დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 16.12.2025
საქმის ნომერი
ბს-694(3კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.12.2025

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-694(3კ-25) 16 დეკემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხეები) – 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური

კასატორი (მესამე პირი - ასკ 16.2) – ტ.ჩ-ი

მესამე პირი (ასკ 16.1) – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – მ.მ-ი

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 დეკემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ.მ-მა 2019 წლის 25 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ. მ.მ-მა 2020 წლის 23 მარტს დააზუსტა თავისი სასარჩელო მოთხოვნები და საბოლოოდ მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 16 აგვისტოს №4633216 ბრძანებისა და „მ.მ-ის წარმომადგენლის ნ.ს-ას ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 10 თებერვლის №116 ბრძანების ბათილად ცნობა.

მოსარჩელის მითითებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე უძრავ ნივთზე (ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №..., ...ის ჩიხი №...), მოპასუხის მიერ, ლ.ჩ-ის განცხადების საფუძველზე, არამართლზომიერად გაიცა მცირე სამუშაოების ჩატარების ნებართვა, რომლის შედეგადაც ტ.ჩ-ის მიერ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უშუალოდ მომიჯნავე საყრდენ კედელზე გამოიჭრა ღიობი და მოეწყო ... ..., რამაც, მოსარჩელის მოსაზრებით, შელახა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ავთენტიკურობა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო აქტები პირდაპირ ზიანს აყენებს მოსარჩელის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, რამეთუ კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს თანაბრად ევალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 3 აპრილის განჩინებით სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ლ.ჩ-ი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 იანვრის განჩინებით სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ტ.ჩ-ი, ხოლო 2021 წლის 9 თებერვლის განჩინებით სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით მ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 16 აგვისტოს №4633216 ბრძანება და „მ.მ-ის წარმომადგენლის ნ.ს-ას ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 10 თებერვლის №116 ბრძანება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 დეკემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ტ.ჩ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის მასალებზე დაყრდნობით დადგენილი როგორც ფაქტობრივი გარემოებები, ასევე ის ფაქტობრივ-სამართლებრივი შეფასება, რაც საფუძვლად დაედო მათ. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მხარეთა შორის სადავო გარემოებას წარმოადგენს, ერთი მხრივ, არის თუ არა საპროექტო კედელი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ხოლო, მეორე მხრივ, ... ...ის მოწყობის მიზნით ღიობის გამოყვანის სამუშაოების დასაშვებობა. სააპელაციო პალატამ, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონით განსაზღვრული მოწესრიგების დეტალური ანალიზის შედეგად, აღნიშნა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტზე სარეაბილიტაციო თუ კვლევითი სამუშაოების ჩატარება მოითხოვს მკაცრი პროცედურების დაცვას, უპირატესად კი, წინმსწრები კვლევითი დოკუმენტაციის მომზადებას, ასევე დაგეგმილი სამუშაოების აუცილებლობასა და განხორციელების ხერხებზე მითითებას. ვინაიდან დასახელებული საკითხის მართებულად გადაჭრა მოითხოვს სპეციალისტის ტექნიკურ ცოდნას, სააპელაციო პალატამ დეტალურად გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მასალები, სახელდობრ: ა) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის №3/181 ბრძანება; ბ) კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტის/ძეგლის №010507205 სააღრიცხვო ბარათი; გ) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის უფროსის 2021 წლის 25 თებერვლის №494/10 სამსახურებრივი ბარათი; დ) ხელოვნებათმცოდნე თ.ღ-ას 2019 წლის მცირე სახელოვნებათმცოდნეო დასკვნა; ე) სახელოვნებათმცოდნეო დასკვნა, ხელოვნებათმცოდნე თ.ღ-ას 2021 წლის დაზუსტებული კვლევა; ვ) ხელოვნებათმცოდნე ა.რ-ის 2021 წლის 30 მარტის სახელოვნებათმცოდნეო კვლევის შედეგები; ზ) ხელოვნებათმცოდნე მ.შ-ის 2020 წლის 15 მარტის სახელოვნებათმცოდნეო კვლევა; თ) 2019 წლის 25 სექტემბრის სახელოვნებათმცოდნეო დასკვნა „საყრდენი კედლის თაობაზე“ მ.ს-ის, ც.ჩ-ის, ნ.ც-ის ავტორობით; ი) ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 05 ოქტომბრის №007016919 ექსპერტიზის დასკვნა; კ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის/ძეგლის 2021 წლის 08 მაისის №4155 სააღრიცხვო ბარათი; ლ) არქეოლოგ ჯ.ჩ-ის და ნ.წ-ის 2021 წლის 02 აპრილის კვლევა; ზ) საპროექტო კედლის ფოტოსურათები. აღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ლ. და ტ. ჩ-ების მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საყრდენი კედელი, დამოუკიდებელი ტოპოგრაფიული ერთეულია, თუმცა, არაა შენობის შემადგენელი ნაწილი. სააპელაციო პალატამ ზემოაღნიშნულ მასალებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ ნამდვილად გამოკვეთილია საყრდენი კედლის ქუჩისპირა და შიდა ეზოს მხარეს მოქცეული ფასადი, პალატა მიიჩნევს, ხოლო ეს უკანასკნელი განაპირობებს საყრდენი კედლის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შემადგენელ ნაწილის კუთვნილებას. ამასთანავე, საყრდენი კედლის სააღრიცხვო ბარათში სახელდებით მოუხსენიებლობის პირობებშიც, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონით განსაზღვრული სპეციალური ნორმატიული მოწესრიგების გათვალისწინებით, იგი კვლავაც მემკვიდრეობის ძეგლის საზღვრებში ექცევა და შესაბამისად, აღნიშნულ არეალზე ვრცელდება დამცავი ზონა, შესაბამისად, მისი შენარჩუნებაც, როგორც ძეგლის, ასევე მისი შემადგენელი ნაწილების შენარჩუნების მსგავსად, ეკვივალენტური მნიშვნელობის მატარებელია. დამატებით, სააპელაციო პალატის მიერ ირელევანტურად იქნა მიჩნეული არქეოლოგ ჯ.ჩ-ის და ნ.წ-ის 2021 წლის 2 აპრილის კვლევა, ვინაიდან აღნიშნული სამუშაოების განხორციელების სანებართვო პირობები მოიცავდა სახელოვნებათმცოდნეო და არა არქეოლოგიური დასკვნის წარდგენის ვალდებულებას. ამასთანავე, რაც შეეხება ხელოვნებათმცოდნე თ.ღ-ას 2019 წლის მცირე სახელოვნებათმცოდნეო დასკვნას და მის მიერვე შესრულებულ 2021 წლის დაზუსტებული კვლევას შორის არსებულ ურთიერთშეუსაბამობას, სააპელაციო პალატის მიერ სარწმუნოდ იქნა მიჩნეული თავად კვლევის ავტორის - თ.ღ-ას განმარტება საბოლოო კვლევის სიღრმისეულ ბუნებასთან დაკავშირებით. საბოლოოდ, რაც შეეხება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების, კერძოდ კი, საყრდენ კედელზე ... ღიობის მოწყობის დასაშვებობას, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმეში დაცული მასალებით პირდაპირ გამოირიცხება სარესტავრაციო სამუშაოების გარდა, სხვა სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, აღნიშნულ მითითებას პირდაპირ შეიცავს ზემოაღნიშნული №010507205 სააღრიცხვო ბარათიც, რომელშიც მითითებულია, რომ “ძეგლის ღირებულებიდან გამომდინარე, მასზე დასაშვებია მხოლოდ ისეთი სამუშაოების ჩატარება, როგორიცაა რესტავრაცია.” საგულისხმოა ისიც, რომ “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ’’ კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტი ახდენს მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების რეგლამენტაციას, მათში იგულისხმება საინჟინრო კომუნიკაციების შეკეთება, გამოცვლა, დამონტაჟება მზიდი კონსტრუქციული ნაწილების ცვლილების გარეშე, ცალკეული არქიტექტურული დეტალების, მათ შორის, ღიობების, კიბეების, აივნების, დეკორატიული ელემენტების სახეცვლილება. აღნიშნული ნორმის შინაარსის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ საინჟინრო კომუნიკაციებთან დაკავშირებული მოქმედებები უცილობლად უნდა განხორციელდეს მზიდი კონსტრუქციული ნაწილების ცვლილების გარეშე - რაც გამორიცხავს საყრდენი კედლის გამონგრევას და მასში ... ...ის მოწყობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 დეკემბრის განჩინება გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ტ.ჩ-ის მიერ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მითითებით, ადმინისტრაციული ორგანო დასახელებული საკითხის გადაწყვეტისას სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით. გადაწყვეტილების მიღებაში, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, აქტიურად მონაწილეობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო, რომელიც ამოწმებს წარდგენილ პროექტს კულტურულ-ესთეტიკური ღირებულებითი პერსპექტივით. კასატორი აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული არ არის ხელოვნებათმცოდნე თ.ღ-ას 2019 წლის მცირე სახელოვნებათმცოდნეო დასკვნის შედეგები, რასაც დაეფუძნა სადავო საპროექტო სამუშაოები. აღნიშნული თვალსაზრისით, ნიშანდობლივია ისიც, რომ ხელოვნებათმცოდნე თ.ღ-ას მიერ შეფასდა მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების დასაშვებობა და ეს უკანასკნელი დასაშვებად იქნა მიჩნეული ფართის ფუნქციონირების მიზნებისათვის. ასევე დასახელებული სპეციალისტის ზეპირი ახსნა-განმარტებებით დადასტურდა, რომ სააღრიცხვო ბარათში ძეგლზე ჩასატარებელ დასაშვებ სახეობად რესტავრაციის მითითება უმნიშვნელოა და არ წარმოადგენს არსებით გარემოებას. ამასთან, მხედველობაში არ არის მიღებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 05 ოქტომბრის №007016919 ექსპერტიზის დასკვნის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით „კედლის ზედა ნაწილში, რომელიც თვითმზიდ კონსტრუქციას განეკუთვნება, ტექნიკურად შესაძლებლად მიგვაჩნია ერთ ადგილას მცირე ზომის ღიობის მოწყობა.“ ამავდროულად, სრულად უგულებელყოფილია ინჟინერ-კონსტრუქტორ ა.კ-ას 2019 წლის 22 ივლისის კონსტრუქციული დასკვნა, რის თანახმადაც “არსებული შენობა კონსტრუქციულად მზიდკედლებიანი ტიპისაა, კედლები აგურის წყობითაა, თუნუქის სახურავით. ...ის ქუჩაზე გამავალ კედელში ღიობის მოწყობა მისი მცირე გაბარიტებიდან გამომდინარე საფრთხეს არ უქმნის შენობის მდგრადობას და მისი განხორციელება შესაძლებელია.” კასატორი მიუთითებს იმასაც, რომ გასაჩივრებული განჩინების ფარგლებში სააპელაციო პალატა დაეყრდნო მხოლოდ იმ დასკვნებს, რომლებიც ღიობის მოწყობას უარყოფითად აფასებენ, შესაბამისად, კასატორისთვის ბუნდოვანია, რატომ გაითვალისწინა სააპელაციო პალატამ მხოლოდ ის დასკვნები, რომლებიც მოსარჩელის პოზიციას განამტკიცებს და არა მაგალითად, სრულიად საპირისპირო დასკვნები. იმ პირობებში, როდესაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს შემადგენლობა უპირატესად ხელოვნებათმცოდნეებით არის დაკომპლექტებული, რომლებსაც თავად დადებითი დასკვნების არსებობის პირობებშიც კი შეუძლიათ უარყოფითი რეკომენდაციის გაცემა, თუკი ისინი თავად არ მოიწონებენ წარმოდგენილი სამუშაოების პროექტის კულტურულ განზომილებას, დაუშვებელია სამუშაოების განხორციელების ნებართვა დაეფუძნოს კულტურული ღირებულების რაობის თაობაზე მხოლოდ ცალკეული სპეციალისტის სუბიექტურ აღქმას. დამატებით, სააპელაციო პალატის მიერ არასწორად იქნა განმარტებული “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რამდენადაც ... ...ის მოწყობა შეთანხმებულია არსებულ ღიობზე, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ კონსტრუქციული ნაწილების ცვლილებაზე მითითება ირელევანტურია. საგულისხმოა, რომ “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის მიხედვით რეაბილიტაციის მიზნით შეიძლება ჩატარდეს ადაპტაცია, ხოლო ამავე კანონის მე-3 მუხლის “ქ” ქვეპუნქტში რეგლამენტირებული ადაპტაციის ცნება, უკვე მოიცავს ...ის მოწყობის შესაძლებლობას, ვინაიდან ადაპტაცია უკავშირდება ძეგლის ცვლილებას, ხოლო თავად ...ის მოწყობა უკვე არსებულ ღიობზე საერთოდ არ წარმოადგენს ძეგლის მთლიანობის ხელყოფას. საბოლოოდ კი, უკვე არსებულ ღიობთან მიმართებით სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ საკუთრების უფლებას, ასევე არღვევს სზაკ-ის 601 მუხლით განმტკიცებულ კანონიერი ნდობის პრინციპს აღმჭურველი აქტების იურიდიული სპეციფიკის გათვალისწინებით.

კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მითითებით, საქმის მასალები ერთმნიშვნელოვნად ცხადყოფს იმას, რომ სადავო ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას. კასატორი ხელოვნებათმცოდნე თ.ღ-ას 2021 წლის დაზუსტებულ კვლევაზე მითითებით აღნიშნავს, რომ კვლევის ავტორის მოსაზრებით, საყრდენი კედელი ძეგლის ფასადის საძირკვლის ორგანული ნაწილი და გაგრძელებაა, თუმცა კვლევა კატეგორიულად არ გამორიცხავს ღიობის განთავსების დაუშვებლობას, რაც უგულებელყოფილ იქნა სააპელაციო პალატის მიერ. ამავდროულად, კასატორი ყურადღებას ამახვილებს თ.ღ-ას მიერ მოწმის სახით მიცემულ ახსნა-განმარტების იმ ნაწილზე, რომლის ფარგლებშიც მან აღნიშნა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სააღრიცხვო ბარათში მითითებული ჩასატარებელი სამუშაოების დასახელება (რესტავრაცია) უკავშირდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ღირებულ ნაწილს, შენობა-ნაგებობას და არა ღობეს, ეს უკანასკნელი არის ძეგლის არაღიარებული ნაწილი, რაც არ გამორიცხავს რესტავრაციის დაშვების შესაძლებლობას. კასატორი ხაზს უსვამს თ.ღ-ას ახსნა-განმარტების იმ ნაწილსაც, რომელშიც სპეციალისტი, კასატორის შეფასებით, არაერთხელ აფიქსირებს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები შესაძლოა ჩატარდეს ძეგლის როგორც ღირებულ, ასევე არაღირებულ ნაწილზე, ხოლო ... ...ის მოწყობა განეკუთვნება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებს. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული ახსნა-განმარტებები ცხადყოფს იმას, რომ სპეციალისტი დასაშვებად მიიჩნევს საყრდენ კედელზე ღიობის განთავსებას, ხოლო მის მიმართ არ უნდა გავრცელდეს მხოლოდ სააღრიცხვო ბარათში მითითებული დასაშვები სამუშაოების (რესტავრაცია) განხორციელების შესაძლებლობა, ყოველივე ზემოაღნიშნული კი, სააპელაციო პალატის მიერ შეფასების მიღმაა დატოვებული. კვლევით ნაწილთან დაკავშირებით, დამატებით აღნიშნულია, რომ სააპელაციო პალატას მხედველობაში არ მიუღია გ.პ-ის არქიტექტურულ-ისტორიული კვლევითი დოკუმენტი (მასში აღნიშნულია, რომ „გადაკეთებულია კედლის ქუჩის მხარე ფასადიც. იგი აგებულია შედარებით ახალი აგურის არასწორი რიგებით. როგორ აღვნიშნეთ, ამ კედლის კუთხეში ქუჩის მხარეს გაჭრილია პატარა, სწორკუთხა ღიობი, რომელსაც ლითონის ... აქვს გაკეთებული. კვლევის საგანს წარმოადგენს სწორედ ამ ღიობის მიზანშეწონილობა. საყრდენი კედლის ეს მონაკვეთი შიდა მხრიდან ბლოკით არის აგებული, ხოლო ქუჩის მხრიდან ახალი აგურით. შესაბამისად, ამ ღიობს არ დაურღვევია ძველი კედლის მხატვრული იერსახე შიდა და გარე მხრიდან.“) რომელიც მესამე პირების მიერ იქნა წარმოდგენილი სააპელაციო განხილვის ეტაპზე, რაც ცხადყოფს იმას, რომ ხელოვნებათმცოდნეთა მოსაზრებები განსხვავდება ერთმანეთისაგან. საბოლოოდ, კასატორი მიუთითებს, რომ ხელოვნებათმცოდნე თ.ღ-ას 2021 წლის დაზუსტებული კვლევა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 5 ოქტომბრის №007016919 ექსპერტიზის დასკვნა, ერთობლიობაშიც კი, ვერ აქარწყლებს ინჟინერ-კონსტრუქტორ ა.კ-ას 2019 წლის 22 ივლისის კონსტრუქციულ დასკვნას. საკასაციო საჩივრის ავტორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, კასატორის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის – მსგავსად, ყურადღებას ამახვილებს ადაპტაციის ნორმატიულ შესაძლებლობაზე, აგრეთვე, კანონიერი ნდობის პრინციპის დაცულობის უპირობო აუცილებლობასა და კულტურული მემკვიდრეობის სფეროში, თავად კანონმდებლობის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების პრიმატზე.

