გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 28.06.2005
საქმის ნომერი
ას-500-829-05
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
28.06.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-500-829-05 28 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ახალაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: სანოტარო მოქმედების გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1998წ. 9 მარტის გადაწყვეტილებაზე ფ. კ-ემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი 2005წ. 6 იანვარს, მოითხოვა მითითებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის საქალაქო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 17 თებერვლის განჩინებით აპელანტს მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად.

ფ. კ-ის წარმომადგენელმა მ. კ-ემ ხარვეზის შევსების თაობაზე განჩინების ასლი 2005წ. 21 თებერვალს ჩაიბარა.

ფ. კ-ემ 2005წ. პირველ მარტს განცხადებით მიმართა სასამართლოს და სსკ-ის 48-ე მუხლის თანახმად ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება იმ საფუძვლით, რომ ავადმყოფია, პენსიონერია, იმყოფება ნათესავების კმაყოფაზე და პენსიის გარდა სხვა შემოსავალი არ გააჩნია.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 7 მარტის განჩინებით ფ. კ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო პალატამ სსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 374-ე მუხლების შესაბამისად მიიჩნია, რომ, ვინაიდან აპელანტმა ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და არ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლითაც მის მიერ განცხადებაში მითითებულ გარემოებებს დაადასტურებდა, სააპელაციო საჩივარი, განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ფ. კ-ემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ საბოლოო განჩინებით, რომლითაც განუხილველად იქნა დატოვებული სააპელაციო საჩივარი ფაქტობრივად იმსჯელა მის განცხადებაზე, რომლითაც სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას ითხოვდა; სასამართლოს განჩინებით უნდა ემსჯელა განცხადების თაობაზე და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

იმ გარემოებას, რომ მას აქვს მძიმე მატერიალური მდგომარეობა ადასტურებს სამედიცინო ცნობა და ცნობა პენსიის შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 28 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული და განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა ფ. კ-ის კერძო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005წ. 17 თებერვლის განჩინებით ფ. კ-ეს მიეცა ვადა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე. ფ. კ-ის წარმომადგენელმა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ასლი ჩაიბარა 2005წ. 21 თებერვალს. აპელანტს ხარვეზის შევსება შეეძლო 2005წ. 1 მარტს, მან განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადავადება, იმ საფუძვლით, რომ ავადმყოფია და ხანდაზმული და არა აქვს ბაჟის გადახდის საშუალება.

საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა განეხილა აპელანტის განცხადება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და ეცნობებინა მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე უარის თქმის შესახებ; სასამართლოს პოზიციის შეუტყობინებლობა მხარეს, როცა განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა ამოწურული არაა, ართმევს უფლებას დარჩენილ ვადაში შეავსოს ხარვეზი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, თუ სააპელაციო პალატა არ დააკმაყოფილებდა ფ. კ-ის განცხადებას, მას უნდა ესარგებლა სსკ-ის 63-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით და გაეგრძელებინა საპროცესო ვადა თავისი ინიციატივით.

საკასაციო პალატა თვლის, რომ არა მითითებული საპროცესო დარღვევა საქმეზე შესაძლოა სხვა გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული, აღნიშნული კი სსკ-ის 393-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 419-ე,420-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

ფ. კ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 7 მარტისა და ამავე პალატის 2005წ. 28 მარტის განჩინებები და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.