დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 16.11.2004
საქმის ნომერი
ას-703-963-04
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
16.11.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-703-963-04 16 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),მ. სულხანიშვილი,ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა თ. ბ.-ის სარჩელი მოპასუხე მცხეთის სახაზინო საწარმო „ნ.-ის“, ამჟამად _ დ. ს.-ის სახელობის შპს „მ.-ს“ მიმართ ზარალის ანაზღაურების თაობაზე. მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხისთვის 6739 ლარის დაკისრებაზე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება თ. ბ.-ის წარმომადგენელმა თ. ი.-ა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2003წ. 21 თებერვლის განჩინებით განესაზღვრა 15 დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან სახელმწიფო ბაჟის _ 201 ლარის გადასახდელად.

დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო სასამართლომ 2003წ. 13 მაისის განჩინებით განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი.

აღნიშნულ განჩინებაზე თ. ბ.-ის წარმომადგენელმა თ. ი.-ა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ მას სააპელაციო პალატის 2003წ. 21 თებერვლის განჩინების ასლი ხარვეზის შევსების შესახებ არ ჩაბარებია. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ ბაჟის გადახდის გარანტად ჩადებული აქვს „გ.-ში“ მისი დის _ თ. ბ.-ის პირად ანგარიშზე არსებული თანხა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის თანხის მოხსნის უფლებით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამავე პალატის 2003წ. 13 მაისის განჩინება _ თ. ბ.-ს გაუგრძელდა ხარვეზის, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვადა ამ განჩინების ასლი ჩაბარებიდან 10 დღით.

2003წ. 29 აგვისტოს აპელანტმა წარმოადგინა შეპასუხება 2003წ. 13 მაისისა და 25 ივნისის განჩინებებზე, სადაც მიუთითა, რომ საჩივარში არ აყენებს თანხობრივ მოთხოვნას, რის გამოც ბაჟის თანხის გაანგარიშება შეუძლებელი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2003წ. 3 ოქტომბრის განჩინებით აპელანტს ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული ვადა გაუგრძელდა 10 დღით და დაევალა ამ ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 201 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა. აღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებაზე თ. ი.-ა უარი განაცხადა, რაზედაც 2004წ. 4 მარტს შედგენილ იქნა აქტი.

სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 16 მარტის განჩინებით თ. ბ.-ის წარმომადგენლის თ. ი.-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, როგორც დაუშვებელი.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე თ. ბ.-ის წარმომადგენელმა თ. ი.-ა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება და მის მიმართ სსკ-ის 46-ე, 47-ე და 48-ე მუხლებით ხელმძღვანელობა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა კერძო საჩივრის საფუძვლებისა და საქმის მასალების განხილვის შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 368-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი არ დაიშვება. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, თუ საჩივრის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2003წ. 3 ოქტომბრის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღით. განჩინების ასლის ჩაბარებაზე აპელანტმა უარი განაცხადა, რის შესახებაც 2004წ. 4 მარტს შედგენილ იქნა შესაბამისი აქტი.

სსკ-ის 75-ე მუხლის თანახმად, თუ ადრესატმა უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე.

ამდენად, ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადა ამოიწურა. მიუხედავად ამისა, აპელანტის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული, რამაც გამორიცხა სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობა.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ სსკ-ის 46-ე, 47-ე და 48-ე მუხლებით ხელმძღვანელობის შესაძლებლობის თაობაზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, გადახდის გადადება ან განაწილვადება და მისი ოდენობის შემცირება დასაშვებია მხოლოდ საფუძვლის არსებობის, ანუ მხარის ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, რაც კონკრეტულ შემთხვევაში მხარეს არ წარმოუდგენია.

ზემოაღნიშნულის გამო, პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. ბ.-ის წარმომადგენელ თ. ი.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 მარტის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.