გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 24.03.2005
საქმის ნომერი
ას-934-1174-04
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
24.03.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-934-1174-04 ას-934-1174-04 24 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. ცისკაძე,მ. გოგიშვილი

დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების დ. და ე. მ-ების სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სიღნაღის სანოტარო ბიუროს მიერ 2002წ. 20 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება ე. მ-სა და ვ. თ-ს შორის.

ვ. თ-მა სააპელაციო საჩივარი შეიტანა სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 27 თებერვლის განჩინებით აპელანტს მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად და სრულყოფილი სააპელაციო საჩივრის წარსადგენად განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე. ვ. თ-მა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა საოლქო სასამართლოში 2004წ. 23 მარტს და შუამდგომლობით ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება მძიმე ქონებრივი მდგომარეობის გამო. სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 19 აპრილის განჩინებით ვ. მ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული დაუშვებლობის გამო.

საოლქო სასამართლოში 2004წ. 24 მაისს ფოსტის მეშვეობით მიღებულ იქნა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი და მიმართვა ბაჟის გადახდის თაობაზე. ეს უკანასკნელი დოკუმენტი სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია კერძო საჩივრად მისი 2004წ. 19 აპრილის განჩინებაზე და 2004წ. 1 ივნისის განჩინებით საჩივრის ავტორს განუსაზღვრა ვადა კერძო საჩივრის ხარვეზის შესავსებად განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღით. სასამართლომ განჩინებაში მიუთითა, რომ სახელმწიფო ბაჟის ქვითრები ჩაითვალოს კერძო საჩივარზე გადახდილ სახელმწიფო ბაჟად. საჩივრის ხარვეზად კი მიიჩნია, ის გარემოება, რომ საჩივარი არ იყო შედგენილი საქართველოს სსკ-ის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

საქმის მასალების მიხედვით კერძო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად ვადის განსაზღვრის შესახებ განჩინება საჩივრის ავტორს გაეგზავნა როგორც 2004წ. 4 ივნისს, ისე _ 2004წ. 5 ივლისს. მის მიერ ერთი და იგივე შინაარსის საჩივარი კი საოლქო სასამართლოში მიღებულია 2004წ. 29 ივნისს და 2004წ. 5 ივლისს. ამ უკანასკნელი გზავნილის ქსეროასლზე მითითებულია, რომ ვ. მ-მა განჩინება ჩაიბარა 2004წ. 9 ივლისს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 15 ივლისის განჩინებით ვ. მ-ის კერძო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული და იგი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს განჩინებაში მითითებულია, რომ მხარეს ხარვეზის შევსების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჩაბარდა 2004წ. 9 ივლისს, მაგრამ ხარვეზი ნაწილობრივ იქნა გამოსწორებული, კერძოდ, მის მიერ არ იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რის გამოც საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული.

საქმის მასალების მიხედვით ვ. მ-ის საჩივარი სიღნაღის საფოსტო განყოფილებას ჩაბარდა 2004წ. 10 ივლისს. საოლქო სასამართლოში კი იგი 2004წ. 20 ივლისსა რეგისტრირებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 15 ივლისის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო: აღნიშნულ განჩინებაში მითითებულია, რომ კერძო საჩივრის ავტორს 2004წ. 1 ივნისის განჩინებით ხარვეზის გამოსასწორებლად, კერძოდ, სრულყოფილი კერძო საჩივრის წარმოსადგენად და სახელმწფიო ბაჟის გადასახდელად განესაზღვრა საპროცესო ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღე. აღნიშნული განჩინება მხარეს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და პირადად ჩაბარდა 2004წ. 9 ივლისს. სააპელაციო სასამართლომ 2004წ. 15 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი დაუშვებლად მიიჩნია. სასამართლომ განჩინებაში მიუთითა, რომ ხარვეზი ნაწილობრივ იქნა გამოსწორებული, კერძოდ არ იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

მითითებული განჩინების მოტივი ბაჟის გადაუხდელობასთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება ამავე სასამართლოს 2004წ. 1 ივნისის განჩინებას, რომელშიც მითითებულია, რომ წარდგენილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრები მხარეს ჩაეთვალა კერძო საჩივარზე გადახდილ ბაჟად, ე.ი. ხარვეზის განჩინებით სასამართლომ მხარეს აცნობა, რომ მის მიერ ამ საჩივარზე ბაჟი გადახდილია, ხოლო შემდეგ ამავე საფუძვლით დაუშვებლად მიიჩნია იგივე საჩივარი. გასაჩივრებული განჩინების მიხედვით სასამართლომ ხარვეზის განჩინებაში მითითებული მეორე საფუძველი, რაც სრულყოფილი კერძო საჩივრის წარდგენას შეეხებოდა გამოსწორებულად მიიჩნია, რაც არასწორია, ვინაიდან მხარეს განჩინება ხარვეზის შევსების მოთხოვნით 2004წ. 9 ივლისს ჩაბარდა. ვ. თ-ის მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში შეტანილი დაზუსტებული კერძო საჩივარი საოლქო სასამართლოში 20 ივლისაა რეგისტრირებული, ბუნებრივია მასზე სასამართლო 15 ივლისს ვერ იმსჯელებდა. გამომდინარე აღნიშნულიდან გაუგებარია რომელ კერძო საჩივარზე იმსჯელა სასამართლომ და რის საფუძველზე მიიჩნია ხარვეზი ნაწილობრივ გამოსწორებულად.

საქართველოს სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 15 ივლისის განჩინება დაუსაბუთებელია, არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, რის გამოც უნდა გაუქმდეს და საქმე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 15 ივლისის განჩინება და სამოქალაქო საქმე ვ. მ-ის კერძო საჩივრით განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.