დატოვებულია განუხილველად
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-1410-1627-05 18 მაისი, 2006
ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),თ. თოდრია (მომხსენებელი),რ. ნადირიანი
დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. ზ-ძემ სასარჩელო განცხადება შეიტანა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში ლ. ს-შვილის წინააღმდეგ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მხარეებს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მან მოპასუხეს მიჰყიდა საცხოვრებელი სახლი. ლ. ს-შვილს უნდა გადაეხადა 5500 აშშ დოლარი, მან კი მხოლოდ 1500 აშშ დოლარი გადაიხადა. მოსარჩელემ მოითხოვა დარჩენილი 4000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 9 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი თ. ზ-ძესა და ლ. ს-შვილს შორის 2003წ. 24 ივლისს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. ლ. ს-შვილი თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლდა ქ.თბილისში, ... ¹24-ში მდებარე ბინიდან. აღნიშნული ბინა გადაეცა თ. ზ-ძეს. მასვე დაეკისრა 2500 აშშ დოლარის გადახდა ლ. ს-შვილის სასარგებლოდ.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ლ. ს-შვილის წარმომადგენელმა თინათინ ფხოველიშვილმა.
ვინაიდან სააპელაციო საჩივარზე ბაჟი არ იყო გადახდილი და სააპელაციო საჩივარი არაუფლებამოსილმა პირმა შეიტანა, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2005წ. 6 ივლისის განჩინებით აპელანტს მისცა ვადა ხარვეზის შესავსებად.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 26 სექტემბრის განჩინებით ლ. ს-შვილის წარმომადგენელ თინათინ ფხოველიშვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ლ. ს-შვილმა და მიუთითა, რომ მას ხარვეზის განჩინება არ ჩაჰბარებია. 2005წ. 26 სექტემბრის განჩინება კი ჩაჰბარდა 2005წ. 24 ოქტომბერს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 14 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და, შემდგომი განხილვის მიზნით, გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ კერძო საჩივარი შეტანილია გასაჩივრებისათვის დადგენილი 12 – დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, რის გამოც კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ლ. ს-შვილის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო: სსკ-ის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
დადგენილია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 26 სექტემბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ლ. ს-შვილს ჩაჰბარდა 2005წ. 24 ოქტომბერს. მან კერძო საჩივარი შეიტანა 2005წ. 10 ნოემბერს. ლ. ს-შვილი მიუთითებს, რომ აღნიშნული განჩინება მას ჩაჰბარდა 2005წ. 24 ოქტომბერს, ე.ი. კერძო საჩივარი შეტანილი იქნა განჩინების გამოტანიდან 17 დღის შემდეგ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კერძო საჩივარი შეტანილია კერძო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 12 –დღიანი ვადის გასვლით, რის გამოც კერძო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. ს-შვილის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 26 სექტემბრის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.