ნაწილობრივ დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1112(2კს-24) 25 მარტი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები (მოპასუხეები) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - გ. კ-ე
მოპასუხე - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი - საქმის წარმოების შეჩერება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
გ. კ-ემ 2021 წლის 08 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 16 ივლისის №... დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 13 აგვისტოს №1263 ბრძანების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 იანვრის განჩინებით, გ. კ-ეის შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შეჩერდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 16 ივლისის დადგენილების (№... სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე) მოქმედება მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე; დანარჩენ ნაწილში შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
გ. კ-ემ 2022 წლის 16 დეკემბერს დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომლითაც მოპასუხეებად დაასახელა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური, ხოლო სასარჩელო მოთხოვნად განსაზღვრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 16 ივლისის №... დადგენილების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 31 აგვისტოს №1263 ბრძანების, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 11 მაისის №... და 19 მაისის №... გადაწყვეტილებებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 31 ოქტომბრის №1026 ბრძანების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. კ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა გ. კ-ეის მიერ.
2024 წლის 10 სექტემბერს გ. კ-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იშუამდგომლა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ.
შუამდგომლობის ავტორის მითითებით, სადავო იყო სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილება, რომლითაც მოთხოვნილი იყო გ. კ-ეის უძრავ ქონებასთან მისასვლელი გზის არსებობის/სერვიტუტის დამადასტურებელი დოკუმენტი. შუამდგომლობის ავტორმა აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში იყო გ. კ-ეის სარჩელი მოპასუხე ბმა „ბ...“-ის მიმართ „მისასვლელი გზის მოწყობის შესახებ“. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით გ. კ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბმა „ბ...“-ს დაევალა გ. კ-ეის უძრავ ქონებასთან მისასვლელი გზის გამოყოფა. შუამდგომლობის ავტორის მოსაზრებით, დასახელებულ სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ზეგავლენას იქონიებდა ადმინისტრაციულ პალატაში გ. კ-ეის სააპელაციო საჩივრის გამო განსახილველ საქმეზე, შესაბამისად არსებობდა მოცემული საქმეზე წარმოების შეჩერების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის საოქმო განჩინებით, №3ბ/1160-24 ადმინისტრაციულ საქმეზე შეჩერდა საქმის წარმოება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში არსებულ №2/30423 საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 31 აგვისტოს №1263 ბრძანების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 16 ივლისის №... დადგენილების, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 11 მაისის №... შუალედური გადაწყვეტილებისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 19 მაისის №... შუალედური გადაწყვეტილება, ასევე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 31 ოქტომბრის №1026 ბრძანება.
პალატის მითითებით, სწორედ სადავო სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 11 მაისის №... შუალედური გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ წარსადგენი იყო დოკუმენტაცია, რომელიც შეეხებოდა გზას, იმ ეტაპისთვის კი გზის ნაწილში არაფერი იყო წარდგენილი. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 19 მაისის №... გადაწყვეტილებით კი დადგინდა, რომ 2021 წლის 08 დეკემბრის განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაცია იყო არასრული. მოსარჩელეს განემარტა, რომ სამსახურის მიერ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისთვის საჭირო იყო მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. წარდგენილი განჩინება წარმოადგენდა დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიებას, რომელიც მიღებული იყო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. სასამართლო დავა იმ ეტაპზე იყო მიმდინარე და არ იყო დასრულებული. შესაბამისად, უცნობი იყო დავის შედეგი, ისევე როგორც აუცილებელი გზის დადგენაც. აქედან გამომდინარე, სამსახურმა მიიჩნია, რომ წარდგენილი განჩინება მისასვლელი გზის ნაწილში არ იყო მისაღები.
პალატამ ყურადღება გაამახვილა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2024 წლის 10 სექტემბერს გ. კ-ეის მიერ წარდგენილ განცხადებასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც გ. კ-ეის სარჩელი მოპასუხე ბმა „ბ...“-ის მიმართ, აუცილებელი გზის დადგენის თაობაზე დაკმაყოფილდა. დაუდგინდა აუცილებელი საფეხმავლო და საავტომობილო გზა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 23 ივნისის №004197122 დასკვნის შესაბამისად, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით. სააპელაციო პალატამ აღნიშნულის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წარმოებაში არსებულ დავას პირდაპირი კავშირი ჰქონდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან, რაც ადმინისტრაციული საქმის წარმოების შეჩერების საფუძველს წარმოადგენდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლის მითითებით, მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 16 ივლისის №... დადგენილებით გ. კ-ე დაჯარიმდა ქ. თბილისში, ...ს ქუჩის №...-ში (ნაკვეთი №... და №...), ქ. თბილისში, ...ს ქ. №12-ს მიმდებარედ №... საკადასტრო კოდზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, არსებულ დამცავ ღობეზე განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის და დაევალა ამავე უნებართვო მშენებლობის დემონტაჟი.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეში, მუნიციპალური ინსპექციის აქტის კანონიერების საკითხის გადაწყვეტა დაკავშირებული არ არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაში №2/30423-22 საქმის გადაწყვეტასთან, რადგან თუნდაც სერვიტუტით მიწის დატვირთვა გ. კ-ეის სასარგებლოს არ ცვლის გ. კ-ეის მიერ განხორციელებული უნებართვო სამშენებლო სამუშაოების შინაარს, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო მიიჩნევს, რომ ამ ორ საქმეს ერთმანეთთან ისეთი კავშირი არ აქვს, რაც იქნებოდა სააპელაციო სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის გამოყენებით საქმის შეჩერების საფუძველი და აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამის დასაბუთებას გასაჩივრებული განჩინებაც არ შეიცავს, რაც მისი გაუქმების საფუძველია.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სადავო განჩინება საერთოდ არ შეიცავს დასაბუთებას იმის შესახებ, თუ რა საფუძვლით მიიჩნია სასამართლომ, რომ განსახილველ საქმეს კავშირი ჰქონდა №2/30423-22 საქმესთან და მის განხილვამდე რა საფუძვლებით უნდა შეჩერებულიყო. ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი განმარტავს, რომ მოცემული საქმის განხილვა არ არის დაკავშირებული №230423-22 საქმესთან, და შესაბამისად, საქმის წარმოება უნდა განახლდეს, რამდენადაც საქმის წარმოების შეჩერება მხოლოდ აჭიანურებს მის განხილვას, რამეთუ საქმეში არსებული მასალები, მისი შეჩერების გარეშე, ცალსახად ქმნიდა გადაწყვეტილების მიღების საფუძვლებს, საქმის წარმოების შეჩერებას არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს გადაწყვეტილების შედეგზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ უნდა დაკმაყოფილდეს კერძო საჩივარი და გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინება საქმის წარმოების შეჩერების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ხოლო 2024 წლის 21 ნოემბრის განჩინებით - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ ქ. თბილისი მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ადმინისტრაციული საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე გ. კ-ეის წარმომადგენლის - მ. პ-ის შუამდგომლობის ხელახლა განხილვის ეტაპიდან დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს წინამდებარე ადმინისტრაციული საქმის წარმოების შეჩერების მართებულობა სამოქალაქო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეჩერების სავალდებულო შემთხვევებს. დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.
საკასაციო პალატამ არაერთხელ განმარტა, რომ სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე შესაძლებელია, პარალელურად მიმდინარეობდეს სხვა საქმის განხილვა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით, რომლის გადაწყვეტამდე, შეუძლებელია მოცემული საქმის განხილვა. ნორმატიული დათქმა - საქმის განხილვის შეუძლებლობა სხვა საქმის გადაწყვეტამდე, გამომდინარეობს სასამართლო დავის განხილვის სამართლებრივი ბუნების ლოგიკიდან; კერძოდ, ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების, ანუ ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. მითითებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია ისეთ საპროცესო ინსტიტუტთან, როგორიცაა მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს, სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის - პროცესის ეკონომიის პრინციპის რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა. სხვა სამართალწარმოებით საქმის განხილვისას სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა რიგ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის კონკრეტული საქმის განხილვას, რამდენადაც ფაქტები, რომლებიც უნდა დადგინდეს სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით განხილვისას, ვერ იქნება გამორკვეული, შეფასებული და დადგენილი კონკრეტული საქმის წარმოებისას, ამავდროულად, ამ ფაქტების დადგენამდე შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული საქმის განხილვა (სუსგ 09.10.2014წ. საქმე №ას-212-197-2014).
საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა პოზიციას სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ მიღებული განჩინების დაუსაბუთებლობის თაობაზე, და მიუთითებს, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლოს მიერ საკმარისად არ არის განმარტებული გ. კ-ეის სამოქალაქო სარჩელის (საქმე №2/30423-22) განხილვისას დამდგარ შედეგს რა არსებითი გავლენა შესაძლოა ჰქონდეს ადმინისტრაციული წესით გ. კ-ეის სააპელაციო საჩივრის განხილვისათვის, მაშინ როდესაც დავის საგანს მათ შორის უნებართვო მშენებლობის არსებობის/არარსებობის დადასტურება წარმოადგენს.
საკასაციო პალატის მიერ საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის მეშვეობით შემოწმებული იქნა №2/30423-22 სამოქალაქო საქმის მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაცია, რომლის თანახმად, აუცილებელი საფეხმავლო და საავტომობილო გზის დადგენის თაობაზე გ. კ-ეის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა და მოცემული ეტაპისთვის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო წესით განხილულ საქმეზე, რომლის მიმდინარეობის გამოც შეჩერდა წინამდებარე ადმინისტრაციული საქმე, დასრულებულია სასამართლო საქმისწარმოება. შესაბამისად, ამ მოცემულობის გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხელახლა უნდა იმსჯელოს ადმინისტრაციული საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე გ. კ-ეის წარმომადგენლის - მ. პ-ის შუამდგომლობის დასაბუთებულობაზე და შეცვლილი გარემოებების გათვალისწინებით, შეაფასოს კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქმის წარმოების შეჩერების წინაპირობების არსებობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის ზემდგომ სასამართლოში განხილვა წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინება და საქმე ადმინისტრაციული საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე გ. კ-ეის წარმომადგენლის - მ. პ-ის შუამდგომლობის ხელახლა განხილვის ეტაპიდან დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა