განსჯადობა

ადმინისტრაციული 15.01.2026
საქმის ნომერი
ბს-1344(გ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
განსჯადობა
თარიღი
15.01.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1344(გ-25) 15 იანვარი, 2026

წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის შპს ,, ...” საჩივრისა გამო წარმოშობილი დავა განსჯადობის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2024 წლის 25 დეკემბერს შპს ,,...-მ“ საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2024 წლის 20 დეკემბრის საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N... ოქმის, რომლითა ,,...-ს“ დაეკისრა ჯარიმის - 1000 ლარის გადახდა, ბათილად ცნობა და დაკისრებული ჯარიმის გაუქმება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით შპს ,,...-ს“ საჩივარი განსჯადობით გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილზე, გარდა ამ კოდექსის 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო და ამავე კოდექსის 17716 და 17717 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ორგანო თავის იურიდიულ მისამართზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 1151−1163, 118-ე−123-ე და 125-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე სამართალდამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, განსჯადობა გულისხმობს საქმეების კანონის ზუსტად განსაზღვრული წესით განაწილებას ცალკეული სასამართლოების მიხედვით, რაც სასამართლოებს ანიჭებს კომპეტენციას, განიხილონ საქმე თავიანთი სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში. ამ წესის ხელყოფა იწვევს არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვას და შესაბამისად, საპროცესო-სამართლებრივი ნორმების იმგვარ დარღვევას, რომელიც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური პროცესუალური საფუძველია.

საქმის მასალების თანახმად, სამართალდარღვევის შესაძლო ჩადენის ადგილს წარმოადგენს ქ. ბათუმი. შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმე უნდა განიხილოს სამართალდარღვევის ჩადენის ადგილას მოქმედმა სასამართლომ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლო წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 1 დეკემბრის დადგენილებით შპს ,,...-ს“ საჩივარი განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლზე, რომლითაც კანონმდებლის მიერ იმპერატიულად განისაზღვრა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების განხილვის სპეციალური წესი (განსჯადობის თვალსაზრისით), კერძოდ: 1) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას; 2) ცალკეულ შემთხვევებში, კერძოდ, ამ კოდექსის 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო და 3) ამ კოდექსის 1151-1168, 118-ე–1184, 119-ე–123-ე და 125-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (ამ შემთხვევაში, კანონმდებელი დამრღვევს/ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს აძლევს შესაძლებლობას მითითებულ მუხლებთან მიმართებით გააკეთოს არჩევანი ჩადენის ადგილის ან/და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით). ამ ნორმის განსჯადობის წესის იმპერატიულად განსაზღვრული დანაწესიდან გამომდინარე კანონმდებელი არც ერთ შემთხვევაში (განსჯადობის საკითხის განსაზღვრისას) სამართალდარღვევის საქმის განხილვას არ უკავშირებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი ორგანოს იურიდიულ ან/და ფაქტობრივ მისამართს. საქალაქო სასამართლომ მიუთითა ასევე საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება და სანქციის შეფარდება ხორციელდება ამ კოდექსითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესებით.

