დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 09.06.2005
საქმის ნომერი
ას-484-803-05
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
09.06.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-484-803-05 9 ივნისი, 2005წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატამ

შემადგენლობით: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი),რ. ნადირიანი

კერძო საჩივრის დავის საგანი: სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 24 სექტემბერს თ. ს-ემ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა მოპასუხე სს “ე-ის” მიმართ და მოითხოვა მოპასუხის მიერ დარიცხული ელექტროენერგიის გადასახადის _ 1132 ლარის ჩამოწერა. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ იგი იყო სს “ე-ის” აბონენტი, 2004წ. 2 აგვისტოს მოპასუხემ დაუყენა ახალი მრიცხველი, მანამდე კი ელექტროენერგიის გადასახადი ერიცხებოდა ფიქსირებული სახით, რომლის გადაუხდელობის გამო სს “ე-მა” შეუწყვიტა ელექტროენერგიის მიწოდება. მოსარჩელის მოსაზრებით, აღნიშნული ნიშნავდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002წ. 30 დეკემბრის გადაწყვეტილების იგნორირებას, რომლითაც საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებაში არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2001წ. 31 დეკემბრის ¹15 დადგენილებით დამტკიცებული “ფიქსირებული გადასახადის მიხედვით ელექტროენერგიის საფასურის გადახდის წესი”. სს “ე-მა” მას ფიქსირებული გადასახადი დაარიცხა მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული წესი ძალადაკარგული იყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან. ამ წესით დარიცხულმა თანხამ შეადგინა 1132 ლარი, რაც ექვემდებარებოდა ჩამოწერას, როგორც უკანონოდ დარიცხული.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ს-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ფიქსირებული წესით დარიცხული 1041 ლარიდან თ. ს-ეს გადასახდელი დარჩა 734 ლარი, რომლის გადახდა განუწილვადდა 36 თვეზე. რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ მას უსაფუძვლოდ ერიცხებოდა დავალიანება, ვინაიდან მოსარჩელემ აღიარა, რომ ახალი მრიცხველის დამონტაჟებამდე ჰქონდა ძველი მრიცხველი, ხოლო აღნიშნული მრიცხველის ბოლო ჩვენება მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა. მოპასუხის მტკიცებით კი მოსარჩელეს ბოლო ჩვენების მიხედვით დაერიცხა დავალიანება.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ს-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 25 თებერვლის განჩინებით თ. ს-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული დაუშვებლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება ჩაიბარა თ. ს-ის მეუღლე ი. ჩ-ამ 2004წ. 10 დეკემბერს, რის გამოც სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა ამოიწურა 2005წ. 11 იანვარს, ხოლო, ვინაიდან თ. ს-ემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2005წ. 14 იანვარს, აქედან გამომდინარე, დარღვეული იყო სსკ-ის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი გასაჩივრების ერთთვიანი ვადა.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. ს-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე წარმოების განახლება. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მართალია, მისმა მეუღლემ 2004წ. 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში ჩაიბარა 10 დეკემბერს, მაგრამ ამ შემთხვევაში მას გადაეცა მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი, რის გამოც აპელანტი იძულებული გახდა, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში 14 დეკემბერს თავად ჩაებარებინა დასაბუთებული გადაწყვეტილება. ამდენად, კანონით დადგენილი გასაჩივრების ერთთვიანი ვადა მას გაშვებული არ ჰქონდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 6 აპრილის განჩინებით თ. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა კერძო საჩივრის ავტორის განმარტება, რომ მან დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაიბარა 2005წ. 14 დეკემბერს, ვინაიდან მტკიცებულება ამის თაობაზე საქმეში არ მოიპოვებოდა. საქმეში არსებული ხელწერილიდან კი დგინდებოდა, რომ მოსარჩელის მეუღლემ 2004წ. 10 დეკემბერს ჩაიბარა გადაწყვეტილების და არა სარეზოლუციო ნაწილის ასლი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ს-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 25 თებერვლის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მან თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება ჩაიბარა 2004წ. 14 დეკემბერს და გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა მოხდეს ამ დროიდან. აღნიშნული გარემოება არ დასტურდება საქმის მასალებით. საქმის მასალების თანახმად, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების ასლი ჩაბარებული აქვს კერძო საჩივრის ავტორის მეუღლე ლ. ჩაჩიბაიას 2004წ. 10 დეკემბერს. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორის მეუღლეს გადაეცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და არა დასაბუთებული გადაწყვეტილება, რასაც კერძო საჩივრის ავტორი ამტკიცებს. სსკ-ის 369-ე და 74.1 მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების ჩაბარება მხარის ოჯახის სრულწლოვანი წევრისათვის ითვლება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემად, ამიტომ თ. ს-ისათვის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გადაცემის დროდ მიჩნეულ უნდა იქნეს 2004წ. 10 დეკემბერი, როდესაც მისმა მეუღლემ ჩაიბარა გადაწყვეტილება.

საქართველოს სსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ დროისათვის მოქმედი რედაქციის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იყო ერთი თვე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვებოდა და იგი იწყებოდა მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა ამოიწურა 2005წ. 11 იანვარს. საქმის მასალების თანახმად კი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება თ. ს-ემ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა 2005წ. 14 იანვარს, ე.ი. გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ თ. ს-ეს გაშვებული აქვს სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადა, რის გამოც კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 399-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 25 თებერვლის განჩინება.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.