დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 11.11.2003
საქმის ნომერი
ას-504-1143-03
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
11.11.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-504-1143-03 11 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),მ. სულხანიშვილი,ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: საცხოვრებელ ფართზე უფლებამოპოვებულად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ვ. მ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა., ს. და გ. მ-ების მიმართ საცხოვრებელ ფართზე უფლებამოპოვებულად ცნობის შესახებ. სარჩელში აღნიშნულია, რომ ვ. მ-ი 1992წ. 18 თებერვალს რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდა მოპასუხე ა.მ-თან, ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი – ე. და ა. მ-ები. ქორწინების დღიდან ვ. და ა.მ-ები ცხოვრობდნენ მარნეულის რაიონის სოფ. ..., ..., რომელიც ირიცხებოდა მოპასუხის მშობლებზე. ამჟამად ბინის ნახევარი ირიცხება ა.მ-ზე, მეორე ნახევარი კი – ა.მ-ს ძმაზე – კ. მ-ზე. 1999წ. დეკემბერში იგი იძულებული გახდა მიეტოვებინა სადავო სახლი მოპასუხესთან არსებული უთანხმოების გამო. ვ.მ-ამ მოითხოვა ზემოთ აღნიშნულ ფართზე უფლებამოპოვებულად ცნობა.

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ვ. მ-ა ორ შვილთან ერთად ცნობილ იქნა მარნეულის რაიონის სოფ. ..., ... მდებარე სახლის ა.მ-ის სახელზე რიცხული ნაწილის საცხოვრებელ ფართზე უფლებამოპოვებულად; მოსარჩელე შესახლებულ იქნა აღნიშნულ

სახლში.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს სააპელაციო საჩივარი.

სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 24 თებერვლის განჩინებით საქმის განხილვა დაინიშნა 2003წ. 3 აპრილისათვის. 2003წ. 31 მარტს მოპასუხეებმა ა. და გ. მ-ებმა განცხადებით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს და წინასწარ მოითხოვეს საქმის განხილვის გადადება, ვინაიდან ვერ გამოცხადდებოდნენ ოჯახური მდგომარეობის, კერძოდ, ავადმყოფობის გამო.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა.მ-ს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე მისი გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო პალატამ ა.მ-ის გამოუცხადებლობა სასამართლო სხდომაზე არ ჩათვალა საპატიოდ, ვინაიდან მის მიერ შემოტანილ განცხადებას საქმის განხილვის გადანიშვნის შესახებ არ ახლდა ავადმყოფობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი მოპასუხე მხარეს გაეგზავნა 2003წ. 17 აპრილს და ჩაბარდათ 2 მაისს.

2003წ. 15 მაისს ა.მ-მა თბილისის საოლქო სასამართლოში შეიტანა საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ იმ საფუძვლით, რომ 1 აპრილიდან 3 აპრილამდე იყო ავად, რის დასადასტურებლად წარმოადგინა 2003წ. 3 აპრილს მარნეულის რაიონული პოლიკლინიკის მიერ გაცემული ცნობა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 მაისის განჩინებით ა.მ-ის საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, 10 დღიანი ვადის დარღვევით შეტანის გამო.

აღნიშნულ განჩინებაზე ა.მამედოვმა შეიტანა კერძო საჩივარი. საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 22 მაისის განჩინება მიღებულია სსკ-ს 237-ე მუხლის დარღვევით, ვინაიდან დაუსწრებელი გადაწყვეტილება ჩაბარდა 15 მაისის შემდეგ, რაც დასტურდება კონვერტზე არსებული ფოსტის შტამპით. ამდენად, გასაჩივრების 10 დღიანი ვადა მის მიერ არ დარღვეულა.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 14 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვისა და კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 237-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე. ამ ვადის გამოთვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს ჩაბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 3 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი მოპასუხეებს არიზ, ს. და გ. მ-ებს გაეგზავნათ 2003წ. 17 აპრილს და ჩაბარდათ 2003წ. 2 მაისს, რასაც ადასტურებს საქმის მასალებში არსებული საფოსტო შეტყობინება.

სსკ-ს მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვენებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ა.მ-ის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება მის მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლის 15 მაისის შემდეგ ჩაბარების ფაქტი, კერძო საჩივარი უნდა მიჩნეულ იქნეს დაუსაბუთებლად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 მაისის განჩინება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.