დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 22.12.2025
საქმის ნომერი
ბს-817(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.12.2025

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-817(კ-25) 22 დეკემბერი, 2025 წელი,თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.ა-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.07.2024 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.09.2023 წლის გადაწყვეტილებით გ.ა-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „კომისია“ ან „კასატორი“) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 27.01.2023 წლის №374 განკარგულება და კომისიას დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.07.2024 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:

3.1. მოსარჩელემ 27.09.2022 წელს მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №...-ის მიმდებარედ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „სადავო მიწის ნაკვეთი“), საკუთრების უფლების აღიარება. 27.01.2023 წლის №374 განკარგულებით განმცხადებელს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე.

3.2. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 18.07.2022 წლის №004831722 ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა ფიქსირდება 2005 წლის ორთოფოტოზე, დღეის მდგომარეობით კი შეინიშნება საძირკვლის არსებობა. აღსანიშნავია, რომ ამ შენობა-ნაგებობის ნაწილი განთავსებულია 853 კვ.მ მიწის ნაკვეთის წითელი ხაზის გარეთ.

3.3. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებზე, ამავე კანონის 51 მუხლის პირველ, მე-2, მე-3, მე-5 პუნქტებზე.

3.4. სააპელაციო პალატამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (შემდეგში სზაკ) 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე განმარტა, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. სზაკ-ის მე-5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება, მათ შორის, გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი ისე, რომ არ შეაჯეროს და არ შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებანი, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

3.5. კომისიის 27.01.2023 წლის №374 განკარგულებით მოსარჩელეს უარი ეთქვა მის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ მოტივით, რომ არ დასტურდება აღიარებამოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მოსარჩელის მიერ თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი, კერძოდ, გასაჩივრებული განკარგულების მიხედვით, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით დგინდება, რომ საკუთრების უფლების აღიარება მოთხოვნილია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის (დანგრეული) საფუძველზე, თუმცა ორთოფოტოებით არ დგინდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ამასთან, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს (შენობით ან მის გარეშე).

3.6. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაცია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ არ გამოიკვლია და არ შეაფასა სადავო საკითხი. კომისიამ უგულებელყო 2005 და 2006 წლების ორთოფოტოების შინაარსი (იხ. საჯაროდ ხელმისაწვდომი ონლაინ რესურსის თბილისის ინტერაქციული რუკის მონაცემები http://.), რომელთა მიხედვით, აღიარებამოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე აშკარად ფიქსირდება შენობის არსებობა. ადმინისტრაციულმა ორგანომ უგულებელყო ექსპერტიზის დასკვნის შინაარსიც, რომლის მიხედვით, სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა ფიქსირდება 2005 წლის ორთოფოტოზე. დღეის მდგომარეობით კი შეინიშნება საძირკვლის არსებობა. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებში წარმოდგენილი ფოტოსურათების შინაარსზეც, რომლითაც დასტურდება აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საძირკვლის ფრაგმენტების არსებობის ფაქტი.

3.7. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, კომისიას მხედველობაში არ მიუღია მოსარჩელის მეზობლების - ჯ.გ-სა და თ.კ-ის წერილობითი თანხმობა იმის შესახებ, რომ მოსარჩელე 1996 წლიდან ფლობს და სარგებლობს სადავო მიწის ნაკვეთით.

3.8. სააპელაციო პალატის მითითებით, ადმინისტრაციული საქმის მასალებით არ ირკვევა, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ჰქონდა სათანადო, უტყუარი საფუძველი დაედგინა, რომ არ დასტურდება მოსარჩელის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სზაკ-ის 97-ე მუხლით ადმინისტრაციულ ორგანოს ენიჭება საკმაოდ ფართო უფლებამოსილება, მათ შორის: დოკუმენტების გამოთხოვის, დამატებითი ცნობების შეგროვების, ადგილზე დათვალიერების, მხარეთა მოსმენისა და ექსპერტიზის დანიშვნის შესაძლებლობა. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გამოეყენებინა ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობები და მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებში მითითებული გარემოებები გამოეკვლია სრულყოფილად, მათ შორის ადგილზე დათვალიერების გზით მომხდარიყო საქმის გარემოებათა დეტალურად შესწავლა და დადგენა არსებობდა თუ არა განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განხილვისას ფორმალურად მიუდგა საკითხს, რამაც განაპირობა საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სწორად ცნო ბათილად სადავო აქტი და მოპასუხეს დაავალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

7. განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხს წარმოადგენს სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ მოპასუხის 27.01.2023 წლის №374 განკარგულების კანონიერება.

8. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.

9. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდეგში „კანონი“) აწესრიგებს პირის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ და პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლებს, წესსა და პირობებს.

10. სახელმწიფომ ზემოაღნიშნული კანონის მიღებით, წაახალისა კერძო ინიციატივა და მოახდინა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების სტიმულირება, აეთვისებინათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის რესურსი. აღნიშნული კანონის საფუძველზე, ფიზიკურ პირებს და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს მიენიჭათ უფლება, დადგენილი წესით და დადგენილი წინაპირობების არსებობისას მოეხდინათ საკუთრების უფლების აღიარება განსაზღვრული სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთებზე. კანონის მიღებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისებისა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფომ დაადგინა სახელმწიფო ქონების – მიწის ნაკვეთების პრივატიზების გარკვეული შეღავათების შემცველი რეჟიმი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 27.12.2013 წლის გადაწყვეტილება საქმე №2/3/522,553, II - 17, 46, 47).

11. კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

12. კანონი ერთმანეთისგან მიჯნავს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ისეთ შემთხვევებს, როდესაც ასაღიარებელი ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე) ესაზღვრება დაინტერესებული პირის საკუთრებასა ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ნაკვეთს და ისეთ შემთხვევას, როდესაც საკუთრების უფლების აღიარებისთვის აუცილებელია კანონის ამოქმედებამდე (2007 წლამდე) ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის არსებობის დადასტურება (სუსგ №ბს-457(უს-კ-24), 03.04.2025წ.).

13. კანონის 51 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან შესაბამისობა. ამავე ნორმის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებული პირის მიერ წარსადგენ დოკუმენტებს ( ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები).

14. საქართველოს მთავრობის 28.07.2016 წლის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ 2.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.

15. სადავო განკარგულებით მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდება აღიარებამოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მოსარჩელის მიერ თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი, კერძოდ, არ დგინდება სადავო მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) კანონის ამოქმედებამდე განთავსება. ამასთან, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს (შენობით ან მის გარეშე).

16. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ არ გამოიკვლია და არ შეაფასა სადავო საკითხი. 2005 წლის ორთოფოტოს მიხედვით, აღიარებამოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ფიქსირდება შენობის არსებობა. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 18.07.2022 წლის №004831722 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი, სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა ფიქსირდება 2005 წლის ორთოფოტოზე, დღეის მდგომარეობით კი შეინიშნება საძირკვლის არსებობა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შენობა-ნაგებობის ნაწილი განთავსებულია 853 კვ.მ მიწის ნაკვეთის წითელი ხაზის გარეთ (ს.ფ. 39-44).

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები სრულყოფილად არ გამოუკვლევია. სადავო აქტის მიღებისას დარღვეულია სზაკ-ით დადგენილი, ადმინისტრაციული წარმოების საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლითა და შეფასებით წარმართვის, შედეგად კი - დასაბუთებული აქტის გამოცემის მოთხოვნები. აღნიშნული გარემოება ადასტურებს სადავო განკარგულების, სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის მართებულობას. სადავო აქტში მითითებული, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ ქმნის მისი კანონიერად მიჩნევის შესაძლებლობას და სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით კვლევას.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).

19. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით (შდრ. სუსგ №ბს-131(კ-20), 27.05.2020წ.). ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

20. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.07.2024 წლის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

გიზო უბილავა