გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 14.12.2006
საქმის ნომერი
ას-525-908-06
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
14.12.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩი ნ ე ბ ა

ას-525-908-06 14 დეკემბერი, 2006

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),თ. თოდრია

დავის საგანი: გადაწყვეტილების განმარტება.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ა-იამ სარჩელით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს თ. მ-ძის მიმართ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დაკისრების თაობაზე.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც მოპასუხემ, ასევე, მოსარჩელემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 15 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა თ.მ-ძის სააპელაციო საჩივარი გამოუცხადებლობის გამო, დაკმაყოფილდა მ.ა-იას შეგებებული სააპელაციო საჩივარი, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს დაემატა შემდეგი: მ-ძის მიერ ა-იასათვის ვალდებულების შესრულებამდე გადახდილ იქნეს ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე სესხის ძირითადი თანხის 2%.

აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი.

2005წ. 8 დეკემბერს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის განმარტება, კერძოდ, თუ რომელი თვიდან უნდა მოხდეს ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე სესხის ძირითადი თანხის 2%-ის ათვლა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 11 აპრილის განჩინებით 2004წ. 15 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი განიმარტა იმგვარად, რომ თ. მ-ძის მიერ მ. ა-იასათვის ვალდებულების შესრულებამდე გადახდილ იქნეს ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე სესხის ძირითადი თანხის 2%, თბილისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 15 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან – 2005წ. 11 ნოემბრიდან.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, მხარეს არ მიუთითებია, კონკრეტულად რომელი პერიოდიდან მოითხოვდა თ.მ-ძისათვის ვალდებულების შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე სესხის ძირითადი თანხის@2%-ის დაკისრებას, ათვლა უნდა დაიწყოს 2004წ. 15 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან – 2005წ. 11 ნოემბრიდან.

ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. ა-იამ, მოითხოვა მისი გაუქმება და გადაწყვეტილების იმგვარად განმარტება, რომ ვალდებულების შესრულების ვადაგაცილებული დროის ათვლა დაიწყოს 2003წ. 23 დეკემბრიდან. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინებით შეიცვალა დაუსწრებელი გადაწყვეტილების შინაარსი, სასამართლომ ფაქტობრივად 11 თვის გადასახადისაგან გაათავისუფლა მოპასუხე. 2004წ. 15 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ განიხილა მისი შეგებებული სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვდა 2003წ. 23 დეკემბრიდან ანუ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანიდან ვალდებულების შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე პროცენტის გადახდას, რაც დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 28 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 262-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით მხარეს არ მიუთითებია კონკრეტულად რომელი პერიოდიდან მოითხოვდა თ.მ-ძისათვის ვალდებულების შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე სესხის ძირითადი თანხის@2%-ის დაკისრებას, ათვლა უნდა დაიწყოს 2004წ. 15 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან – 2005წ. 11 ნოემბრიდან. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მოსაზრება დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლომ ისე განმარტა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომ შეფასება არ მისცა საქმეში არსებულ მასალებს.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 15 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ.ა-იას შეგებებული სააპელაციო საჩივარი და თ. მ-ძეს ვალდებულების შესრულებამდე გადასახდელად დაეკისრა ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე ძირითადი თანხის 2%. ამდენად, დაკმაყოფილდა შეგებებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტებისას უნდა გაერკვია, რას მოითხოვდა აპელანტი შეგებებული სააპელაციო საჩივრით. შეგებებულ სააპელაციო საჩივარში აღნიშნულია, «დავალიანების ანგარიში გათვლილი იყო სასარჩელო განცხადების წარდგენის დროისათვის. მას შემდგომ, ანუ გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ, გასულია ოთხ თვემდე (დღემდე) და შესაძლოა მხარე ეცადოს უსაფუძვლო გაჭიანურებას, ისევ და ისევ, ამ უკანასკნელის უზრუნველსაყოფად გავზარდე მოთხოვნა იმის შესახებ, რომ დავალიანების ანაზღაურება მომხდარიყო გადახდევინების დღემდე’’. განცხადების ხელახლა განხილვისას სასამართლომ ასევე შეფასება უნდა მისცეს რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 დეკემბრის გადაწყვეტილებას, ვინაიდან სწორედ ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დამატება შევიდა სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 15 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით და ამ გადაწყვეტილების სწორად განმარტებისათვის აუცილებელია ორივე გადაწყვეტილების ერთობლივად შეფასება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ა-იას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 11 აპრილის განჩინება და განცხადება ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.