დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 12.12.2025
საქმის ნომერი
ბს-429(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.12.2025

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-429(კ-25) 12 დეკემბერი, 2025 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - თ.გ-ი (პ/ნ...; მოსარჩელე ნ.ე-ის მეუღლე და უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - თელავის მუნიციპალიტეტის მერია, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

თავდაპირველი მოსარჩელე - თ.გ-ი (პ/ნ...)

მესამე პირი - მ.ჯ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი: თ.გ-მა, თ.გ-მა და ნ.ე-ემ 2021 წლის 10 სექტემბერს სარჩელით მიმართეს თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სოფელ ...ის ადმინისტრაციული ერთეულის 2019 წლის 13 თებერვლის №00031 ადგილზე დათვალიერების ოქმისა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 20 აგვისტოს №ბ26.26212324 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

სარჩელში აღნიშნულია, რომ 2019 წლის 13 თებერვალს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის - გ.გ-ის მიერ შედგენილ იქნა უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი №00031, რომელიც ასევე დაადასტურეს მოწმეებმა - ნ.თ-ემ და დ.ა-მა. აღნიშნული ოქმის საფუძველზე, თელავში, სოფელ ...ში, ე.წ. „...ში“ მდებარე მიწის ნაკვეთზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დარეგისტრირდა მ.ჯ-ის საკუთრების უფლება. აღნიშნულ ოქმს არ დაეთანხმნენ მოსარჩელეები: თ.გ-ი, თ.გ-ი და ნ.ე-ე და აღნიშნეს, რომ მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა არასწორად მოხდა. შესაბამისად, მოითხოვეს ამ აქტისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული აქტის ბათილად ცნობა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 17 ნოემბრის საოქმო განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება მ.ჯ-ი.

თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 მარტის საოქმო განჩინებით, საქმეში თანამოპასუხედ ჩართულ იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით, მოცემული ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეჩერდა არა უმეტეს ერთი წლისა გარდაცვლილი მოსარჩელის - ნ.ე-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე.

თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 2 ივნისის განჩინებით განახლდა მოცემული საქმის წარმოება და მოსარჩელე ნ.ე-ის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაბმულ იქნა მისი მეუღლე - თ.გ-ი.

თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ.გ-ისა და თ.გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კი ფიზიკურმა პირებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით თ.გ-ისა და თ.გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით თ.გ-მა (პ/ნ...) გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სადავო მიწის ნაკვეთს ფლობენ გ-ები. იგი შემოღობილი და დაკეტილია. შესაბამისად, ადგილზე დათვალიერება ვერ მოხდებოდა, რის შედეგადაც დასტურდება, რომ ოქმი ყალბია. მასში სპეციალისტებად და მოწმეებად მოყვანილი ხალხი მტრულად არის განწყობილი მოსარჩელეების მიმართ. მ.ჯ-ის სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი კი სხვა უბანშია გაცემული. აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით კასატორი ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ.გ-ის საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ.გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის კანონიერება, უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებული და აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დაუდასტურებლობის საფუძვლით.

საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო - 2019 წლის 13 თებერვლის ადგილზე დათვალიერების №00031 ოქმის გამოცემისას მოქმედ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საკარმიდამო მიწის ნაკვეთი არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც, უფლების დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად, გაცემულია საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად, მასზე განთავსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), სამეურნეო ნაგებობით ან/და დამხმარე ნაგებობით ან მის გარეშე; მიწის ნაკვეთი, რომელზედაც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ იძებნება (არ გაცემულა ან დაკარგულია), ამასთანავე, მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ ეს მიწის ნაკვეთი გაცემულია საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად და მისი ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰა-ს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰა-ს.

დასახელებული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.

ანალოგიური შინაარსის ჩანაწერს ითვალისწინებს სადავო - თელავის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 20 აგვისტოს №ბ26.26212324 ბრძანების გამოცემისას მოქმედი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 41 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა სისტემური რეგისტრაციისა და იმ შემთხვევისა, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.

