დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 16.11.2006
საქმის ნომერი
ას-498-883-06
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
16.11.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-498-883-06 16 ნოემბერი, 2006 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა. ს-ძე (მოსარჩელე)

წარმომადგენლები – ვ. ტ-ძე, ი. ც-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ქ-შვილი (მოპასუხე)

წარმომადგენელი – ს. ო-ია

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 21 ივნისის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ა. ს-ძემ სარჩელი აღძრა გ. ქ-შვილის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. მოსარჩელის განმარტებით, ქ. რუსთავის ვაჭრობის სამმართველოს ¹76 უნივერსამისა და რესტორან „ს-ოს“ პრივატიზებისას მოხდა აღნიშნულ ობიექტთა რეორგანიზაცია და მათგან ცალკე საპრივატიზაციოდ გამოიყო ¹76 უნივერსამის კაფეტერია. რესტორან „ს-ოსა“ და კაფეტერიის პრივატიზება მოახდინა მოპასუხემ, ხოლო ¹76 უნივერსამის მოსარჩელემ. 2005 წლის ივნისში მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე მოხდა უნივერსამისა და კაფეტერიის ფაქტობრივად დაკავებული ფართის გაზომვა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებული ფართი 140კვ.მ-ით ნაკლები იყო საჯარო რეესტრის მონაცემებთან შედარებით. აღნიშნულის საფუძველზე მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისაგან 140 კვ.მ_ის გამოთხოვა და მოცდენილი კომერციული ფართის გამოუყენებლობით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ს-ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 აპრილის განჩინებით აპელანტს მიეცა 10 დღის ვადა სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად.

2006 წლის 15 ივნისს ა. ს-ძემ განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას, წარადგინა ბაჟის გადახდის დამადასტურებელი საბუთი და მოითხოვა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივნისის განჩინებით ა. ს-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა. ს-ძემ. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, იგი ცხოვრობს ქ. ოზურგეთში, ხოლო განჩინება გაიგზავნა ქ. რუსთავში, სადაც მდებარეობს სადავო ფართი და ჩაჰბარდა სუპერმარკეტის ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელმაც ხელი მოაწერა ა. ს-ძის სახელით. აქედან გამომდინარე, შეტყობინება მას გადაეცა დაგვიანებით, კერძოდ, 14 ივნისს, 15 ივნისს კი მან შეავსო ხარვეზი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივნისის განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივლისის განჩინებით ა. ს-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა უზენაეს სასამართლოში.

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2006 წლის 20 მარტს ა. ს-ძემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 აპრილის განჩინებით აპელანტს დაევალა განჩინების გადაცემიდან 10 დღის ვადაში ხარვეზის შევსება, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდა. აღნიშნული განჩინება ა. ს-ძეს ჩაჰბარდა 2006 წლის 4 ივნისს, ხოლო მისი განცხადება სააპელაციო საჩივარში ხარვეზის შევსების შესახებ წარმოდგენილ იქნა 2006 წლის 15 ივნისს, ე.ი. ერთი დღის დაგვიანებით. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, რომლის თანახმადაც საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის მოტივები და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი. სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა. ს-ძეს სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 3 აპრილის განჩინებით განესაზღვრა 10 დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად. საქმის მასალებით ირკვევა, რომ აღნიშნული განჩინება მას ჩაჰბარდა 2006 წლის 4 ივნისს, ე.ი. ვადის ათვლა დაიწყო 5 ივლისიდან და დამთავრდა 14 ივნისს, 24 საათზე. აპელანტმა ხარვეზი შეავსო 15 ივნისს, საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ. სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ იგი ცხოვრობს ქ. ოზურგეთში, ხოლო განჩინება გაიგზავნა ქ. რუსთავში, სადაც მდებარეობს სადავო ფართი და ჩაბარდა სუპერმარკეტის ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელმაც ხელი მოაწერა მისი სახელით, შესაბამისად, განჩინება გადაეცა დაგვიანებით, 14 ივნისს, ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან სსსკ-ის 71-ე მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება პირს ეგზავნება მხარის მიერ მითითებულ მისამართზე. სააპელაციო საჩივარში აპელანტის მიერ მითითებულია ქ. რუსთავი, უნივერსამი, შარტავას გამზირი ¹3, შესაბამისად ხარვეზის შესახებ განჩინებაც ამ მისამართზე გაიგზავნა და ჩაბარდა მას. განჩინების ალტერნატიულ მისამართზე გაგზავნის აუცილებლობა არ არსებობდა, ვინაიდან დადგენილია, რომ განჩინება ჩაბარდა აპელანტს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს კანონი არ დაურღვევია და არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. ს-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივნისისა და 26 ივლისის განჩინებები;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.