დაუშვებლად იქნა ცნობილი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-317(კ-25) 16 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) – შ.მ-ე, ვ.მ-ე
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შ.მ-ემ და ვ.მ-ემ 2022 წლის 19 აპრილს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვეს ამავე კომისიის 2022 წლის 15 მარტის №356 განკარგულების ბათილად ცნობა, აგრეთვე მოპასუხისათვის - აზომვითი ნახაზით მოცემულ ფარგლებში და მოცემული ფართობით, ვ.მ-ისა და შ.მ-ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
სარჩელის მიხედვით, მოსარჩელეები ითხოვენ 1570 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას. მოსარჩელეთა მითითებით, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე დასტურდება მათ მიერ ამავე მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი კანონის ამოქმედებამდე, რასაც ამტკიცებს 2007 წლამდე აშენებული №01/1 და №02/1 შენობები. სადავო აქტით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, რასაც ვ. და შ. მ-ეები არ დაეთანხმნენ და სასარჩელო წესით მოითხოვეს მოთხოვნის დაკმაყოფილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით შ. და ვ. მ-ეების სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 15 მარტის №356 განკარგულება და მოპასუხეს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით (საქმე №ბს-38(კ-23)), ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განხილვისთვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს წინაშე 2024 წლის 03 ოქტომბერს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის ფორმით გამართულ სასამართლო სხდომაზე, მოწინააღმდეგე მხარეების (მოსარჩელეების) წარმომადგენლის მიერ დაზუსტდა მე-2 სასარჩელო მოთხოვნა, და ჩამოყალიბდა შემდეგი ფორმით: დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ვ.მ-ისა და შ.მ-ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, აზომვითი ნახაზით მოცემულ ფარგლებში (მიწის ნაკვეთის ფართობი 1544.4 კვ.მ).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შ.მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ვ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 15 მარტის №356 განკარგულება ვ.მ-ის ნაწილში და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ვ.მ-ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, აზომვითი ნახაზით მოცემულ ფარგლებში.
სააპელაციო პალატის მითითებით, სახეზე არ არის ასაღიარებელი ნაკვეთის ნაწილის სატრანსპორტო ზონაში მოქცევის და ხაზობრივი ნაგებობის კვეთის გამო საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი, რამეთუ მოსარჩელეთა მიერ დაზუსტდა მე-2 სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომლითაც მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ვრცელდებოდა სატრანსპორტო ზონა (8კვ.მ ნაწილში), ხოლო - მიწის ნაკვეთის (..., 27.9 კვ.მ-ის ნაწილში) ნაწილს, კვეთდა ხაზობრივი ნაგებობა. ამასთანავე, სააპელაციო პალატამ საქმის მასალებსა და საქართველოს კანონმდებლობის შინაარსზე დაყრდნობით, არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტაცია მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე დატანილ №02/1 შენობასთან მიმართებით და დადასტურებულად მიიჩნია ვ.მ-ის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის არსებობა კანონის ამოქმედებამდე (შენობა აკმაყოფილებდა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტით შენობისთვის კანონით დადგენილ მახასიათებლებს). რაც შეეხება არსებული მდგომარეობით შენობის კონფიგურაციის ცვლილებას, დამაჯერებლად იქნა მიჩნეული მოსარჩელე ვ.მ-ის განმარტება მასზედ, რომ საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით გაზარდა 2007 წლამდე არსებული შენობის ფართი (22.04.2016წ. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზით №02/1 შენობის განაშენიანების ფართობია 27 კვ.მ, თავდაპირველად არსებული 9.66 კვ.მეტრის ნაცვლად). ამდენად, მხოლოდ შენობის კონფიგურაციის ცვლილება არ ქმნიდა მოსარჩელის - ვ.მ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს. მოსარჩელე - შ.მ-ის სასარჩელო მოთხოვნაზე მსჯელობისას, სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის შეფასებები, მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების შედეგების და ორთოფოტოების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია, რომ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე დატანილი №01/1 შენობა, საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედების შემდგომ. ყურადღება დამატებით გამახვილდა იმაზეც, რომ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე დატანილი №01/1 შენობა დაინტერესებული პირის - ვ.მ-ის დაკვეთით შესრულებულ 2008 წლის 8 აპრილის მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზზეც (1692.2 კვ.მ) არ ფიქსირდებოდა. ამდენად, აღნიშნული შენობის 2009 წლის მდგომარეობით არსებობაზე, მოსარჩელე ვ.მ-ე საერთოდ არ მიუთითებდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორმა მიუთითა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 15 მარტის №356 განკარგულებაში მოყვანილ არგუმენტაციაზე და დამატებით აღნიშნა, რომ 2009 წლის 11 მარტის №104 საოქმო გადაწყვეტილების მიღების პერიოდში მოქმედი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონი შენობა-ნაგებობის არასაცხოვრებელ დანიშნულებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საკმარისად საფუძვლად მიიჩნევდა, რის გამოც აღიარების კომისიას არ გამოუკვლევია შენობა-ნაგებობის მახასიათებლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატას არ შეუფასებია უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე არსებული №02/1 შენობის კაპიტალურობა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ვ.მ-ემ 2019 წლის 11 დეკემბერს, ხოლო ვ.მ-ემ შ.მ-ესთან ერთად 2020 წლის 10 იანვარს განცხადებით მიმართეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №61-ში (ყოფილი მე-...ის №39) მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვეს. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 21 თებერვლის №9 საოქმო გადაწყვეტილებით (დღის წესრიგის №23 საკითხი) ვ. და შ. მ-ეებს უარი ეთქვათ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. 2022 წლის 15 მარტს კი, აღნიშნული საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, ამავე კომისიის მიერ მიღებულ იქნა №356 განკარგულება, რომლითაც ვ. და შ. მ-ეებს უარი ეთქვათ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (საერთო ფართობი - 1696.2 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე. განკარგულებიდან ირკვევა, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დაინტერესებული პირების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების, ორთოფოტოებისა და საქმის გარემოებათა გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა განმცხადებელთა მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. კერძოდ, 2005 წლის ორთოფოტოების მიხედვით, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობის კონფიგურაცია არ ემთხვეოდა მიმდინარე ადმინისტრაციული საქმის წარმოების ფარგლებში წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე დატანილ №02/1 შენობის კონფიგურაციას. ამასთანავე, კომისიის მიერ მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებით და ორთოფოტოებით დადგინდა, რომ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე დატანილი №01/1 შენობა საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო კანონის ამოქმედების - 2007 წლის შემდეგ. გარდა ამისა, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციითა და საქმის გარემოებათა გამოკვლევის შედეგად, დგინდებოდა, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი, განხილვის მომენტისთვის დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეული იყო სატრანსპორტო ზონაში, რაც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ასევე გამორიცხავდა მიწის ნაკვეთზე, როგორც თვითნებურად დაკავებულზე საკუთრების უფლების აღიარებას. საქმეში წარმოდგენილი ინდივიდუალური აუდიტორის 2020 წლის 8 იანვრის №... აუდიტორული დასკვნის თანახმად, დასტურდება, რომ ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №61-ში (ყოფილი მე-...ის №39-ის მიმდებარედ) მდებარე 1570 კვ.მ მიწის ნაკვეთი/ეზო შემოღობილია. ეზოში განთავსებული კაპიტალური, მიწასთან მყარად დამაგრებული შენობა-ნაგებობები, წყლის ჭა და მრავალწლიანი ნარგავები ორთოფოტოზე ფიქსირდება 2005 წლიდან. საქმეში წარმოდგენილია ასევე მოსარჩელეთა მეზობლების - რ.რ-ის, ი. და გ. ძ-ების ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები, რომლებითაც ადასტურებენ, რომ ვ.მ-ეს 1985 წლიდან ჰქონდა დაკავებული ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №39-ის მიმდებარედ არსებული 1570 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელზეც ააშენა კაპიტალური საცხოვრებელი შენობა-ნაგებობა. 2006 წელს კი, ძმასთან - შ.მ-ესთან ერთად, აღნიშნულ ნაკვეთზე ააშენა მეორე შენობა-ნაგებობა. მეზობლებმა დაადასტურეს, რომ ვ.მ-ე და შ.მ-ე ნამდვილად ფლობდნენ და სარგებლობდნენ აღნიშნული მიწის ნაკვეთით და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობებით 2007 წლამდე. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, აპელანტის მიერ დამატებით წარდგენილ იქნა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2024 წლის 24 აპრილის №16-012411546 წერილი, რომლითაც დგინდება, რომ სატრანსპორტო ზონაში მოქცეულია მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი, კერძოდ, 8 კვ.მ. საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ 2008 წლის 1 მაისს ვ.მ-ემ №12/31023 განცხადებით მიმართა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა. საქმეში წარმოდგენილია დაინტერესებული პირის - ვ.მ-ის დაკვეთით შესრულებული, 2008 წლის 8 აპრილით დათარიღებული, შპს „ელიტპრივატის“ მიერ შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი (1692.2 კვ.მ), რომელზეც დატანილია 1 შენობა. შენობის მახასიათებლებია: არასაცხოვრებელი დანიშნულების, მდგომარეობა - აშენებული, სართულიანობა 1, განაშენიანების ფართობი 9.66 კვ.მ. დადგენილია, რომ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 11 მარტის საოქმო გადაწყვეტილებით (ოქმი №104) ვ.მ-ეს უარი ეთქვა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის დაკანონებაზე იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია არასაცხოვრებელი ფართი. ასევე, არ დადასტურდა მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ 2009 წლის 11 მარტის №104 საოქმო გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, მარტოოდენ ისეთი მიწის ნაკვეთი ითვლებოდა თვითნებურად დაკავებულად, რომელზეც საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) იყო განთავსებული. 2022 წლის 15 მარტის №356 განკარგულების მიღებისას მოქმედი ამავე ნორმის მიხედვით კი თვითნებურად დაკავებულად ჩაითვალა ასევე იმგვარი მიწაც, რაზედაც განთავსებული იყო, მათ შორის, არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული). ამდენად, განხორციელებული ცვლილებით, თვითნებურად დაკავებულ მიწად მიჩნეულია როგორც საცხოვრებელი სახლით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), ასევე არასაცხოვრებელი დანიშნულების მქონე შენობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) დაკავებული მიწის ნაკვეთი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის არსებობა, თავად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იქნა დადგენილად მიჩნეული, თანმიმდევრულობას მოკლებულია საკასაციო საჩივარში გამოთქმული მოსაზრება, რომ შენობა-ნაგებობის ტექნიკური მახასიათებლების გამოკვლევა არ იყო არსებითი მნიშვნელობის მქონე.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე