არ დაკმაყოფილდა

ადმინისტრაციული 19.05.2025
საქმის ნომერი
ბს-65(კს-25)
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
19.05.2025

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-65(კს-25) 19 მაისი, 2025 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ბ. ა. ხ-ი (B. A. K-I)

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველო (თბილისის აეროპორტი)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი: ბ. ა. ხ-იმ 2024 წლის 9 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვის და კოორდინირების მთავარი სამმართველოს (თბილისის აეროპორტი) 2023 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2023 წლის 20 ნოემბრის №MIA 9 23 03409724 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ბ. ა. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ბ. ა. ხ-ის წარმომადგენელმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინებით, ბ. ა. ხ-ის სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე, ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. სასამართლომ ასევე მიუთითა 374-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაეგზავნა მოსარჩელე ბ. ა. ხ-ის წარმომადგენელს - ი. ბ-ეს სარჩელში მითითებულ მისამართზე - თბილისი, ...ს გამზირი N..., ოფისი N.... აღნიშნული გადაწყვეტილება მითითებულ მისამართზე (ოფისში) ჩაბარდა ადვოკატ ბ. მ-ის 2024 წლის 29 ოქტომბერს, რაც დასტურდება საქმეში არსებული გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით. გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა მოსარჩელეს ამოეწურა 2024 წლის 12 ნოემბერს, ბ. ა. ხ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კანცელარიაში წარდგენილია 2024 წლის 21 ნოემბერს, ანუ კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბ. ა. ხ-ის სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბ. ა. ხ-იმ წარმომადგენელმა ი. ბ-ემ. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას ითხოვს.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უშუალოდ ბ. ა. ხ-ის ან მის წარმომადგენელს ი. ბ-ეს არ ჩაბარებია. ფოსტამ გზავნილი ჩააბარა არაუფლებამოსილ პირს, რომელსაც არ აქვს მინიჭებული რაიმე სახის უფლებამოსილება, ჩაიბაროს ბ. ა. ხ-ი და ი. ბ-ეის სახელზე მისული გზავნილები. არასათანადო პირისთვის გზავნილის ჩაბარებამ გამოიწვია მოსარჩელის წარმომადგენლისთვის არასწორი თარიღის გადაცემა. სწორედ აღნიშნული თარიღით იხელმძღვანელა მოსარჩელის წარმომადგენლმა სააპელაციო საჩივრის წარდგენის დროს. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოცემული გარემოება არ შეიძელბა ჩაითვალოს მისი მხრიდან დარღვევად და გახდეს საფუძველი იმისა, რომ მოსარჩელეს მოესპოს სასამართლოში საქმის განხილვის უფლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 თებერვლის განჩინებით ბ. ა. ხ-ის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ა. ხ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონით განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კერძოდ, კანონით განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას. საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობებიც. მხარის ერთ-ერთი საპროცესო უფლება - სააპელაციო წესით გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, შეიცავს საპროცესო მოვალეობას - უფლების რეალიზაცია მოახდინოს კანონისმიერ ვადაში. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის VIII თავში, კერძოდ, 70-78-ე მუხლებში რეგლამენტირებულია სასამართლო შეტყობინებისა და დაბარების წესი, რომელიც ასევე გამოიყენება დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებასთან დაკავშირებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით, ხოლო ამავე კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება, დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება ბ. ა. ხ-ის წარმომადგენელს ი. ბ-ეს გაეგზავნა სსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით საქმეში მითითებულ მისამართზე: თბილისი, ...ს გამზირი N5, ოფისი N.... საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო გზავნილის მხარისთვის ჩაბარების დრო აღინიშნება მის მეორე ეგზემპლარზე და უბრუნდება სასამართლოს (სსკ-ის 73.5 მუხ.). სწორედ აღნიშნული დოკუმენტით დასტურდება გზავნილის მხარისთვის ჩაბარება და შესაბამისად, ამავე დოკუმენტით ხელმძღვანელობს სასამართლო მხარისთვის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების ათვლისას. საქმეში წარმოდგენილი უკუგზავნილის თანახმად (შეტყობინების ბარათი გზავნილების ჩაბარების შესახებ, გზავნილის შტრიხკოდი: ...), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება ჩაბარდა ბ. მ-ის 2024 წლის 29 ოქტომბერს. უკუგზავნილში მითითებულია გზავნილის ჩამბარებელი პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ხელმოწერა, გზავნილის ჩაბარების თარიღი. საფოსტო უკუგზავნილში კომენტარის სახით მითითებულია „ადვოკატი“. ამდენად, უკუგზავნილზე არის აღნიშნული სსკ-ის 73.8 მუხლით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო რეკვიზიტი და არ არსებობს მის სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2024 წლის 30 ოქტომბერს და დასრულდა 2024 წლის 12 ნოემბერს 24 საათზე. ბ. ა. ხ-ის სააპელაციო საჩივარი კი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კანცელარიაში წარდგენილია 2024 წლის 21 ნოემბერს, კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით.

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს გზავნილი უშუალოდ მოსარჩელეს ან მის წარმომადგენელს არ ჩაბარებია და ჩაიბარა ისეთმა პირმა, რომელსაც საქმესთან კავშირი არ გააჩნია.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება ი. ბ-ეს გაეგზავნა მის მიერ სარჩელში მითითებულ მისამართზე - თბილისი, ...ს გამზ. N..., ოფისი N.... საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის მისთვის სასამართლო გადაწყვეტილების გაგზავნას მითითებულ მისამართზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია უნდა ჩაითვალოს თუ არა მხარისათვის მის მიერ მითითებულ მისამართზე გაგზავნილი უწყება ჩაბარებულად ისეთ პირობებში, როდესაც გზავნილი უშუალოდ ადრესატს არ გადასცემია.

საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 73.8 მუხლის დანაწესზე, რომელიც სამუშაო ადგილზე გზავნილის გაგზავნისას არ ადგენს უშუალოდ ადრესატისთვის მისი ჩაბარების ვალდებულებას. მითითებული ნორმის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისთვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელისთვის სასამართლო გადაწყვეტილების გაგზავნა და ჩაბარება მოხდა სარჩელში მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ მითითებულ მისამართზე. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელის წარმომადგენელს აღნიშნულ მისამართზე ეგზავნებოდა და ბარდებოდა სასამართლო უწყება. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლიც მოსარჩელის წარმომადგენელს ი. ბ-ეის გაეგზავნა სწორედ მითითებულ მისამართზე, რომელიც უკუგზავნილზე ასახული ინფორმაციის თანახმად ჩაიბარა ადვოკატმა ბ. მ-იმა.

საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ ბ. მ-იი არ არის გზავნილის ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირი, ვინაიდან სსკ-ის 73.8 მუხლი არ ადგენს უშუალოდ ადრესატისთვის გზავნილის გადაცემის ვალდებულებას, აღნიშნული ნორმა დასაშვებად მიიჩნევს ისეთი პირისთვის გზავნილის ჩაბარებას, რომელიც მას ადრესატს გადასცემს. როგორც საქმის მასალებით ირკვევა ი. ბ-ეს სასამართლო გზავნილები ეგზავნებოდა სამუშაო ადგილის (ოფისის) მისამართზე.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი ი. ბ-ე არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი (სიითი №...). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადვოკატის საქმიანობა შესაძლოა მუდმივად უკავშირდებოდეს მისი სამუშაო ადგილის გარეთ კანონმდებლობით გათვალისწინებულ საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობას, შესაბამისად საადვოკატო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირი შესაძლოა მთელი დღის განმავლობაში არ იმყოფებოდეს სამუშაო ადგილზე, რაც ადვოკატის პროფესიისთვის დამახასიათელებელი ჩვეული მოვლენაა. ამდენად, სსკ-ის 73.8 მუხლი არ გამორიცხავს ადრესატის, მათ შორის ადვოკატის სამუშაო ადგილზე არყოფნის შემთხვევაში გზავნილის სხვა პირისთვის ჩაბარების შესაძლებლობას. სწორედ ასეთ პირს შეიძლება წარმოადგენდეს იმ ოფისის თანამშრომელი, სადაც მუშაობს ადრესატი, ასევე იმ საადვოკატო ბიუროს წევრი - ადვოკატი, რომელშიც გზავნილის ადრესატი არის გაერთიანებული და ა.შ. ამდენად, საქმეში დაცული მასალები, სასამართლოს გზავნილის ჩაბარების უკუგზავნილზე ასახული ინფორმაცია იძლევა იმ დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ სასამართლოს გზავნილი ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ისეთ პირს, რომელიც გზავნილს ადრესატს გადასცემდა. საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას ამახვილებს საქმის მასალებში არსებულ საფოსტო შეტყობინებაზე (გვ.90), საიდანაც ირკვევა, რომ მოსარჩელის წარმომადგენლისათვის გაგზავნილი წერილობითი მასალა, მითითებულ მისამართზე: თბილისი, ...ს გამზ. N..., ოფისი N..., ჩაბარებული აქვს ასევე ბ. მ-ის.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილსა და 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის აღდგენის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. როგორც აღინიშნა, კანონმდებლობით იმპერატიულად არის დადგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა. გამონაკლისი მოცემული ვადის გაგრძელებისა და აღდგენის თვალსაზრისით არ არსებობს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ კრიტერიუმს მისი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეტანა წარმოადგენს. მოცემული ვალდებულების დარღვევა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლოს ავალდებულებს, მიიღოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ბ. ა. ხ-იმ კანონით დადგენილ ვადაში ვერ განახორციელა საპროცესო მოქმედება, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი. აქედან გამომდინარე, ბ. ა. ხ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ. ა. ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ბ.შონია

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. მაკარიძე