გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-279-951-03 26 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი,მ. წიქვაძე
აღწერილობითი ნაწილი:
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს “ს. ფ. ს. ს.-ს. კ.” სარჩელი და მოპასუხე სს “გ.-...-ს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 36399522 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “გ.-...-მა”.
სააპელაციო პალატის 2003წ. 7 მარტის განჩინებით აპელანტს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 5000 ლარის ოდენობით. ხარვეზის შესავსებად აპელანტს მიეცა განჩინების ჩაბარებიდან ათი დღის ვადა.
სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში მხარის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული, რის გამოც სააპელაციო პალატის 2003წ. 15 აპრილის განჩინებით სს “გ.-....-ის” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
ამ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს “გ.-...-მა” და მოითხოვა 2003წ. 15 აპრილის განჩინების გაუქმება.
კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ს 48-ე მუხლი და გადაევადებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რადგან საზოგადოება გაკოტრების პირას არის მისული და ანგარიშზე არ გააჩნია თანხები. საზოგადოების მძიმე ფინანსური მდგომარეობის შესახებ მტკიცებულებები სააპელაციო საჩივართან ერთად წარდგენილი ჰქონდათ სასამართლოში.
სააპელაციო პალატამ 2003წ. 20 ივნისის განჩინებით არ დააკმაყოფილა კერძო საჩივარი და საქმის მასალებთან ერთად გადაუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 48-ე მუხლლის თანახმად სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუდოს ან გაუნაწილვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა, ანდა შეამციროს ხარჯების ოდენობა.
მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან მოპასუხე არის კერძო სამართლის სუბიექტი, მის მიერ წარმოდგენილი ცნობა არ წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადების საფუძველს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლოს აღნიშნული დასკვნა დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს, საქმის მასალებიდან.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხეს ანგარიშსწორების ანგარიშზე არ გააჩნია თანხა. მოპასუხე საზოგადოების ქონება დატვირთულია იპოთეკის და გირავნობის ხელშეკრულებით. მხარეთა განმარტების საფუძველზე ასევე დასტურდება, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემულია სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც აღმასრულებლის მიერ დაყადაღებულია მოპასუხის ქონება. სს “ს. ბ.” მიერ გაცემული ცნობით დადგენილია, რომ მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა კრიზისულია და გააჩნია დიდი ოდენობით დავალიანება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოპასუხეს, მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, უნდა გადაედოს სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს “გ. ....-ის” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 15 აპრილის განჩინება, სს “გ. ....-ს” გადაედოს სახელმწიფო ბაჟის გადახდა და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.