დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 28.12.2006
საქმის ნომერი
ას-363-761-06
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
28.12.2006

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-363-761-06 28 დეკემბერი, 2006

ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),თ. თოდრია (მომხსენებელი),რ. ნადირიანი

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ი. ზ-იანმა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «...” წინააღმდეგ სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი მუშაობდა შპს «...” ფილიალში საჰაერო გადამცემი ხაზების შეკეთების ელექტრომონტიორად უვადო ხელშეკრულებით. 1996წ. 15 იანვარს გაწყვეტილი ფაზის აღდგენის დროს ანძაზე მუშაობის დროს მოეყინა ორივე ხელი. საწარომ გაუწია ერთდროული დახმარება 100 ლარის ოდენობით. 2004 წელს უკანონოდ შეწყდა შრომითი ხელშეკრულება და დათხოვნილ იქნა სამსახურიდან. მოსარჩელემ მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006წ. 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. ზ-იანის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ი. ზ-იანმა.

ვინაიდან სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში არ იყო წარმოდგენილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 11 მაისის განჩინებით ი. ზ-იანის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ი. ზ-იანმა.

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ მას არ დაურღვევია გასაჩივრების ვადა, რადგან დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი მას ჩაჰბარდა 2006წ. 27 მარტს, ხოლო სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2006წ. 14 აპრილს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 21 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და, შემდგომი განხილვის მიზნით, გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილია გასაჩივრებისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ი. ზ-იანის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმის შესახებ, რომ მას სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არ დაურღვევია. მას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006წ. 27 თებერვლის გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2006წ. 27 მარტს, ხოლო სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა 2006წ. 14 აპრილს. გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2006წ. 10 აპრილს, ე.ი. სააპელაციო საჩივარი შეტანილია 4 დღის დაგვიანებით.

საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო ვადა იყო 2006წ. 15 აპრილი და ვინაიდან 15 აპრილი დაემთხვა დასვენების დღეს _ შაბათს, სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება მას ჰქონდა 2006წ. 17 აპრილამდე.

სსკ-ის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მთელი მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ი. ზ-იანს გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა 2006წ. 27 მარტს. ვადის გამოთვლა იწყება მომდევნო დღიდან – 28 მარტიდან. სააპელაციო საჩივარი კი უნდა შეტანილიყო 28 მარტიდან მე-14 დღეს, ე.ი. 10 აპრილს. გადაწყვეტილების გასაჩივრების ბოლო ვადა ამოიწურა 2006წ. 10 აპრილს – ორშაბათს და მას შეეძლო ამ ვადაში შეეტანა სააპელაციო საჩივარი. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორს იმის შესახებ, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება მას ჰქონდა 2006წ. 17 აპრილამდე.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილია სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადის გასვლით, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. ზ-იანის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 11 მაისის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.