, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადების მოთხოვნით.
სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმით გათვალისწინებულ ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
მოცემულ შემთხვევაში ე. უ-ამ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ, დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარმოუდგენლობის პირობებში, მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება სააპელაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევის საფუძველი ვერ გახდებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ე. უ-ას კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, მართებულად არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 419-ე მუხლით და
დაადგინა:
ე. უ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 და 29 ნოემბრის განჩინებები მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.