გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 20.04.2004
საქმის ნომერი
ას-231-535-04
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
20.04.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-231-535-04 20 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),მ. სულხანიშვილი,ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: თანხის გადახდევინება.

აღწერილობითი ნაწილი:

შპს “ვ-ის” დირექტორმა ზ. ფ-მა 1998წ. 17 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე სს “ ... ბანკისაგან” სესხის სახით მიიღო 30000 ლარი და 18000 აშშ დოლარი, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკისა და გირავნობის ხელშეკრულებით დაიტვირთა 287800 ლარად ღირებული შპს “ვ-ის” კუთვნილი 18 დასახელების უძრავ- მოძრავი ქონება. მოპასუხე შპს “ვ-ის” მიერ ვალის დროულად გადაუხდელობის გამო, 1999წ. 17 მარტის მდგომარეობით დავალიანებამ სულ შეადგინა 109933 ლარი. ვინაიდან ზ. ფ-მა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და სავსებით უსაფუძვლოდ უარი თქვა ვალის ნებაყოფლობით გადახდაზე, ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 1999წ. 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით იპოთეკით დატვირთული უძრავი და გირაოში ჩადებული მოძრავი ქონების იძულებით აუქციონზე გაყიდვა დაევალა სასამართლოს აღმასრულებელს – მ. ქ-სა და სპეციალიტ გ. ე-ეს. 2000წ. 25 აპრილს ჩატარებული აუქციონი არშემდგარად იქნა მიჩნეული პოტენციურ მყიდველთა გამოუცხადებლობის გამო.

სს “ ... ბანკის” ლიკვიდატორის რწმუნებულმა ი. გ-ამ 2002წ. 6 ნოემბერს სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “ვ-ის”, ლანჩხუთის რაიონის გამგეობის, ექსპერტ გ. ე-ის, გურიის სააღსრულებო ბიუროს მიმართ და მოთხოვა შპს “ვ-ისაგან” ვალის დაბრუნება, მოპასუხეების მიერ მიყენებული მატერიალური ზიანის სოლიდარულად გადახდა.

მოსარჩელის განცხადებით, მოპასუხეებმა მ. ქავზანაძემ და გ. ე-ემ, მესაკუთრე ზ.ფ-ისადმი მიკერძოების გამო, სს “ ... ბანკისაგან” მალულად და მისი მონაწილეობის გარეშე არაჯეროვნად მოახდინეს 2000წ. 10 მაისის იპოთეკით დატვირთული ქონების განმეორებითი აუქციონისათვის კანონით გათვალისწინებული ჩამოფასება, რაც იმაში გამოიხატა, რომ ნაცვლად კანონით დადგენილი 30%-ისა, ჩამოაფასეს ნაკლები ოდენობის ანუ 7 დასახელების უძრავ-მოძრავი ქონება 267800 ლარიდან მხოლოდ 213000 ლარამდე, ხოლო 11 დასახელების უძრავ-მოძრავი ქონება საერთოდ არ ჩამოუფასებიათ.

მოსარჩელის მითითებით, განმეორებითი აუქციონისათვის ჩამოფასებას მხოლოდ ექსპერტი აწარმოებს, ამასთან სასამართლოს არასპეციალისტ აღმასრულებელ ქავზინაძისათვის ჩამოფასება არ დაუვალებია და ამას კანონიც არ ითვალისწინებს. აუქციონის არაჯეროვანი ჩატარება იმაშიც მდგომარეობს, რომ 2000წ. 6 ივნისს განმეორებით დანიშნულ აუქციონზე არც აღმასრულებელი მ. ქ-, არც ექსპერტი გ. ე-ე და არც მესაკუთრე ზ. ფ-ი არ გამოცხადებულან. მოსარჩელის აზრით, მათ შეგნებულად ჩაშალეს გამოცხადებული აუქციონი.

მოსარჩელის აზრით, სასამართლოს მიერ დანიშნულმა ექსპერტმა გ.ე-ემ და აღმასრულებემა ქ-მ, ზ. ფ-ის წაქეზებით, იძულებითი აუქციონის ჩატარებისას არ შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობები, რამაც სს “ ... ბანკს” ყოველთვიურად 5%-ის დამატებითი შემოსავალი დაუკარგა, კერძოდ, ბანკს 170596 ლარის მატერიალური ზიანი მიადგა. ამასთან, აუქციონის არაჯეროვნად ჩამტარებელ პირებთან ერთად სოლიდარულად პასუხისმგებელია სახელმწიფოც და იმის გამო, რომ ბიუჯეტიდან გადახდილ თანხას რაიონში ანაწილებს გამგეობა, მოსარჩელე მოითხოვს გამგეობამაც სოლიდარულად აგოს პასუხი სხვა მოპასუხეებთან ერთად.

ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 29 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელს დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სს “ ... ბანკის” ლიკვიდატორის რწმუნებულმა ი. გ-ამ შეიტანა სააპელაციო საჩივარი.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწამეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით შეტანის გამო.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 20 იანვრის განჩინება სს “ ... ბანკის” ლიკვიდატორმა ა. ქ-ამ გაასაჩივრა კერძო საჩივრით, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ საქმე საოლქო სასამართლოს უნდა განეხილა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ვინაიდან მოპასუხე მხარეს წარმოადგენენ ლანჩხუთის რაონის გამგეობა და გურიის სააღსრულებო ბიურო. სასამართლოს მიერ არ იქნა შემოწმებული და სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ დავაში შპს “ვ-ასთან” ერთად თანამონაწილეებად არიან გურიის სააღსრულებო ბიურო, ლანჩხუთის გამგეობა და ექსპერტი, რომლებიც ადმინისტრაციულ ორგანოებს განეკუთვნებიან, მაგრამ დავის არსი არ შეიძლება შეიცვალოს პროცესში მონაწილე სუბიექტთა წრის მიხედვით, რადგან სამართალწარმოების წესის დასადგენად განმსაზღვრელია მოთხოვნა (დავის საგანი), რაც მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს შპს “ვ-ასაგან” ვალის იძულებით გადახდევინებას, ე.ი დავა სამოქალაქო-სამართლებრივია.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ 2002წ. 6 ნოემბერს ლანჩხუთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების _ ექსპერტ გ. ე-ის, გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის, ლანჩხუთის რაიონის გამგეობისა და შპს “ვ-ას” მიმართ შეტანილი სარჩელით სს “ ... ბანკის” ლიკვიდატორის წამომადგენელმა ი. გ-ამ მოითხოვა სს “ ... ბანკისთვის” მიყენებული მატერიალური ზიანის – 170596 ლარის იძულებითი წესით სოლიდარულად გადახდევინება, ასევე _ შპს “ვ-ისათვის” 109933 ლარის დაკისრება.

მოსარჩელის მითითებით, სასამართლოს მიერ დანიშნულმა ექსპერტმა გ. ე-ემ და აღმსრულებელმა ქ-მ, ზ.ფ-ის წაქეზებით, იძულებითი აუქციონის ჩატარებისას არ შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობები, რაც პრაქტიკულად გამოიხატა შემდეგში: 2000წ. 6 ივნისის განმეორებითი აუქციონის გაყალბებით და იმავეწ. 10 აგვისტოს სასამართლოში ყალბი საბუთების შეტანით შეეცადნენ იპოთეკით დატვირთულ და გირავნობის საგნის შემადგენელ უძრავ-მოძრავ ქონებაზე დადებული ყადაღის უსაფუძვლო მოხსნას და ყადაღადადებული ქონების გასხვისებას, რაც ვ- შეძლეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. 2001წ. 1 ივლისის განჩინებით მიაღწიეს იპოთეკით და გირავნობით დატვირთულ ქონებაზე ყადაღის უსაფუძვლო მოხსნას და ცდილობდნენ მოთხოვნის დაკმაყოფილების გარეშე გაესხვისებინათ ეს ქონება. დაუსაბუთებლად გააჭიანურეს აუქციონის ჩატარების ვადები, რამაც უარყოფითად იმოქმედა კრედიტორის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობაზე. განმეორებითი აუქციონისათვის არაჯეროვნად და დადგენილი წესის დარღვევით ჩამოაფასეს ქონება, უხეშად დაარღვიეს განმეორებითი აუქციონის ჩატარების კანონით დადგენილი პროცედურა. განმეორებითი აუქციონის შემდეგ ქონების ნატურით კრედიტორისათვის გადაცემის მიზნით არ დაადგინეს აღსრულების პერიოდში რეალური საბაზრო ფასები.

მოსარჩელის აზრით, ზემოთ მითითებული დარღვევების შედეგად სს “ ... ბანკს” მიადგა მატერიალური ზარალი 170536 ლარის ოდენობით.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოა ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აგრეთვე, ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეები გურიის სააღსრულებო ბიურო და ლანჩხუთის რაიონის გამგეობა წარმოადგენენ აღმასრულებელი ხელისუფლების და ამდენად _ ადმინისტრაციულ ორგანოებს.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს იმაში, რომ სამართალწარმოების წესის დადგენისას განმსაზღვრელია არა პროცესში მონაწილე სუბიექტთა წრე, არამედ სასარჩელო მოთხოვნა (დავის საგანი), მაგრამ ვ- გაიზიარებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნა წარმოადგენს მხოლოდ შპს “ვ-ისაგან” ვალის იძულებით გადახდევინებას და ამიტომ დავა სამოქალაქო-სამართლებრივია. სს “ ... ბანკის” სარჩელი განპირობებულია შპს “ვ-ის” მიერ ვალის გადაუხდელობით (და მოიცავს ამ მოთხოვნასაც), მაგრამ უპირველესად ეფუძნება ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ განხორციელებულ მოქმედებებს, კერძოდ, დავის საგანს მოცემულ შემთხვევაში წამოადგენს ადმინისტრაცული ორგანოების მიერ განხრციელებული მოქმედებების უკანონოდ მიჩნევა, ამ მოქმედებებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი დავა უნდა ჩაითვალოს ადმინისტრაციულად და მისი გადაწყვიტა უნდა მოხდეს ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესების თანახმად. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი გამოტანილია სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ სსკ-ის ნორმებზე დაყრდნობით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც სსკ-ის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

“საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლით განსაზვრულია საოლქო სასამართლოს კოლეგიები და პალატები, მათი შემადგენლობის წესი, სხვა კოლეგიის ან პალატის მიერ საქმის განხილვაში მოსამართლის მონაწილეობა. ამ წესის დარღვევით სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ არაგანსჯადი საქმის განხილვა იწვევს საქმის განმხილველი სასამართლოს არაკანონიერ შემადგენლობას, რაც სსკ-ის 384-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს “ ... ბანკის” ლიკვიდატორის – ა. ქ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფლდეს.

გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 იანვრისა და 16 თებერვლის განჩინებები და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.