დასახელებული ნორმების საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის მიერ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენას, რის შედეგადაც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რაც, საბოლოო ჯამში, კანონით განსაზღვრული მიზნის რეალიზების მნიშვნელოვანი საშუალებაა.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2019 წლის 13 თებერვალს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის - გ.გ-ის მიერ შედგენილი იქნა უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი №00031, რომელიც ასევე დაადასტურეს მოწმეებმა ნ.თ-ემ და დ.ა-მა. აღნიშნული ოქმით დადასტურდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია საარქივო ცნობა №... დასახელებული ოქმის საფუძველზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ თელავში, სოფელ ...ში მდებარე 1401 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა მ.ჯ-ის საკუთრების უფლება. საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მითითებულია: საარქივო ცნობა № ...-, დამოწმების თარიღი: 22.10.2018წ.; ადგილზე დათვალიერების ოქმი №00031, დამოწმების თარიღი: 13.02.2019წ., თელავის მუნიციპალიტეტის მერია; მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი №345.

სწორედ ზემოაღნიშნული ადგილზე დათვალიერების ოქმისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვეს მოსარჩელეებმა იმ არგუმენტებზე დაყრდნობით, რომ ადგილზე დათვალიერების ოქმი არ შეესაბამება მიღება-ჩაბარების აქტში აღწერილ მონაცემებს. შესაბამისად, მ.ჯ-ის საკუთრებაში რეგისტრირებულია მათი ოჯახის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მ.ჯ-ის ოჯახის სახელზე გაცემული უფლების დამდგენ დოკუმენტში - საარქივო ცნობაში მითითებული მიწის ნაკვეთისა და მისი საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა დადასტურდა უფლებამოსილი პირის მიერ ადგილზე ჩატარებული დათვალიერებისა და მოწმეთა განმარტებების საფუძველზე. ამასთან, საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ზემოაღნიშნული პროცედურის მარეგულირებელი კანონმდებლობის არსებით დარღვევას. რაც შეეხება მოსარჩელეების მოსაზრებას, რომ ოქმი არ შეესაბამება მიღება-ჩაბარების აქტში აღწერილ მონაცემებს, სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან სადავო ოქმში უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია საარქივო ცნობა №... მითითებული საარქივო ცნობით და თანდართული დოკუმენტაციით დგინდება, რომ მ.ჯ-ის სახელზე გაცემულია მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი №345 (გადაეცა 0.14ჰა და 0.21ჰა - 2 ნაკვეთად). გადახაზულია გრემელაანთ უბანი და მიწერილია ... უბანი. საგულისხმოა, ის ფაქტიც, რომ სისტემური აღწერის ფარგლებში, სადავო მიწის ნაკვეთი მ.ჯ-ის სახელზეა აღრიცხული. გარდა ამისა, თვით მოსარჩელეებმა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებული, ასევე სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისას წარდგენილ მიწის ნაკვეთის აზომვით ნახაზზე მეზობლად მიუთითეს მ.ჯ-ი. გარდა ამისა, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულებმა - დ.ა-მა და ნ.თ-ემაც განაცხადეს, რომ ათწლეულებია ცხოვრობენ სადავო ტერიტორიის მეზობლად. მათ დაადასტურეს, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა მ.ჯ-ის ოჯახის საკუთრებას, რომელსაც მფლობდნენ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში. ბოლო პერიოდში იგი თვითნებურად დაიკავა თ.გ-ის ოჯახმა.

დასახელებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლომ აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სოფელ ...ის ადმინისტრაციული ერთეულის 2019 წლის 13 თებერვლის №00031 ადგილზე დათვალიერების ოქმის ბათილად ცნობის უსაფუძვლობის თაობაზე. ამასთანავე, აღნიშნული აქტის კანონიერების პირობებში, ასევე უსაფუძვლოა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 20 აგვისტოს №ბ26.26212324 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნაც.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დაადგინა:

1. თ.გ-ის (პ/ნ...) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინება;

3. ც.ფ-ეს (პ/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2025 წლის 7 მაისს №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

თ. ზამბახიძე