დატოვებულია უცვლელად
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-341-743-06 14 დეკემბერი, 2006
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),თ. თოდრია (მომხსენებელი),რ. ნადირიანი
დავის საგანი: სახელფასო დავალიანების გადახდა.
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. ნ-ევამ სასარჩელო განცხადება შეიტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სს «... ქარხნის” წინააღმდეგ სახელფასო დავალიანების გადახდის შესახებ.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ ის მუშაობდა სს «... ქარხანაში” ინჟინერ ტექნოლოგად. 2005წ. 1 იანვრიდან გაშვებული იყო უხელფასო შვებულებაზე. 2005წ. 2 ივლისიდან კი კონტრაქტის გასვლის გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან. მან ამის შესახებ არაფერი იცოდა. მისი გათავისუფლება არ იყო შეთანხმებული ორგანიზაციის პროფკავშირებთან.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სს «... ქარხანას” მის მიმართ გააჩნია სახელფასო დავალიანება 800 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა უხელფასო შევებულებაში ყოფნის დროს მიუღებელი ხელფასის – 140 ლარის, სულ – 940 ლარის გადახდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006წ. 1 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სს «... ქარხანას” ლ. ნ-ევას სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების – 797 ლარისა და 12 თეთრის გადახდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სს «... ქარხანამ” შეიტანა სააპელაციო საჩივარი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 7 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დავის საგნის ღირებულება შეადგენს 797 ლარს და 12 თეთრს. ვინაიდან დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს, სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს «... ქარხანამ”. მან მიუთითა, რომ, მართალია, სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში აუცილებელია სააპელაციო საჩივრის განხილვა იმის გამო, რომ ქარხანა იმყოფება მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაში და არ შეუძლია მოწინააღმდეგე მხარეს აუნაზღაუროს დავალიანება.
2006წ. 18 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და შემდგომი განხილვის მიზნით გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ სს «... ქარხნის” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სს «... ქარხანას” ლ. ნ-ევას სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 797 ლარისა და 12 თეთრის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სს «... ქარხანამ”. ე.ი. დავის საგნის ღირებულება შეადგენს გასაჩივრებულ 797 ლარს და 12 თეთრს.
საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორს იმის შესახებ, რომ აუცილებელია სააპელაციო საჩივრის განხილვა, რათა მოხდეს შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც ხელს შეუწყობს მის მიმართ კანონიერი გადაწყვეტილების მიღებას და ასევე შეიძლება შედგეს მხარეთა შორის მორიგება.
სსკ-ის 365-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ღირებულება აღემატება 1000 ლარს. აპელაციის ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს (მესამე პირს).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონი პირდაპირ მიუთითებს რა შემთხვევაშია შესაძლებელი სააპელაციო საჩივრის მიღება და განხილვა. თუ სააპელაციო საჩივარი 1000 ლარზე ნაკლებია, არ შეიძლება სასამართლომ ის მიიღოს წარმოებაში და მოხდეს მისი არსებითი განხილვა. სასამართლოს უფლება არა აქვს იგნონირება გაუკეთოს კანონის მოთხოვნებს, რასაც მოითხოვს მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სს «... ქარხნის” სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია, ვინაიდან დავის საგნის ღირებულება 1000 ლარზე ნაკლებია. აქედან გამომდინარე, თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს «... ქარხნის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 7 აპრილის განჩინება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლ