დატოვებულია უცვლელად
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-54-503-06 18 მაისი, 2006
ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),თ. თოდრია (მომხსენებელი),რ. ნადირიანი
დავის საგანი: დავალიანების გადახდევინება .
აღწერილობითი ნაწილი:
სს «... ე...კომპანიამ» სარჩელი აღძრა საჩხერის რაიონულ სასამართლოში სს «... ...” წინააღმდეგ დავალიანების გადახდევინების შესახებ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ სს «... ე...კომპანია” მეფრინველეობის ფაბრიკას აწვდის ელექტროენერგიას. ელექტროენერგიის ღირებულების გადაუხდელობის გამო მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 3522.30 ლარის დაკისრება.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2005წ. 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს «... ე...კომპანიის” სარჩელი დაკმაყოფილდა და სავანის სს «... მამლებს» სს «... ე...კომპანიის” სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების ძირითადი თანხის 3522.30 ლარის გადახდა.
აღნიშნულ განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა სს «... ...” გენერალურმა დირექტორმა ნ. ჭ-ძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005წ. 5 დეკემბრის განჩინებით სს «... ...” გენერალურ დირექტორ ნ. ჭ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
სს «... ...” გენერალურმა დირექტორმა ნ. ჭ-ძემ კერძო საჩივარი შეიტანა სასამართლოში და მიუთითა, რომ მან კანონით დადგენილ ვადაში შეიტანა სააპელაციო საჩივარი, არ დაურღვევია გასაჩივრებისათვის დადგენილი 14 – დღიანი ვადა და სასამართლომ მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად არასწორად დატოვა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 17 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და, შემდგომი განხილვის მიზნით, გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
სსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
დადგენილია, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს «... ე...კომპანიის” სარჩელი დაკმაყოფილდა. დასაბუთებული გადაწყვეტილება გამოცხადდა იმ დღესვე და მას ესწრებოდა სს «... ...” დირექტორი ნ. ჭ-ძე და დამფუძნებელი ნ. მ-შვილი. სს «... ...” დირექტორმა ნ. ჭ-ძემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2005წ. 7 ოქტომბერს, ე.ი. გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 14 – დღიანი ვადის დარღვევით.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ მან 2005წ. 17 სექტემბერს შეიტანა სააპელაციო საჩივარი. მართალია, საქმეში წარმოდგენილია საჩხერის რაიონული სასამართლოს კანცელარიის გამგის ახსნა-განმარტება იმის შესახებ, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილია 2005წ. 17 სექტემბერს, მაგრამ აღნიშნული ახსნა-განმარტება და კერძო საჩივრის ავტორის მითითება არ არის საკმარისი, სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში შეტანილად ჩაითვალოს.
სააპელაციო საჩივარი დაწერილია სს «... ...” ბლანკზე, სადაც მითითებულია სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის თარიღი – 2005წ. 7 ოქტომბერი. გარდა ამისა, საჩხერის რაიონული სასამართლოს ბეჭედზე მითითებულია სააპელაციო საჩივრის შეტანის თარიღი ასევე 2005წ. 1 ოქტომბერი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი არ იყო შეტანილი გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილ ვადაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა სს «... ...” სააპელაციო საჩივარი განუხილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს «... ...” გენერალურ დირექტორ ნ. ჭ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005წ. 5 დეკემბრის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.