არ დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-768 (კს-24) 18 ივნისი, 2025წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თამარ ოქროპირიძე, გიორგი გოგიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ტ. ო. ა-ო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.06.2024წ. განჩინება
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ტ. ო. ა-ომ 12.12.2022წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ, საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის 27.10.2022წ. №03/00007738/2022-08 გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის 02.12.2022წ. №01-459 ბრძანების ბათილად ცნობის, ასევე, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და მისთვის „დ“ კატეგორიის ვიზის გაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.04.2023წ. გადაწყვეტილებით ტ. ო. ა-ოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის 27.10.2022წ. №03/00007738/2022-08 გადაწყვეტილება საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის 02.12.2022წ. №01-459 ბრძანება და მოპასუხეს - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და მტკიცებულებათა შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ტ. ო. ა-ოსათვის საქართველოს ვიზის გაცემის საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.06.2024წ. განჩინებით საგარეო საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.04.2023წ. გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებისთვის დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით იქნა სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება აპელანტ (მოპასუხე) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეგზავნა და ჩაბარდა 05.12.2023წ., რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილ უკუგზავნილზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კანცელარიის თანამშრომლის ნ. ტ-ის ხელმოწერით (ს.ფ.130). თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.04.2023წ. გადაწყვეტილებაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა 20.12.2023წ., რაც დასტურდება სააპელაციო საჩივარზე დასმული თბილისის საქალაქო სასამართლოს შტამპით. პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა მასზედ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარზე წარმომადგენლის - თ. ფ-ეის ხელმოწერის თარიღად მითითებულია 20.12.2023წ. (ს.ფ. 132-145). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.06.2024წ. განჩინების გაუქმების მოთხოვნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კერძო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სამინისტროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.04.2023წ. გადაწყვეტილება ფოსტის მეშვეობით ჩაბარდა 06.12.2023წ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საქმისწარმოების ინსტრუქციის შესაბამისად, სამინისტროში მატერიალური სახით შესულ დოკუმენტს რეგისტრაციისას პირველი ფურცლის ქვედა მარჯვენა კუთხეში დაესმება სარეგისტრაციო შტამპი, სადაც აღინიშნება დოკუმენტის რეგისტრაციის რეკვიზიტები, მათ შორის მიღების თარიღი. განსახილველი გზავნილის შტამპზე მითითებული ინფორმაციით ირკვევა, რომ იგი სამინისტროს მიერ წარმოებაში იქნა მიღებული 06.12.2023წ., რამაც შემდგომში განაპირობა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საპროცესო მოქმედების შესასრულებლად ვადის ათვლა ზემოხსენებული თარიღის მიხედვით. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ სამინისტროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.04.2023წ. გადაწყვეტილება ჩაბარდა 06.12.2023წ., სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 20.12.2023წ., რაც კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით გამორიცხავს სამინისტროს მიერ საპროცესო მოქმედების შესასრულებლად განსაზღვრული ვადის დარღვევას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.04.2023წ. გადაწყვეტილება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეგზავნა სსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით საქმეში მითითებულ მისამართზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო გზავნილის მხარისთვის ჩაბარების დრო აღინიშნება მის მეორე ეგზემპლარზე და უბრუნდება სასამართლოს (სსკ-ის 73.5 მუხ.). სწორედ აღნიშნული დოკუმენტით დასტურდება გზავნილის მხარისთვის ჩაბარება და შესაბამისად, ამავე დოკუმენტით ხელმძღვანელობს სასამართლო მხარისთვის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების ათვლისას. საქმის მასალებში დაცული მხარისთვის გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელი უკუგზავნილის მიხედვით, გზავნილი ჩაბარდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კანცელარიის თანამშრომელს - ნ. ტ-ის 05.12.2023წ., 17:49 საათზე, რაც დადასტურებულია მითითებული პირის ხელმოწერით (ს.ფ. 130). ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ უკუგზავნილზე მითითებული ინფორმაცია აკმაყოფილებს სსკ-ის 73.8 მუხლით გათვალისწინებულ ყველა სავალდებულო პირობას და არ არსებობს მათ სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი. საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის სსკ-ის 369.1 მუხლით დადგენილი გასაჩივრების 14 დღიანი ვადა ამოიწურა 19.12.2023წ. 24 საათზე, რომელიც იყო სამუშაო დღე - სამშაბათი. სააპელაციო საჩივრის შედგენისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანცელარიის შტამპზე საჩივრის მიღების თარიღად მითითებულია 20.12.2023წ. (ს.ფ. 132, 145), რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად იქნა მიჩნეული გასაჩივრების ვადის დარღვევად და საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საქმისწარმოების ინსტრუქციის შესაბამისად, სამინისტროში მატერიალური სახით შესულ დოკუმენტს რეგისტრაციისას პირველი ფურცლის ქვედა მარჯვენა კუთხეში დაესმება სარეგისტრაციო შტამპი, სადაც აღინიშნება დოკუმენტის რეგისტრაციის რეკვიზიტები, მათ შორის მიღების თარიღი. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ სამინისტროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.04.2023წ. გადაწყვეტილება 06.12.2023წ. ჩაბარდა. განსახილველი გზავნილის შტამპზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, იგი სამინისტროს მიერ წარმოებაში იქნა მიღებული 06.12.2023წ., რამაც შემდგომში განაპირობა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საპროცესო მოქმედების შესასრულებლად ვადის ათვლა ზემოხსენებული თარიღის მიხედვით. საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 73.8 მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნორმით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. როგორც უკვე აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელი უკუგზავნილის მიხედვით, გზავნილი ჩაბარდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კანცელარიის თანამშრომელს - ნ. ტ-ის 05.12.2023წ. 17:49 საათზე, რაც მხარეს სადავოდ არ გაუხდია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანცელარიისთვის ჩაბარება გათანაბრებულია გზავნილის ადრესატისთვის პირადად ჩაბარებასთან, კანცელარიამ უნდა უზრუნველყოს გზავნილის შესაბამისი პირისთვის დროულად გადაცემა, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა გასაჩივრების ვადების ათვლისთვის გადამწყვეტია გზავნილის კანცელარიისთვის გადაცემის მომენტი და არა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ჩაბარებული გზავნილის უწყების მიერ შიდა რეგულაციებისა თუ პირადი გადაწყვეტილების მიხედვით რეგისტრაციის თარიღი. „გზავნილის ჩამბარებელი პირის მიერ მასზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების შესაძლო შეუსრულებლობა არ უთანაბრდება გზავნილის ადრესატისათვის ჩაუბარებლობას“ (სუსგ №ბს-994(კ-21) 18.03.2022წ.).
ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძველს არ ქმნის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხის წარმომადგენლის მოსაზრება, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გზავნილის წარმოებაში მიღების თარიღიდან და არა ფოსტის თანამშრომლის მიერ გზავნილის სამინისტროს კანცელარიის თანამშრომლისთვის ჩაბარების თარიღიდან, არ გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებიდან (სსკ-ის 73.8 მუხ.).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, სსკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სსკ 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. სსკ 59.4 მუხლის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. მითითებული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე მხარე ვალდებულია საპროცესო მოქმედება შეასრულოს კანონით განსაზღვრულ ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, ანუ განსაზღვრული ვადა აღმკვეთი ხასიათისაა.
საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისთვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (იხ. სუს 22.04.2016წ. განჩინება, საქმე №ას-299-284-2016; სუს 15.07.2016წ. განჩინება, საქმე №ას-558-533-2016; სუს 26.10.2022წ. საქმე №ას-1067-2022; სუს 14.06.2024წ. განჩინება, საქმე №ას-455-2024). საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია კანონით განსაზღვრული 14-დღიანი ვადის დარღვევით, რაც საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნიდა. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნები სადავო საკითხთან მიმართებით, რის გამო კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.06.2024წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
გ. გოგიაშვილი