დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-418-1055-03 13 ნოემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),ქ. გაბელაია,თ. კობახიძე
დავის საგანი: განქორწინება.
აღწერილობითი ნაწილი:
ო.ჩ-ე და ნ. ჭ-ი-ჩ-ე 1986 წლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი. ო.ჩ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ნ. ჭ-თან განქორწინება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 20 იანვრის გადაწყვეტილებით ო.ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ნ. ჭ-ი-ჩ-ემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 მაისის განჩინებით ნ. ჭ-ი-ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულია განუხილველად დაუშვებლობის გამო. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 20 იანვრის სხდომაზე გამოცხადდა მოტივირებული გადაწყვეტილება, რომელსაც ესწრებოდა ორივე მხარე. ვადის ათვლა ამ დღიდან უნდა დაწყებულიყო. ნ. ჭ-ი-ჩ-ემ საოლქო სასამართლოში სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2003წ. 8 მაისს, ე.ი. კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. ჭ-ი-ჩ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო: რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მას გადაეცა 2003წ. 10 აპრილს და შესაბამისად, გასაჩივრების უფლება ჰქონდა ერთი თვე, საოლქო სასამართლოში მან საჩივარი შეიტანა 2003წ. 8 მაისს, ანუ კანონით დადგენილ ვადაში.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 ივლისის განჩინებით ნ. ჭ-ი-ჩ-ის კერძო საჩივარი მიიჩნიეს დაუშვებლად და იგი საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის შინაარსი და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: როგორც რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 20 იანვრის სხდომის ოქმით დასტურდება, სხდომაზე გამოცხადდა მოტივირებული გადაწყვეტილება და არა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. სსკ-ს 369-ე მუხლის I ნაწილის თანახმად გასაჩივრების ვადა არის ერთი თვე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. აქედან გამომდინარე, პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ რადგან რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 20 იანვრის გადაწყვეტილება მან ხელზე ჩაიბარა 2003წ. 10 აპრილს, ამ დღიდან უნდა ათვლილიყო გასაჩივრების ვადა.
პალატა მიიჩნევს, რომ ნ. ჭ-ი-ჩ-ემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა კანონით განსაზღვრული ერთთვიანი ვადის დარღვევით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა ნ. ჭ-ი-ჩ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ჭ-ი-ჩ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.