დატოვებულია განუხილველად
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-1194 (ს-25) 16 დეკემბერი, 2025 წელი
თბილისი
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თამარ ოქროპირიძე, თამარ ზამბახიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ჯ.ფ-ას საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივლისის დადგენილებასა და 2025 წლის 19 მაისისა და 29 მაისის განჩინებებზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2025 წლის 24 თებერვალს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს საჩივრით მიმართა ჯ.ფ-ამ მოწინააღმდეგე მხარის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2025 წლის 18 თებერვლის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ MIA 525004672231 დადგენილებისა და 2025 წლის 26 იანვრის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ №სდ ... დადგენილების გაუქმების მოთხოვნით.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 24 აპრილის დადგენილებით ჯ.ფ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება გასაჩივრდა საჩივრის ავტორის მიერ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მაისისა და 29 მაისის განჩინებებით ჯ.ფ-ას წარმოდგენილ საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, განჩინებების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში მითითებულია, რომ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა არ დაიშვება. აღნიშნულის შემდეგ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 27 ივნისის განჩინებით ჯ.ფ-ას კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივლისის დადგენილებით ჯ.ფ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 24 აპრილის დადგენილება; ასევე უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 05 მაისის განჩინება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 24 აპრილის დადგენილების განმარტების, დამატებითი გადაწყვეტილების მიღების და გადაწყვეტილებაში უსწორობათა და აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორებაზე უარის თქმის შესახებ. ამასთანავე, დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის ბოლო პუნქტით განისაზღვრა, რომ დადგენილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
2025 წლის 21 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში ჯ.ფ-ას მიერ წარდგენილ იქნა საჩივარი, რომლითაც საჩივრის ავტორმა მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 17 ივლისის დადგენილებისა და 2025 წლის 19 მაისისა და 29 მაისის საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებების გაუქმება, ასევე ჯ.ფ-ამ მოითხოვა 2025 წლის 26 იანვრის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ №სდ ... ელექტრონული დადგენილების კანონიერების იურიდიულად დასაბუთება და დადებული სახდელისაგან (სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება 12 თვით) გათავისუფლება. 2025 წლის 06 ნოემბერს აღნიშნული საჩივარი საქმესთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი : საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული დადგენილებისა და განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ.ფ-ას საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში, ამასთან, სასამართლო, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, აქტის კანონიერებას ამოწმებს არა სასარჩელო სამართალწარმოების, არამედ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ და „ბ1“ პუნქტების თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განიხილავენ საქმეებს: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე; სასამართლოში წარდგენილი შესაბამისი ოქმის საფუძველზე, სასამართლოს მიერ განსახილველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილებების გასაჩივრების წესი მოწესრიგებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის XXII თავით, რომელიც განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევათა გასაჩივრების წესსა და ვადებს. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 271-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილება, გარდა ამ კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მხარეებმა შეიძლება ამავე კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო აღნიშნული დადგენილება. ამავე კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილებების საქმის წარმოება სასამართლო სისტემაში არის ორსაფეხურიანი. მოცემული საქმისწარმოება მიმდინარეობს მხოლოდ ორი ინსტანციის სასამართლოში და სრულდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვით, საჩივრის წარდგენის შემთხვევაში. სააპელაციო პალატის მიერ მსგავს დავებზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მიერ გადასინჯვას არ ექვემდებარება.
განსახილველ შემთხვევაში, სადავოდ არის გამხდარი სამართალდარღვევის ფაქტზე გამოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №სდ ... ოქმისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივლისის დადგენილების კანონიერება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო აქტების შემოწმებაზე უფლებამოსილ ორგანოს არ წარმოადგენს საკასაციო სასამართლო. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თაობაზე მიღებული აქტების საკასაციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას. მსგავსი კატეგორიის დავის ფარგლებში მიღებული ნებისმიერი აქტის კანონიერების შემოწმება სრულდება სააპელაციო სასამართლოში საჩივრის განხილვის ეტაპზე. მოცემულ შემთხვევაში, №სდ ... სამართალდარღვევის ოქმის კანონიერების თაობაზე, ჯერ პირველი ინსტანციის სასამართლომ, ხოლო შემდეგ სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა 2025 წლის 17 ივლისის დადგენილებით, რომელიც საბოლოოა და არ საჩივრდება, რის შესახებაც მხარეს სადავო დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის ბოლო პუნქტით განემარტა.
მოცემულ შემთხვევაში, ჯ.ფ-ა ასევე სადავოდ ხდის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მაისისა და 29 მაისის განჩინებებს საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ. ამავე განჩინებების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით საჩივრის ავტორს განემარტა, რომ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა არ დაიშვება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ჯ.ფ-ას საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივლისის დადგენილებასა და 2025 წლის 19 მაისისა და 29 მაისის საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებებზე უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით, რადგან საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია უფლებამოსილება ორინსტანციური სამართალწარმოების ფარგლებში შეაფასოს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ საპროცესო მოქმედებების შესრულების კანონიერება.
ამასთან საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეს თან ერთვის საჩივრის ავტორის მიერ 2025 წლის 10 ნოემბერს წარმოდგენილი სპეციალური მომართვა, რომლის შინაარსზეც საჩივრის განხილვის პირობებში საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-6 მუხლით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჯ.ფ-ას საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
თ. ზამბახიძე