კასატორის – ტ.ჩ-ის მითითებით, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტი, აღნიშნული დებულების განმარტებისას მხედველობაში იქნა მიღებული მხოლოდ განმარტების სიტყვასიტყვითი მეთოდი, უგულებელყოფილ იქნა ნორმის მიზანი, განმარტების ის მეთოდი, რომელიც ნორმის მიზანზეა ორიენტირებული. კასატორის შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა კონცენტრირდა მხოლოდ ტერმინ „სახეცვლილებაზე“ და არასწორად მიიჩნია, რომ ღიობის გამოჭრა არ მოიაზრება სარეაბილიტაციო სამუშაოებში. საკასაციო საჩივრის ავტორი – ტ.ჩ-ი ყურადღებას ამახვილებს დისკრეციულ უფლებამოსილებაზე, კანონიერი ნდობის პრინციპზე, ასევე, ...ის მოწყობის კულტურული ძეგლის ადაპტაციად კვალიფიკაციის ნორმატიულ შესაძლებლობაზე. ამასთან, სააპელაციო პალატა ცალმხრივად დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელის სასარგებლოდ წარდგენილ მტკიცებულებებს, მათ შორის სპეციალისტის დასკვნებს, არასწორად იქნა მიჩნეული ძეგლის იერსახის ცვლილების არსებობის ფაქტი. დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მოსაზრება მასზედ, რომ სადავო საპროექტო კედელზე ვრცელდება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონით განსაზღვრული რესტავრაციის რეჟიმი, მაშინ როდესაც ზემოაღნიშნული კედელი საერთოდ არ წარმოადგენს სააღრიცხვო ბარათით დაცულ ობიექტს. კასატორის მიერ ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ ... ...ის არსებობა ხელს არ უშლის შენობა-ნაგებობის ტექნიკურ უსაფრთხოებას, რაც დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მაგალითად, თ.ღ-ას 2019 წლის კვლევის შედეგებით და სააპელაციო პალატის წინაშე მიცემული ზეპირი ახსნა-განმარტებებით. ამასთანავე, სადავო კედელს დაკარგული აქვს ერთიანი ხასიათი, თავდაპირველი სახე და ავთენტიკურობა; იგი შედგება სხვადასხვა პერიოდის მასალისგან, აგებულია სხვადასხვა პერიოდის სამშენებლო მასალებით, ხოლო მასზე ახლო წარსულში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი სახეცვლილება. ამავდროულად, საკასაციო საჩივარს ასევე ერთვის მტკიცებულებები, რომლის შესახებაც მითითებულ იქნა, რომ მხარემ აღნიშნულის თაობაზე მხოლოდ 2025 წლის 16 აპრილს შეიტყო, აღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, კასატორი აკრიტიკებს თ.ღ-ას 2021 წლის დაზუსტებულ სახელოვნებათმცოდნეო კვლევას, რომელშიც საპროექტო და მისგან უშუალოდ მომიჯნავე კედლის შედარებაზე დაყრდნობით, სპეციალისტის მიერ გამოთქმულია გარკვეული ვარაუდები კედლის წარმოშობასთან დაკავშირებით. აღნიშნული თვალსაზრისით, კასატორი მიუთითებს, რომ სპეციალისტის მოსაზრებით ორივე კედელს საერთო წარმომავლობა, კულტურულ-არქიტექტურული სტრუქტურა და დანიშნულება გააჩნია, კერძოდ, ორივე კედელი წარმოადგენს ერთი და იგივე კედლის საერთო ფრაგმენტებს, რომელიც სადღეისოდ მართალია დამოუკიდებელ საკადასტრო ერთეულად არის რეგისტრირებული, თუმცა წარმოადგენდა ერთიან შემომსაზღვრელ ზღუდე კომპლექსს. კასატორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უკავშირდება სწორედ მომიჯნავე კედელზე გაცემულ დემონტაჟის, ხოლო უკვე 2020 წლის 15 აპრილის მდგომარეობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე (რომელზეც გადის მომიჯნავე კედელი) საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით გაცემულ მშენებლობის ნებართვას. ამასთანავე, აღნიშნული კედელი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი საბუთის შესაბამისად მიჩნეულია ძეგლის არაღირებულ ნაწილად. კასატორის განმარტებით, ვინაიდან მშენებლობის ნებართვის ვადა ორჯერ იქნა გაგრძელებული, მათ აღნიშნული გარემოებების არსებობის შესახებ მხოლოდ ახლახან შეიტყვეს. შესაბამისად, კასატორისთვის დაუსაბუთებელია თ.ღ-ას თუნდაც 2021 წლის დაზუსტებული კვლევის სარწმუნო წყაროდ მიჩნევა, ვინაიდან მასში გამოთქმული ვარაუდები არ არის დასაბუთებული, ურთიერთგამომრიცხავია საერთო კედლის ერთ ფრაგმენტზე დაშვებული იყოს მშენებლობა, ხოლო მეორეზე არ დაიშვებოდეს ... ღიობის მოწყობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნეს მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ტ.ჩ-ის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ტ.ჩ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კასატორთა მიერ არ არის წამოყენებული დასაშვები და დასაბუთებული შედავება სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. აღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო პალატა საქმეში არსებული მასალებისა და კასატორთა მიერ დაფიქსირებული საკვანძო ფაქტობრივ-სამართლებრივი პრეტენზიებისა და არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეაფასებს კასატორთა მხოლოდ იმ პრეტენზიების საფუძვლიანობას, რომელთაც უშუალოდ ეფუძნება მათი საკასაციო მოთხოვნების წარმატების ბედი (იხ. ევროპული სასამართლოს 09.12.1994წ. გადაწყვეტილება საქმეზე Case of Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; იხ. აგრეთვე. ევროპული სასამართლოს 24.05.2005წ. გადაწყვეტილება საქმეზე Buzescu v. Romania, App. No. 61302/00, §67.). ნიშანდობლივია, რომ ვინაიდან სსკ-ის 407-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საკასაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას არ დაიშვება ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა და ხდება მხოლოდ დადგენილი ფაქტების იურიდიული შეფასება, საკასაციო პალატა მხედველობაში ვერ მიიღებს ტ.ჩ-ის მიერ საკასაციო საჩივარზე დართულ ახალ მტკიცებულებებს, შესაბამისად, სამართლებრივი შეფასება განხორციელდება მათი მხედველობაში მიუღებლად (სუსგ., ბს-790(კ-23), 15.02.2024წ.).

უპირველეს ყოვლისა, დასაბუთებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების შეფასება მასზედ, რომ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ასკ-ის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნორმატიული მნიშვნელობის შესაბამისად. საკასაციო პალატამ 2016 წლის 07 ივლისის განჩინებაში საქმეზე №ბს-383-377(კს-15) მიუთითა შემდეგ მოცემულობაზე: „კანონმდებლობაში აისახება ისეთი უფლებები, რომლებიც მიმართული არიან ძირითადი, საზოგადოების ყველა წევრისათვის საერთო, გარკვეული ჯგუფებისათვის ტიპიური ინტერესების დასაკმაყოფილებლად.“ საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის მიხედვით სახელმწიფო ზრუნავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და კულტურის განვითარებაზე. აღნიშნული თვალსაზრისით, საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ კონსტიტუციის ზოგადი დებულებები განასახიერებს იმ ძირითად ღირებულებით ვექტორს, რომლის ფარგლებშიც კანონიერი ინტერესების საკანონმდებლო აღიარებას ხშირად მოსდევს კანონიერ ინტერესთა გარკვეული ნაწილის შემდგომში ძირითადი უფლების ხარისხში აყვანა (სუსგ., ბს-383-377(კს-15), 07.08.2016წ.). საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლი იცავს კულტურულ მემკვიდრეობას, რომლის მე-4 პუნქტის 1-ელი წინადადების მიხედვით, ყველას აქვს უფლება ზრუნავდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა მიჩნეულია სამართლებრივი დაცვის ღირს ისეთ საჯარო სიკეთედ, რომელიც აყვანილია ძირითადი უფლების ხარისხში. თუმცაღა, აღნიშნული ძირითადი უფლება სპეციფიკური ღირებულებითი განზომილების მქონე უფლებაა, მის განხორციელებას საფუძვლად უდევს კოლექტიური საზოგადოებრივი ინტერესი, ერთგვარი საზოგადოებრივი კონსენსუსი, იმის კეთილსინდისიერი რწმენა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა უპირატესად იმ საფუძვლით არის ძირითადი უფლებით დაცული სამართლებრივი სიკეთე, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და მასზე ზრუნვა, შედის არამხოლოდ ცალკეული პირის, არამედ მთლიანად საზოგადოების ინტერესებში (erga omnes), რომლის გამოც თითოეული პირი სპეციალურად არის აღჭურვილი კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვისა და მისი დაცვის უფლებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ხელისუფლების განხორციელებისას სახელმწიფო შეზღუდულია ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. ამასთანავე, საკასაციო პალატის პრაქტიკაში განმარტებულია, რომ „უშუალოდ მოქმედი სამართალი გულისხმობს ინდივიდის სრულფასოვან იურიდიულ შესაძლებლობას, სასამართლო წესით დაიცვას მისი კონსტიტუციური უფლებები, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებები ქმედითი იურიდიული ძალის შესაძენად არ საჭიროებენ შემდგომ საკანონმდებლო დაზუსტებას და ისინი უშუალოდ წარმოშობენ სამართლებრივი მოთხოვნის უფლებას ინდივიდისათვის“ (სუსგ ბს-1309(2კ-23), 20.03.2025წ.; სუსგ ას-1908-2018, 17.10.2023წ. §19.). სასამართლოში უფლების დაცვის აბსტრაქტულ საკონსტიტუციო გარანტიასთან ერთად, ნიშანდობლივია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადების მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობა დაცულია კანონით. აღნიშნული თვალსაზრისით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონი განასახიერებს საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის 1-ელი წინადადებით დეკლარირებული კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვის უფლების უზრუნველყოფის პოზიტიურ საკანონმდებლო ზომებს. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის მე-9 მუხლი ითვალისწინებს ფიზიკური პირების უფლება-მოვალეობებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში, რომლის 1-ელი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ფიზიკური პირები ვალდებული არიან დაიცვან და მოუფრთხილდნენ კულტურულ მემკვიდრეობას. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოვლა-პატრონობის საკანონმდებლო დეფინიცია, რომლის მიხედვითაც, ძეგლის მოვლა-პატრონობა არის ძეგლის, ხოლო უძრავი ძეგლის შემთხვევაში, ასევე მისი ტერიტორიის, დაზიანებისა და განადგურებისაგან დაცვის, მისი ისტორიულ-კულტურული ღირებულების შენარჩუნების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით დადგენილი წესით განხორციელებულ ღონისძიებათა ერთობლიობა. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელე, ძირითადი უფლების ძალით, სასკ-ის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნორმატიული მნიშვნელობის შესაბამისად, უფლებამოსილია იდავოს სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობაზე იმ საფუძვლით, რომ ეს უკანასკნელი ზიანს აყენებს მის კანონიერ უფლებას ან/და იურიდიულად რელევანტურ ინტერესებს.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით უტყუარად დგინდება, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. .../...ის ჩიხი №...-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით ..., ბინა №..., ფართი 200,25 კვ.მ., 2014 წლის 3 თებერვლიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია მ.მ-ის სახელზე (ნაკვეთის საკუთრების ტიპი - თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 2204.00კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი ..., შენობა-ნაგებობები №...-დან №...-ის ჩათვლით.). ქ. თბილისში, ...ის ქ. .../...ის ჩიხი №...-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით ..., შენობა №..., ფართი 47,63 კვ.მ., 2018 წლის 23 თებერვლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2018 წლის 1 მარტიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია ტ.ჩ-ის სახელზე (ნაკვეთის საკუთრების ტიპი - თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 2204.00კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: ..., შენობა-ნაგებობები: №....- დან №....-ის ჩათვლით.). საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის №3/181 ბრძანებით, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №...-...ის ჩიხი №...-ში (ბრძანებაში იდენტიფიცირებული, როგორც ქ.თბილისი, ...ის ქუჩა №...-სთან, ს/კ ...) მდებარე შენობას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. აღნიშნული უძრავი ობიექტის/ძეგლის №010507205 სააღრიცხვო ბარათში მითითებულია: სახეობა - არქიტექტურის (სამოქალაქო), ფუნქცია - საცხოვრებელი სახლი, კერძოდ საკუთრება. ამავე ბარათის თანახმად, ძეგლის ღირებულებიდან გამომდინარე, მასზე დასაშვებია მხოლოდ ისეთი სამუშაოების ჩატარება, როგორიცაა რესტავრაცია. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, შენობა მნიშვნელოვანია უბნის ისტორიულ-არქიტექტურული იერსახის შექმნისთვის. არსებულ ისტორიულ განაშენიანებაში მას აქვს დომინანტის როლი... ეზოს მხრიდან შენობის ფასადზე აღსანიშნავია ისეთი არქიტექტურული ელემენტები, როგორიცაა კარნიზი, რიკულები, სვეტი, სამერცხული, გალერეა, შუშაბანდი, ხის კიბე, სარკმელი, კარი. ამ ფასადის დეკორატიული ელემენტებიდან ყურადღებას იქცევს ხის ელემენტები, ღობე, ხის მოაჯირი, ჭიშკარი. 2019 წლის 8 ივლისს ლ.ჩ-იმა №... განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №.../...ის ჩიხი №...-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების თაობაზე (... ...ის მოწყობა) მშენებლობის ნებართვა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 2019 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით (დოკუმენტი №...) დადებითი შეფასება მიეცა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №.../...ის ჩიხი №...-ში (ძეგლი)მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების (... ...ის მოწყობა) პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხს. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 16 აგვისტოს №4633216 ბრძანებით, მოწონებულ იქნა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №.../...ის ჩიხი №...-ში (ძეგლი) მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების (... ...ის მოწყობა) პროექტის შეთანხმების საკითხი, გაიცა უძრავი ძეგლზე სამუშაოების ნებართვა და სანებართვო მოწმობა, მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2019 წლის 16 აგვისტოდან 2019 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით. 2019 წლის 25 სექტემბერს მ.მ-ის წარმომადგენელმა ნ.ს-ამ №19/01192682341-01 და №19/01192682307-01 ადმინისტრაციული საჩივრებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 16 აგვისტოს №4633216 ბრძანების ბათილად ცნობა და მისი მოქმედების შეჩერება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 10 თებერვლის №116 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა მ.მ-ის წარმომადგენლის ნ.ს-ას 2019 წლის 25 სექტემბრის №19/01192682341-01 და №19/01192682307-01 ადმინისტრაციული საჩივრები და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 16 აგვისტოს №4633216 ბრძანება. საქმეში წარმოდგენილია რამდენიმე სახელოვნებათმცოდნეო კვლევა, დასკვნები და მოსაზრებები, მათ შორის ურთიერთსაპირისპირო შინაარსით.

პირველ რიგში, თ.ღ-ას 2019 წლის მცირე სახელოვნებათმცოდნეო კვლევა ერთოდა ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ დოკუმენტაციას, რომელიც უკავშირდებოდა ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე შენობაზე განსახორციელებელ საპროექტო სამუშაოებს, მასში აღნიშნულია, რომ წარდგენილი პროექტის მიხედვით, აღნიშნულ კედელზე საკვამური ღიობი უნდა განთავსდეს, რაც ტექნიკური უსაფრთხოების შემთხვევაში, დასაშვებად იქნა მიჩნეული. უშუალოდ კედელთან დაკავშირებით, ამავე კვლევაში ვხვდებით შემდეგ მსჯელობას: ‘’შენობის ქუჩისპირა ფასადი, მცირე აგურის ღობით იფარგლება, რომელიც თავისთავად ეზოში არსებული მცირე ზომის შენობის უკანა კედელს წარმოადგენს. ღობე-კედლის საფუძველზე, ძველი ქართული აგურები იკითხება, თუმცა როგორც ჩანს მოგვიანებით, ე.წ. რუსული აგურით ამოყვანილი’’. ამავე დასკვნის საფუძველზე, სხვა დოკუმენტებთან ერთობლიობაში გაცემულია სადავო სანებართვო დოკუმენტაცია და აქტები.

აღნიშნულ დასკვნასთან დაკავშირებით, საქმეში წარმოდგენილია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის უფროსის 2021 წლის 25 თებერვლის №494/10 სამსახურებრივი ბარათი, სადაც აღნიშნულია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 16 აგვისტოს №4633216 ბრძანება შეეხება ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №.../...ის ჩიხი №...-ში (ს/კ: №...) მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის შემადგენელ ნაწილზე ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ნებართვის გაცემის საკითხს, ხოლო მცირე სახელოვნებათმცოდნეო დასკვნაში არ ჩანდა აღნიშნული კედლის ისტორიულ- არქიტექტურული მონაცემები, რაც მასზე ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ნებართვის გაცემის მომენტში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მხრიდან გასათვალისწინებელი ფაქტორი უნდა ყოფილიყო და ამის შესაბამისად, საჭიროებდა დამატებით სახელოვნებათმცოდნეო კვლევას.

საქმეში წარმოდგენილია 2019 წლის 25 სექტემბრის სახელოვნებათმცოდნეო დასკვნა საყრდენი კედლის თაობაზე, სადაც აღნიშნულია შემდეგი: ,,სწორედ ძეგლისათვის შეუსაბამო და დაუშვებელი მიდგომის კონკრეტულ მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ღიობის გაჭრის განზრახვა ...ის ქ. №..../ ...ის ჩიხი №... მისამართზე არსებულ ისტორიულ საყრდენ კედელში. საყრდენი კედლის ერთიან ყრუ ზედაპირზე გამჭოლი ღიობის გაჩენა შეცვლის ძეგლის იერსახეს. მიუხედავად დაზიანებისა და არაერთი შეკეთების კვალისა, საყრდენი კედლის აგურით მოპირკეთებული ქუჩისპირა მხარე განუმეორებელ ხიბლს სძენს ...ის ქუჩას და მისი იერსახის განუყოფელი ნაწილია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული კედლის დღევანდელი მდგომარეობა კრიტიკულია. მისი ქუჩისპირა ნაწილი გარე პირის გამონგრევებით არის შესუსტებული. კედლის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია მისი, როგორც ქუჩისპირა, ასევე ეზოს მხარეს მოქცეული ნაწილის რესტავრაცია’’.

საქმეში წარმოდგენილია ხელოვნებათმცოდნე თ.ღ-ას 2021 წლის დაზუსტება სახელოვნებათმცოდნეო დასკვნისა ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე კედელთან დაკავშირებით. დასკვნაში ვკითხულობთ: “ის, რომ ჩვენთვის საინტერესო კედელი ერთიანი სისტემის ნაწილია, ადვილად დასტურდება №...-ში მდებარე სარდაფის ვიზუალური დათვალიერებითაც’’... “ჩვენთვის საინტერესო კედელი სწორედ ამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ქუჩისპირა ფასადის საძირკვლის ნაწილი და ორგანული გაგრძელებაა. მარცხენა მხარეს კი კედელზე მიბჯენილია მცირე სათავსი, რომელიც ახალი გაჩენილი უნდა იყოს. აღნიშნული კავშირი დასტურდება, როგორც სახურავის მასალით, ასევე ორთოფოტომასალითაც’’... “ვიზუალური დათვალიერებით დასტურდება, რომ კედელი შელესილია და ცალკეულ ფრაგმენტებში ახალი სამშენებლო მასალაც არის გამოყენებული, რაც სავარაუდოდ სათავსის მიერთების და არასწორი ჩარევის შედეგი უნდა იყოს...’’ შესაბამისად, “...ის ქ. №...-ში მდებარე კედელი, არსებულ განაშენიანებაზე ბევრად ძველი უნდა იყოს და ის, სავარაუდოდ, ქალაქის გვიანი შუა საუკუნეების ისტორიულ ნაშთს უნდა წარმოადგენდეს. შესაბამისად, მისი დაცვა და შენარჩუნება, ძალზედ მნიშვნელოვანია. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ №...ში მდებარე ნაგებობა და მის კადასტრზე განთავსებული ყველა შენობა, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მატარებელია, რაზეც დაცვის განსაზღვრული რეჟიმი მოქმედებს. ზემოთქმულიდან გამომდინარე, იცვლება არამხოლოდ შენობებზე, არამედ არსებულ ზღუდე-კედელზე დამოკიდებულების ფორმაც და ჩატარებული თუ სამომავლოდ ჩასატარებელი სამუშაოების სახეობაც’’.

საყრდენი კედლის თაობაზე, მ.ს-ის, ც.ჩ-ის, ნ.ც-ის ავტორობით შედგენილი დასკვნის მიხედვით: „საყრდენი კედლის წყობა აშკარად მიუთითებს დიდ სიძველეზე. სამშენებლო მასალად გამოყენებული ფლეთილი ქვა და ძველი (კვადრატული) აგური გვიანი შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელი, ტრადიციული სამშენებლო ტექნიკით არის შესრულებული. აგურის ჰორიზონტალურ რიგებს მოსდევს აგურსავე ტიხრებში ჩასმული, მოზრდილი ფლეთილი ქვები. ამგვარი დეკორატიული წყობით ნაგები კედლები ფრაგმენტულად არის შემორჩენილი თბილისის ძველ უბნებში და XVI-XVII სს-ით თარიღდება (მაგ. ... N5 და N16ბ XVII სს-ის კოშკური სახლების ძირი. ...ის უბნებში შემორჩენილი ტერასების ძველი საყრდენი კედლების ფრაგმენტები XIX საუკუნის შუა ხანებამდე აქ არსებული სამეფო ბაღების ზღუდეების სისტემის ნაწილია. ხოლო მათ შორის ერთ-ერთი უძველესია ...ის ქ. N... საცხოვრებელ სახლსა და ეზოში მდგომ მცირე ზომის, ერთსართულიან შენობას შორის მონაკვეთში შემონახული საყრდენი კედელი. როგორც ცნობილია, თბილისში შემომავალი ერთ-ერთი ისტორიული გზა ტოპოგრაფიულად ემთხვევა ამჟამინდელი ...ის ქუჩას. იგი ...ის 1735 წლის თბილისის უძველეს რუკაზე ‘’...’’ იწოდება. ეს ... ...ის ქუჩის სახელწოდებამ ბოლო დრომდე შემოინახა. ამდენად, ...ის ქ. N... ეზოს მხრიდან კარგად შემონახული, ზემოთ აღწერილი სიძველე ისტორიული ...ის გზის საყრდენ კედელს წარმოადგენს, რაც მის, როგორც ურბანული არქიტექტურის თვალსაჩინო ძეგლის, განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მიუთითებს. ‘’ ამავე კვლევის დასკვნით ნაწილში გაკრიტიკებულია ღიობის მოწყობის დაგეგმილი სამუშაოები და აღნიშნულია, რომ კედელი საჭიროებს როგორც ქუჩისპირა, ისე ეზოს მხარეს მოქცეული ნაწილის რესტავრაციას.

საქმეში ასევე წარმოდგენილია ინჟინერ-კონსტრუქტორ ა.კ-ას 2019 წლის 22 ივლისის კონსტრუქციული დასკვნა ქ. თბილისში, ს/კ... მდებარე შენობა №...-ის კედელში ღიობის მოწყობის შესახებ, რომლის თანახმად, არსებული შენობა კონსტრუქციულად მზიდკედლებიანი ტიპისაა, კედლები აგურის წყობითაა, თუნუქის სახურავით. ...ის ქუჩაზე გამავალ კედელში ღიობის მოწყობა, მისი მცირე გაბარიტებიდან გამომდინარე, საფრთხეს არ უქმნის შენობის მდგრადობას და მისი განხორციელება შესაძლებელია. დაზიანებული აგურის წყობა უნდა დაიშალოს და მოხდეს მისი გადაწყობა სამშენებლო უსაფრთხოების წესების სრული დაცვით.

მ.შ-ის 2020 წლის სახელოვნებათმცოდნეო კვლევაში (ტომი 2, ს.ფ. 203-217), ...ის ქ. №.../...ის ჩიხი №...-ში განთავსებული საცხოვრებელი სახლის შესახებ, მითითებულია, რომ: ,,აღსანიშნავია, ეზოს მხრიდან ფრაგმენტულად შემორჩენილი ე.წ. ქართული აგურისა და ფლეთილი ქვის, გვიანი შუა საუკუნეებისათვის (XVI-XVIIსს.) დამახასიათებელი, მონაცვლეობითი წყობით აგებული ზღუდე-კედელი, რომელიც უძველეს ,,კოჟრის გზის’’ პირს გასდევდა და შესაძლოა, მისი სიმყარისთვის იყო აგებული. ხანდაზმულობითა და ისტორიული მნიშვნელობით, კედელი თავისთავად ღირებულებას წარმოადგენს“... ,,სახელმწიფოს მიერ ნაგებობისთვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭება, პირველ რიგში, მისი თავდაპირველი სახის შენარჩუნებასა და მოვლა-პატრონობას გულისხმობს’’.

ხელოვნებათმცოდნე ა.რ-ის 2021 წლის 30 მარტის ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №.../...ის ჩიხი №...-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის საყრდენ კედელზე ჩატარებული სახელოვნებათმცოდნეო კვლევის შედეგების თანახმად: ,,გამჭოლი ღობის მონაკვეთში კედელი არ ყოფილა დაზიანებული და იგი არ საჭიროებდა რაიმე სახის შეკეთებას ან ჩარევას’’... ,,ქუჩის მხარეს მიმართული კედელი დაზიანებული იყო ამჟამინდელი ღიობიდან საკმაოდ ქვემოთ, რომლის ამოშენებაც მოგვიანებით განხორციელდა’’... ამავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №.../...ის ჩიხი №...-ში 8 მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის საყრდენი კედელი წარმოადგენს გვიან შუა საუკუნეებში აგებულ ტერასის საყრდენ კედელს, რომელთანაც ორგანულ კავშირშია XIX საუკუნის II ნახევარში აშენებული საცხოვრებელი სახლი. შესაბამისად, უფლებამოსილი ორგანოს მხრიდან, კედელზე მსგავსი ზომის (41X45სმ) ღიობის გაჭრაზე ნებართვის გაცემა დაუშვებლად მიაჩნია კვლევის ავტორს და მისი აზრით, იგი არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც ძეგლზე ჩასატარებელი მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების კატეგორია. ამის გათვალისწინებით, ხელოვნებათმცოდნე ა.რ-ი მიზანშეწონილად მიიჩნევს კედლის ამ მონაკვეთის (... ღიობის) პროექტის საფუძველზე და კვალიფიციური სპეციალისტების ჩართულობით რესტავრაციას - მისი ავთენტიკური სახით აღდგენას.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 5 ოქტომბრის №007016919 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: - ...ის ქუჩისა და ამავე მისამართზე მდებარე შიდა ეზოსათვის არსებული კედელი წარმოადგენს საყრდენ კედელს, რომელიც უზრუნველყოფს კედლის უკან 3მ სიმაღლის გრუნტის მასივის მდგრადობას; - ...ის ქუჩაზე არსებული საყრდენი კედელი წარმოადგენს ერთიან მასიურ კონსტრუქციას და კედელში გამჭოლი ღიობების მოწყობა უარყოფით ზემოქმედებას მოახდენს კედლის მდგრადობასა და სიმტკიცეზე, მითუმეტეს, რომ დღევანდელი მდგომარეობით კედელი დაზიანებულია II ხარისხში და საჭიროებს აღდგენა-გამაგრებას სპეციალურად დამუშავებული პროექტით. ამავე დასკვნის მიხედვით, ტექნიკურად შესაძლებელია ერთ ადგილას მცირე ზომის ღიობის მოწყობა.

სააპელაციო წარმოების ეტაპზე წარმოდგენილია სააღრიცხვო ბარათი, N4155, რომელიც შეეხება ...ის ქ. N...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სტატუსს. დოკუმენტის თანახმად, საცხოვრებელი მე-19 საუკუნეშია აგებული, ხოლო ძეგლის მოკლე დახასიათებაში, მოცემული დავისათვის რელევანტურ ნაწილში, რომელიც საყრდენ კედელს შეეხება ვკითხულობთ: ’’კედლის ქუჩისპირა ფასადზე გამოყენებულია სხვადასხვაგვარი აგური (ე.წ. ‘’ქართული’’, ე.წ. ‘’რუსული’’ და თანამედროვე) და განირჩევა არაერთი შეკეთების კვალი. ეზოს მხრიდან თვალსაჩინოა საყრდენი კედლის დაახლ. 3.5 მ. სიგრძის მონაკვეთი, სადაც გამოიყოფა ორი, ძირითადი სამშენებლო ფენა: ამათგან, უფრო ადრეულია (გვიანი შუა საუკუნეების) კედლის დაახლ 3.1 მ. სიმაღლის ნაწილი, რომელიც ხასიათდება მიწის დუღაბით (ტრადიციული თბილისური დუღაბი, გამოიყენებოდა ძირითადად საცხოვრებელ არქიტექტურაში, შუა საუკუნეებსა და XIX საუკუნის ბოლო პერიოდამდე) შეკავშირებული კლდის ფლეთილი ქვის და ქართული აგურის რიგების მონაცვლეობით შედგენილი დეკორატიული წყობით, სადაც ცალკეული უსწორო მოხაზულობის ფლეთილი ქვა მოქცეულია ვერტიკალურად დადებული თითო-თითო აგურის ტიხრებს შორის და გამიჯნულია მეზობლად მდებარე ქვისგან, რის შედეგადაც უჯრედებიანი მწყობრი სისტემა იქმნება (ცალკეულ ადგილებში დაახლოებით 1.8 მეტრიდან ზემოთ, ორი-სამი რეგისტრის გაყოლებაზე ფიქსირდება კედლის ძლიერი დაზიანება, სადაც ამოვარდნილია ქვები და აგურები). აქვე აღსანიშნავია, რომ კედლის აღწერილი მონაკვეთის ზედა ნაწილში ამჟამად დამატებულია სრულიად განსხვავებული სამშენებლო აგურით (მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმის) შექმნილი 2-3 რიგი. მეორე, შედარებით გვიანდელ (XIX საუკუნის მე-2 ნახევრის) სამშენებლო ფენას, ზემოხსენებული კარის ღიობის შემომფარგვლელი ‘’ბურჯის’’ შემადგენელი ქართული აგურის წყობა წარმოადგენს, რომელიც N15 სახლის კედლების სამშენებლო მასალის მსგავსია და მისი თანადროული უნდა იყოს. აღნიშნული საყრდენი კედელი მარჯვნივ და მარცხნივ გრძელდება, რომელ მონაკვეთებსაც პერპენდიკულარულად მიშენებული კედლები ნაწილობრივ ფარავს. ‘’

საქმეში წარმოდგენილია 2021 წლის 2 აპრილის კვლევა-მოსაზრება ...ის ქუჩა №.../...ის ჩიხი №..., ნაგებობა №....-ის, ...ის ქუჩის მხრიდან არსებული კედლის შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ კედლის სტრუქტურაში ტროტუარის სასიარულო ზედაპირის ქვემოთ ჩანს კედლის ამგები სხვადასხვა მასალა, კერძოდ, თანამედროვე XX საუკუნის სამშენებლო მასალით ნაგები სათავსის შიდა კედლის მონაკვეთები ხილვადია ტ.ჩ-ის საკუთრებაში არსებული შენობა №...-ის №... სათავსის - 9,95 კვ.მ. ფართის შიდა სივრცეში (იხ. ტომი 3, ს.ფ. 9 )... ამავე დასკვნის თანახმად, ნახსენები ობიექტი უნდა წარმოადგენდეს არქიტექტურულ პალიმფსესტს. შესაბამისად, დღეს ამ ობიექტის გარდაქმნა მოქალაქის მიერ საკუთარი საცხოვრებლის მოსახერხებლად ორგანიზების მცდელობაა და ქალაქზე ფუნდამენტური უფლების განხორციელება, რომელიც აგრძელებს კედლის ფუნქციურ სიცოცხლეს.

საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ კანონის შეფარდებისას სასამართლო იყენებს ფაქტობრივი გარემოებების ხდომილებისას არსებულ კანონს და არა საკითხის გადაწყვეტისას მოქმედ კანონს (სუსგ., ბს-425(2კ-22), 10.01.2023წ.). „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის გათვალისწინებით, მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტში შედის სახელოვნებათმცოდნეო კვლევა, რომელშიც მიეთითება ჩასატარებელ სამუშაოთა დასაბუთება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სახელოვნებათმცოდნეო კვლევა არის თვისებრივად სპეციალური მეთოდოლოგიის შესაბამისად შემუშავებული კვლევა, რაც მოცემულ შემთხვევაში, უკავშირდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაშვებობასთან დაკავშირებით ობიექტურ და ყოველმხრივ შეფასებაზე დაფუძნებულ ანალიზს სახელოვნებო-კულტურული განზომილებიდან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დასაშვებობაში იგულისხმება არა თავად საპროექტო სამუშაოების განხორციელების ტექნიკური შესაძლებლობა, რომლის შეფასებაც არსებითად სხვა დისციპლინის კომპეტენციას განეკუთვნება, არამედ დაგეგმილი სამუშაოების თავსებადობა და მისაღებობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საერთო სახელოვნებო, კულტურულ და ღირებულებით კონცეფციასთან. ამასთან, აღნიშნული ნორმა მიუთითებს იმ მოცემულობაზე, რომ კვლევა უცილობლად უნდა ეკუთვნოდეს სახელოვნებათმცოდნეო და არა სხვა რომელიმე დისციპლინას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ექსპერტის მსგავსად, სპეციალისტიც აღჭურვილია სპეციალური ცოდნით, მის ცოდნას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის, რომლის გარეშეც გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია (სსკ 162.1. მუხ.). სპეციალისტს ევალება მისცეს ობიექტური დასკვნა მის წინაშე დასმულ კითხვებზე (სსკ 168.1. მუხ.). სპეციალისტის განმარტება, მოსაზრება ან/და დასკვნა უკავშირდება სპეციალისტის ობიექტურობას, რომელიც სპეციალისტისგან მოითხოვს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, შინაარსობრივ და მეთოდოლოგიურ თანმიმდევრულობასა და სიზუსტეს, სუბიექტური ფაქტორების მინიმიზებას, შესაბამისად, ობიექტურობა პირდაპირ ეფუძნება სპეციალისტის კომპეტენციას და კვალიფიკაციას. ამასთანავე, სპეციალისტის შეფასება უნდა დაეფუძნოს შესაბამის დისციპლინას და არ უნდა გასცდეს მისი დისციპლინისთვის მიკუთვნებულ კომპეტენციას, სპეციალისტის მოსაზრებები სამუშაოების სამართლებრივი დასაშვებობის შესახებ, ბუნებრივია, არ ბოჭავს სასამართლოს.

ზემოხსენებულის შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის ფაქტობრივ-სამართლებრივ დასკვნას მასზედ, რომ როგორც სახელოვნებათმცოდნეო კვლევების, ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სააღრიცხვო ბარათებითა და მათი შინაარსის გათვალისწინებით, ასევე საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალის მიხედვით, რომელშიც ნათლად ჩანს საყრდენი კედლის ქუჩისპირა და შიდა ეზოს მხარეს მოქცეული ფასადი, ეჭვგარეშეა, რომ საყრდენი კედელი წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შემადგენელ ნაწილს. ამასთანავე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ მტკიცებულებათა შეფასების მეთოდს, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის გათვალისწინებით, მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაშვებობის მიზნებისათვის რელევანტურია უშუალოდ სახელოვნებათმცოდნეო დასკვნა. ამასთან, სხვა რომელიმე დისციპლინის, მაგალითად, არქიტექტურული, არქეოლოგიური, კონსტრუქციული ან/და სხვა სახის კვლევა არ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას. სსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ავტომატურად გამორიცხავს კასატორთა მიერ მითითებული კონსტრუქციული, ისტორიული ან/და სხვა არქიტექტურული სახის კვლევების რელევანტურობას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დავის საგანი არ უკავშირდება განსახორციელებელი სამუშაოების ტექნიკურ დასაშვებობას, მათი ტექნიკური სამშენებლო პირობების შეფასებას, იგი უშუალოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-სახელოვნებო განზომილებას უკავშირდება და არა იმ სამშენებლო პოტენციალს, რომელიც შესაძლოა აღნიშნულ კულტურის ძეგლს გააჩნდეს. დამატებით, სააპელაციო პალატის მიერ მართებულად იქნა მითითებული „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის 34-ე და 36-ე მუხლებით დადგენილ ნორმატიულ მოწესრიგებაზე, მართებულად იქნა აღნიშნული, რომ საპროექტო კედლის სააღრიცხვო ბარათში სახელდებით მოხსენიების მიუხედავად, იგი მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის საზღვრებში და მასზე მაინც ვრცელდება დამცავი ზონა. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სააღრიცხვო ბარათი არის ძეგლის ან კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანილი ობიექტის იდენტიფიკაციისათვის აუცილებელი ზოგადი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი. ამავე კანონის 22-ე მუხლის მიხედვით, ძეგლის დაცვის ძირითადი პრინციპია მისთვის იმ თვისებებისა და მახასიათებლების, უძრავი ძეგლის შემთხვევაში – ასევე იმ გარემოს შენარჩუნება, რომლებიც (რომელიც) განაპირობებს მის ისტორიულ, კულტურულ, მემორიალურ, ეთნოლოგიურ, მხატვრულ, ესთეტიკურ, მეცნიერულ ან სხვა ღირებულებას. ხოლო, ამავე კანონის 23-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებია ძეგლის მხოლოდ იმგვარი გამოყენება, რომელიც არ აზიანებს ან ამის საფრთხეს არ უქმნის მას, არ ამცირებს მის კულტურულ ან ისტორიულ ღირებულებას, არ იწვევს მისი ავთენტიკური ელემენტების ცვლილებებს, არ აუარესებს მის აღქმას. საკასაციო პალატა აღნიშნავს იმასაც, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 16 აგვისტოს №4633216 ბრძანებაში ნათლად დაფიქსირდა განმცხადებლის მოთხოვნა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №.../...ის ჩიხი №...-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების თაობაზე (... ...ის მოწყობა) მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, ხოლო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 2019 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებაში (დოკუმენტი №...) არაორაზროვნად მიეთითა მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების (... ...ის მოწყობა) პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხთან დაკავშირებით დადებითი შეფასების თაობაზე. ამდენად, ურთიერთგამომრიცხავია, ერთი მხრივ, ნებართვის გაცემის მოთხოვნა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, ხოლო, შემდგომ იმაზე აქცენტირება, რომ საპროექტო კედელი არ განეკუთვნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომლის საპირისპირო მოცემულობაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ყველა სათანადო დოკუმენტური მტკიცებულებით. საბოლოოდ, სააპელაციო პალატის მიერ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ განსხვავებებსა და მათ განმაპირობებელ მოტივაციას, რომელიც არსებობდა თ.ღ-ას 2019 და 2021 წლის კვლევებს შორის, თ.ღ-ამ ადეკვატურად გადმოსცა კვლევებს შორის არსებული განსხვავების მოტივები. თ.ღ-ას მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მიცემული ახსნა-განმარტებიდან კასატორის მიერ ციტირებული ამონარიდები სარწმუნოდ რომც იქნეს მიჩნეული, კედლის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად მიჩნევა დასტურდება სხვა არაერთი სახელოვნებათმცოდნეო დასკვნით, მათ შორის სააღრიცხვო ბარათით, რომელშიც ეს უკანასკნელი პირდაპირ, სახელდებით არის მოხსენიებული. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ახალი ცნობების მოკვლევის ან გარემოებათა ცვლილების შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაცია განახლდება. საქმის მასალები არ შეიცავს ცნობებს სააღრიცხვო ბარათის განახლებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ძალაშია სააღრიცხვო ბარათში მითითებული მონაცემები, უპირატესად, უძრავი ქონების ძეგლზე მხოლოდ რესტავრაციის დაშვების რეჟიმთან დაკავშირებით.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორთა მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო პალატამ უმართებულოდ განმარტა “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის ფარგლებშიც იგი ძირითადად კონცენტრირდა ზოგადად, სახეცვლილების საკითხზე, კონკრეტულად კი, მზიდი კონსტრუქციული ნაწილების ცვლილების დაუშვებლობაზე მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების პროცესში. აღნიშნული თვალსაზრისით, საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” კანონი, საგნობრივი მოწესრიგების თვალსაზრისით, ექცევა კანონით მოწესრიგებული სპეციალიზებული სფეროების ჩამონათვალში, მასში გამოყენებული საკანონმდებლო ნორმები, ხშირად, განეკუთვნება ტექნიკური ტერმინოლოგიის შემცველ ნორმათა კატეგორიას, ისინი უნდა განიმარტოს მათი ჩვეულებრივი, რეგულატორული საკანონმდებლო მნიშვნელობით, მათი ჩვეულებრივი, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკური მნიშვნელობის შესაბამისად, რომლებიც ამ სიტყვებს გააჩნიათ. საკასაციო პალატა შენიშნავს აგრეთვე იმასაც, რომ “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” კანონის 1-ელი მუხლი ადგენს კანონის მიზანს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ამ სფეროში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება აფუძნებს კანონის მიზანს. კასატორი – ტ.ჩ-ის საკასაციო პრეტენზია, არსობრივად, უთანაბრდება არა ნორმის მიზნის შესაბამისად, არამედ ნორმის contra legem განმარტებას, რომელიც არაა დასაბუთებული სამართლიანობით ნაკარნახევი აუცილებლობით. კასატორის მიერ მითითებული სამშენებლო სამუშაოები ვერ იქნება რესტავრაციად მიჩნეული “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის „შ“ ქვეპუნქტის მნიშვნელობით, ვინაიდან ...ის მოწყობა ერთმნიშვნელოვნად არ გულისხმობს შემორჩენილი ავთენტიკური მასალისა და ელემენტების ფარგლებში ძეგლის დაზიანებული ფრაგმენტების თავდაპირველი სახით აღდგენას მისი შექმნის თანადროული ან თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. ამდენად, სააპელაციო პალატამ სწორად განმარტა “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტი და მოახდინა სუბსუმცია. ამავდროულად, ... ...ის მოწყობა ვერ მიიჩნევა “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ ადაპტაციად, ვინაიდან იგი პირდაპირ ეწინააღმდეგება ამავე კანონის მე-3 მუხლის “ქ” ქვეპუნქტის ცნების ყველა ელემენტს, არ არის ძეგლის ფუნქციის დასაშვები ცვლილების ინტერესით განპირობებული, იწვევს ძეგლში იმგვარი ცვლილებების შეტანას, რაც ამცირებს ძეგლის მხატვრულ-ესთეტიკურ, ისტორიულ და სხვა მნიშვნელობას და გაუმართლებელია მეთოდოლოგიურად. ამასთანავე, კასატორის მითითებები საპროექტო ღობის ნავარაუდევ მდგომარეობასა და მისი საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით განსაზღვრულ საკუთრების უფლებით სარგებლობაზე არ არის საფუძვლიანი, ვინაიდან “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” კანონის მე-9 მუხლის 1-ელი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი აწესებს ფიზიკური პირის მიერ კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მასზე ზრუნვის ვალდებულებას. საჯარო ინტერესი, რომელიც საფუძვლად უდევს კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, განსახილველ შემთხვევის მიზნებისათვის, გადაწონის, მესაკუთრის ავტონომიასა და საკუთრების უფლებით სარგებლობის კერძო ინტერესს. საკუთრების საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ხოლო სკ-ის 170-ე მუხლის 1-ელი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით). პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად მიეთითა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ამავე ფართის სხვა კედელზე ასეთივე ღიობის მოწყობის შეუძლებლობას და სადავო ... ღიობის მოწყობის აუცილებლობას. დასახელებული მსჯელობა გამორიცხავს ასევე კანონიერი ნდობის ინსტიტუტზე მითითებას, ვინაიდან სზაკ-ის 601 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა დასაშვებია კანონიერი ნდობის არსებობის მიუხედავად, მაშინ როდესაც ასეთი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს საკასაციო საჩივარზე 23.05.2025წ. №00752 საგადახდო მოთხოვნით, ნაცვლად 300 ლარისა, გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/კ 205270053) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი თანხიდან მხოლოდ 60 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150. ასევე, საკასაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან, ე.გ-ას ტ.ჩ-ის საკასაციო საჩივარზე 23.05.2025წ. №2448 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ე.გ-ას (პ/ნ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ტ.ჩ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 დეკემბრის განჩინება;

3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/კ 205270053) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 23.05.2025წ. საგადახდო მოთხოვნით №00752 სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან - 60 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. ე.გ-ას (პ/ნ...) დაუბრუნდეს ტ.ჩ-ის საკასაციო საჩივარზე 23.05.2025წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე