დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-342-744-06 12 ივლისი, 2006
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),თ. თოდრია
აღწერილობითი ნაწილი:
2005წ. 26 ივლისს ნ. ურუშაძემ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე რ. თურმანიძის მიმართ, უკანონოდ აგებული შენობის დანგრევისა და საკუთრების სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთის შესახებ იმ მოტივით, რომ ხელვაჩაურის რაიონში, ... 62/6-ში მდებარე ორსართულიან საცხოვრებელ სახლში, თავის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინას, მის მიმდებარედ მცხოვრებმა რ. თურმანიძემ უნებართვოდ მიაშენა ნაგებობა, რომლითაც შეიზღუდა მისი, როგორც მესაკუთრის, უფლებები, გაუუარესდა საყოფაცხოვრებო პირობები და მიადგა ზიანი, რის გამოც მოითხოვა უნებართვოდ აშენებული ნაგებობის მოშლა, შენობის ფასადის განთავისუფლება და მისი საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005წ. 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ურუშაძის სარჩელი დაკმაყოფილდა, რომლითაც მოპასუხეს დაევალა ხელვაჩაურში, ... ¹62/6-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე უნებართვოდ მიშენებული ნაგებობის მოშლა და საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა.
2005წ. 15 დეკემბერს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე რ. თურმანიძემ და მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და იმავე სასამართლოსათვის საქმის განსახილველად დაბრუნება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2006წ. 26 იანვრის განჩინებით რ. თურმანიძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად გასაჩივრების ვადის გაშვების გამო. რ. თურმანიძემ შეიტანა კერძო საჩივარი აღნიშნული განჩინების გაუქმებისა და საქმის განხილვის განახლების მოთხოვნით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 30 მაისის განჩინებით რ. თურმანიძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად, სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, შემდგომი განხილვის მიზნით- გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ რ. თურმანიძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 369-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, რ. თურმანიძეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005წ. 3 ნოემბრის გადაწყვეტილების ასლი დადგენილი წესით გაეგზავნა 2005წ. 22 ნოემბერს, რომლის ჩაბარებაზეც 2005წ. 25 ნოემბერს აპელანტმა უარი განაცხადა, ხოლო სააპელაციო საჩივარი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ შეიტანა 2005წ. 15 დეკემბერს.
სსკ-ის 75-ე მუხლის თანახმად, თუ ადრესატმა უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია, განიხილოს საქმე. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის შესახებ, რომ მას გადაწყვეტილების მიღებაზე უარი არ უთქვამს და შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში აქვს შეტანილი, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აღნიშნული გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება.
ამდენად, რ. თურმანიძის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულია გასაჩივრების კანონით დადგენილი წესის დარღვევით და შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული საჩივარი სწორად ცნო დაუშვებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი სამართლებრივად უსაფუძვლო და არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების იურიდიული საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რ. თურმანიძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2006წ. 26 იანვრის განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.