საქმეში არსებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და სხვა მასალების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ №... ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ შპს ,,...-ს" მიმართ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში საყოფაცხოვრებო ნარჩენის კონტეინერში საკრებულოს დადგენილებით აკრძალული ნარჩენების მოთავსების ფაქტზე. ასევე დადგენილია, რომ შპს ,,...-ს" იურიდიული მისამართია: ქალაქი ბათუმი, ...ის გამზირი N..., სართული ..., ბინა N..., კორპუსი "...". შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით წარმოდგენილი საჩივარი განხილულ უნდა იქნეს განსჯადი სასამართლოს მიერ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის (ქ. თბილისი, ...ის ქუჩა N...) მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიების განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ შპს ,,...-ს“ საჩივარი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დებულება „იცავს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს - სასამართლო განხილვა მოხდეს განსჯადობის წესების დაცვით... ამ (სამართლიანი სასამართლო განხილვის) უფლებით სარგებლობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამართალწარმოება განხორციელდეს განსჯადობის წესების დაცვით, საქმის განხილვა და გადაწყვეტა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილება, კომპეტენცია გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-106).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება სახელმწიფოსაგან მოითხოვს სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას. აღნიშნულის შესაბამისად, საერთო სასამართლოების სისტემა, სასამართლოთა გვარეობითი (საგნობრივი), ტერიტორიული და ინსტანციური იურისდიქცია განსაზღვრულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საპროცესო სამართლის ნორმებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ განსახილველ ცალკეულ დავებზე საპროცესო კანონმდებლობა ერთმანეთისაგან განასხვავებს უწყებრივ ქვემდებარეობას და განსჯადობას. სასამართლოს უწყებრივი ქვემდებარეობა მოიაზრებს არსებითი იურისდიქციის დადგენას, ანუ იმის განსაზღვრას, განეკუთვნება თუ არა საქმე საერთო სასამართლოებს, შედის თუ არა ამ საქმის განხილვა საერთო სასამართლოების უფლებამოსილებაში (იურისდიქციაში), ხოლო განსჯადობა (მისი ვიწრო გაგებით) ნიშნავს იმის გარკვევას, თუ რომელი სასამართლოა უფლებამოსილი საქმის განხილვასა და გადაწყვეტაზე.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივი, არამედ ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; ამავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც, იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოების ტერიტორიულ განსჯადობაზე, რომლის მიხედვით კონკრეტულ ტერიტორიაზე უძრავი ქონების ან სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ტერიტორიულ საზღვრებში მდებარეობს ეს უძრავი ქონება ან არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა. რაც შეეხება ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა სასამართლოს ტერიტორიულ განსჯადობას, სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე განეკუთვნება იმ ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციას, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მითითებულ ორგანოს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. აღნიშნული მუხლი შეიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს. შესაბამისად, მითითებული მუხლი რამდენიმე სასამართლოს განსჯადობის შემთხვევაში არჩევანის უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს. განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა მოსარჩელის პრეროგატივა და ერთპიროვნული საპროცესო უფლებაა, რასაც იგი განსაზღვრავს სარჩელის წარდგენის დროს, ანუ ირჩევს იმ სასამართლოს, სადაც წარადგენს სარჩელს. ამასთან, მოსარჩელის მიერ არჩეული სასამართლოს შეცვლა სხვა სასამართლოთი დაუშვებელია როგორც მოპასუხის მოთხოვნით, ისე სასამართლოს ინიციატივით. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლი (განსჯადობა მოსარჩელის არჩევით) უზრუნველყოფს მოსარჩელის ინტერესების დაცვას.

განსახილველ შემთხვევაში, შპს ,,...-მ“ საჩივარი წარადგინა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2024 წლის 20 დეკემბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N... ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით. დადგენილია, რომ საჩივრის ავტორი დაჯარიმდა 1000 ლარით ნარჩენების მართვის კოდექსის 31.10 მუხლით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენის ფაქტზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის კანონიერების საკითხს იხილავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო. 261.2 მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 116-ე–125-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (სარჩელის აღძვრის დროს მოქმედი ნორმა).

რაც შეეხება ნარჩენების მართვის კოდექსს, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მითითებული კოდექსის 47.1 მუხლის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება და სანქციის შეფარდება ხორციელდება ამ კოდექსითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესებით. ნარჩენების მართვის კოდექსი არ ადგენს განსჯადობის სპეციალურ წესს კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებთან მიმართებით. ამდენად, დავის გადაწყვეტისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული რეგულაციები, რომელთა თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (261-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლში ჩამოთვლილი გამონაკლისის არსებობა არ დასტურდება.

საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ სადავო №... ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ შპს ,,...-ს" მიმართ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში საყოფაცხოვრებო ნარჩენის კონტეინერში საკრებულოს დადგენილებით აკრძალული ნარჩენების მოთავსების ფაქტზე. ასევე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შპს ,,...-ს" იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ...ის გამზირი N..., სართული ..., ბინა N..., კორპუსი "...". დადგენილია, აგრეთვე, რომ სადავოდ ქცეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია და შესაძლო სამართალდარღვევა ჩადენილ იქნა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N...- ში.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, სადავოა, სწორედ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების კანონიერება, რადგან ზემოაღნიშნული დარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთ-ერთ სახეს. მართალია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს ალტერნატიულ განსჯადობას და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა შესაძლებელია როგორც სამართალდარღვევის ჩადენის ადგილას, ასევე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მაგრამ ვინაიდან ნარჩენების მართვის კოდექსი განსჯადობის სპეციალურ წესს არ ადგენს აღნიშნულ კოდექსთან მიმართებით მოქმედებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი ტერიტორიული განსჯადობის წესი. კერძოდ, ასკ-ის 261-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის #3 დადგენილებაზე, რომლის შესაბამისად, განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები. ამავე გადაწყვეტილების მე-11 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა საქართველოს დედაქალაქის – თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებით. შესაბამისად, ვინაიდან შესაძლო სამართალდარღვევა ჩადენილ იქნა ქ. თბილისში, მოცემული დავა ტერიტორიულად ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ქვემდებარეა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოებს შორის განსჯადობის საკითხის ამგვარი გადაწყვეტა ხელს უწყობს მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, პროცესის ეკონომიურობას და ოპერატიულობას, ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა დივერსიფიკაციას, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარ განაწილებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს ,,...-ს" საჩივარი მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,...-ს" საჩივარი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე