დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 15.01.2026
საქმის ნომერი
ბს-866(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.01.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-866(კ-25) 15 იანვარი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე; გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე - რ. კ-ა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მარტის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 20 ივლისს რ. კ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და დროებით ცხოვრობს ქ. თბილისში, მეგობრის ბინაში. ჰქონდა მოლოდინი, რომ სახელმწიფო მასზე იზრუნებდა, თუმცა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 19 ივნისის №IDP 3 23 00000799 ბრძანებით უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

მოსარჩელემ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 19 ივნისის №IDP 3 23 00000799 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის რ. კ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით რ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 19 ივნისის №IDP 3 23 00000799 ბრძანება დევნილი ოჯახის, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რ. კ-ას განაცხადის დაკმაყოფილების შესახებ. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააგენტოს პოზიცია გადაუდებელი განსახლების საჭიროების პრიორიტეტულობის არარსებობასთან დაკავშირებით მეუღლის საკუთრებაში ცხოვრების გამო და განმარტა, რომ საქმის მასალების თანახმად, რ. კ-ას საკუთრების უფლებით რეგისტრირებული საცხოვრებელი ფართი არ გააჩნია. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 18 დეკემბრის №01/293111 წერილით დასტურდება, რომ რ. კ-ას სახელზე რეგისტრირებული ქორწინების აქტის ჩანაწერი არ იძებნება/არ ფიქსირდება. ამდენად, ის გარემოება, რომ მოსარჩელის მეუღლეს (ან ყოფილ მეუღლეს) გააჩნია რეგისტრირებული საკუთრება - საცხოვრებელი ფართი, სადაც რ. კ-ა პერიოდულად იმყოფება შვილების და შვილიშვილების სანახავად, არ გამორიცხავს სახელმწიფო ვალდებულებას დევნილი პირის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სააგენტომ ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ადმინისტრაციული წარმოებისას მოპოვებული ინფორმაცია, მონიტორინგის შედეგები და ისე მიეღო გადაწყვეტილება. მონიტორინგის მისამართზე სახლის მესაკუთრე არის მოსარჩელის მეუღლე - ლ. ს-ა. მონიტორინგის დროს მოსარჩელეს არ განუცხადებია, რომ იგი მეუღლესთან დაშორებულია, შესაბამისად, სერვისების განვითარების სააგენტოს წერილში დაფიქსირებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რ. კ-ას სახელზე ქორწინების სააქტო ჩანაწერი არ ფიქსირდება, არ ნიშნავს იმას, რომ მოსარჩელე ფაქტობრივად არ ცხოვრობს მეუღლესთან ერთად. ამასთან, საქმეში იმ პერიოდის მონაცემებით წარმოდგენილ იქნა ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ბაზიდან, რომლის შესაბამისად, მოსარჩელის და მისი მეუღლის ფაქტობრივ მისამართს წარმოადგენს ქ. ქუთაისი, ...ს N..., კორპ. N..., ბინა N... (გაერთიანებული) რომელიც არის ასევე მონიტორინგის განხორციელების ადგილი. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოში წარადგინეს ასევე განახლებული ინფორმაცია სოციალურად დაუცველთა ბაზიდან, რომლის შესაბამისად, მოსარჩელე მეუღლესთან ერთად იმავე მისამართზე ფიქსირდება. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების და წერილობითი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში სასამართლომ არ გაითვალისწინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დაეყრდნო მხოლოდ მეზობლების განცხადებას, რომელიც არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უტყუარ მტკიცებულებად, რადგან ისინი არიან მოსარჩელის მეზობლები და შესაბამისად, მის წინააღმდეგ არ მისცემდნენ წერილობით ინფორმაციას სასამართლოს. რაც შეეხება ცნობას სამსახურიდან, რომ მოსარჩელე მუშაობს შპს ,,ფ...ში" არ ნიშნავს იმას, რომ რ. კ-ა გაშორებულია მეუღლეს.

კასატორმა აღნიშნა, რომ მხედველობაშია მისაღები მოქმედი კანონმდებლობის დანაწესი გრძელვადიანი საცხოვრებლის მიღების მსურველ დევნილთა შორის გარკვეული რიგითობის, პრიორიტეტულობის დაწესებასთან დაკავშირებით. კერძოდ, საკითხის განხილვის ეტაპზე, პირველ რიგში ხდება იმ დევნილი ოჯახების დაკმაყოფილება, რომლებიც უპირატესად საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას. აღნიშნული დათქმა არ უარყოფს სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებას - საცხოვრებლით უზრუნველყოს ყველა დევნილი ოჯახი, მათ შორის, ის ოჯახები, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ ალტერნატიულ საცხოვრებელზე ან გააჩნიათ საკუთარი საცხოვრებელი, თუმცა რიგითობის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მხოლოდ მოსარჩელეთა ახსნა-განმარტებას დაეყრდნო და არ გამოუკვლევია საქმეში არსებული მტკიცებულებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, განსახილველ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია, ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინოს ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება.

სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია შეიქმნას მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლების რეალიზაცია, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია დევნილის სტატუსის ქონასთან. რაც შეეხება უშუალოდ მის უზრუნველყოფას, სახელმწიფომ დევნილ ოჯახს შესაძლოა შესთავაზოს სხვადასხვა ალტერნატივა, მათ შორის, სოციალური საცხოვრებელი, დროებით ქირით უზრუნველყოფა, საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ კერძო ინვესტორის ან სახელმწიფოს მიერ გაცემული ერთჯერადი ფულადი დახმარება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. აღნიშნული კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების №1 დანართით განსაზღვრულია დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი, კერძოდ, აღნიშნული დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ და ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ლ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2021-2022 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 5 მარტის №292 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2021-2022 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს. ამავე „წესის“ №1 დანართის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია. კომისია, ამ წესის შესაბამისად, ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსათვის გადმოცემულ ან სააგენტოს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ პირველი დანართის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება - დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლად აშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელსაც მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი. სსიპ ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ვეტერანის მოწმობის თანახმად, რ. კ-ა არის ვეტერანი, ომის მონაწილე და მასზე გაცემულია ვეტერანის მოწმობა №ს/კ .... 2018 წელს რ. კ-ამ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. ამასთან, განმცხადებელმა შეავსო საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარი. კითხვარში განმცხადებლის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მიეთითა - საქართველო, იმერეთი, ქუთაისი ...ს ქ.... №.... ოჯახის შემადგენლობა: რ. კ-ა - განმცხადებელი, ლ. კ-ა - შვილი, ხ. კ-ა - შვილი. რ. კ-ა (ომის მონაწილე). ოჯახი არ იმყოფება სიღარიბის დაძლევის პროგრამაში. ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში, ქირის გარეშე. ოჯახს საკუთრებაში ან მის რომელიმე წევრს სხვა საცხოვრებელი არ აქვს.

საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმით დგინდება, რომ რ. კ-ას ოჯახს მიენიჭა 5.50 ქულა (1994 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები - 1 წევრი - 1.50 ქულა; C.1.1 საცხოვრებლის ფინანსური პირობები ცხოვრობს ნათესავის ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1.50 ქულა; მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან - 1.00 ქულა; ომში მონაწილეობა, ომის ვეტერანი რ. კ-ა - 1.50 ქულა. განმცხადებელს სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს მეუღლე, შვილი და შვილიშვილები. განაცხადს აკეთებს მარტო. განმცხადებლის მეუღლეს ლ. ს-ას გააჩნია სამი საკუთრება. შვილი ხ. კ-ა დაკმაყოფილებულია სოფლად სახლის შესყიდვის პროგრამით. განცხადების საფუძველზე განაცხადიდან ამოღებულია ორი შვილი ხ. და ლ. კ-აები. მონიტორინგის ფარგლებში, საკითხის განმხილველი ორგანოს წარმომადგენლები 2022 წლის 2 მარტს გამოცხადდნენ რ. კ-ას ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე - ქუთაისი, ...ს ქ. №.../..., ბ.7, ბ.8 (გაერთიანებული). განმცხადებელმა განმარტა, რომ მითითებულ მისამართზე ცხოვრობს 2008 წლიდან, ქირის გარეშე, მეუღლის ბინაში. 1993-2002 წლებში ცხოვრობდა ქუთაისში, ...ს ქ.№..., ბ.6 ქირით. ოჯახის შემადგენლობაში არიან: განმცხადებელი - რ. კ-ა (მონიტორინგის დროს დახვდა ბინაში). შემოსავლის წყარო - 780 ლარი ხელფასი, პენსია - 260 ლარი, ვეტერანის - 100 ლარი, 45 ლარი - დევნილის დახმარება. მუშაობს თბილისში შპს ,,ფ...ს“ ცენტრალურ ოფისში ...ად. ცხოვრობს ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში ქირის გარეშე, ბიძაშვილის სახლში. მისამართზე მცხოვრები პირია - ლ. ს-ა (მეუღლე, დახვდა სახლში), რომელიც ცხოვრობს მონიტორინგის მისამართზე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 3 მაისის სხდომის ოქმის თანახმად, რ. კ-ას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს მეუღლის საკუთრებაში ცხოვრების გამო.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 19 ივნისის №IDP 3 23 00000799 ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 3 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №30) რ. კ-ას ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო უარი ეთქვა, ქ. ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

საქმეში წარმოდგენილია ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერი, რომლის თანახმად, უძრავი ნივთის, მდებარე: ქალაქი ქუთაისი, ...ს ქუჩა №...-..., ბინა №7 (ს/კ ...), 2007 წლის 12 ოქტომბრის მდგომარეობით, მესაკუთრეა ლ. ს-ა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთის, მდებარე: ქალაქი ქუთაისი, ...ს ქუჩა №...-..., ბინა №8 (ს/კ ...), 2006 წლის 5 დეკემბრის მდგომარეობით, მესაკუთრეა ლ. ს-ა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთის, მდებარე: ქალაქი ქუთაისი, ...ს ქუჩა №...-..., სარდაფი (ს/კ ...), 2010 წლის 14 მაისის მდგომარეობით, მესაკუთრეა - ლ. ს-ა.

საქმეში წარმოდგენილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 18 დეკემბრის №01/293111 წერილის თანახმად, რ. კ-ას სახელზე, რეგისტრირებული ქორწინების აქტის ჩანაწერი არ იძებნება.

ნოტარიულად დამოწმებული განცხადების თანახმად, ა. ხ-ემ დაადასტურა, რომ წარმოადგენს რ. კ-ას და მისი ყოფილი მეუღლის -ლ. ს-ას მეზობელს და ცხოვრობს ქ. ქუთაისში, ...ს ქუჩა №...-...-ში. მისთვის ცნობილია, რომ 2011 წლიდან რ. კ-ა და მისი მეუღლე ერთობლივად/ერთად აღარ ცხოვრობენ და არ წარმოადგენენ ერთ ოჯახს. 2011 წლის ბოლოს ცოლ-ქმარს შორის მოხდა უკმაყოფილება, რის შემდეგაც რ. კ-ა წლების განმავლობაში აღარ გამოჩენილა საცხოვრებელ მისამართზე. ამჟამად, პერიოდულად და იშვიათად მოდის ყოფილ ოჯახში, სადაც ასევე ცხოვრობს მათი საერთო შვილი ოჯახთან ერთად. განმცხადებელი ასევე ადასტურებს, რომ რ. კ-ას მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ქ. თბილისი, სადაც ცხოვრობს ქირის გარეშე.

ნოტარიულად დამოწმებული განცხადების თანახმად, დ. ბ-იმა დაადასტურა, რომ წარმოადგენს რ. კ-ას და მისი ყოფილი მეუღლის - ლ. ს-ას მეზობელს და ცხოვრობს ქ. ქუთაისში, ...ს ქუჩა №...-.../1-ში. სამეზობლოსთვის ცნობილი გახდა, რომ 2011 წლიდან რ. კ-ა და მისი მეუღლე ლ. ს-ა დაშორდნენ ერთმანეთს. აღნიშნული ფაქტი დადასტურდა იმით, რომ რ. კ-ა მეუღლესთან დაშორების შემდეგ სამუშაოდ წავიდა ქ. თბილისში, სადაც დღემდე ცხოვრობს. რ. კ-ა ქუთაისში ჩადის პერიოდულად, ძალიან იშვიათად, შვილებისა და შვილიშვილების სანახავად. დ. ბ-ი ასევე ადასტურებს, რომ რ. კ-ას კუთვნილი ბინა არ გააჩნია.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მხრიდან ქირის გარეშე, სხვის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართით, თუნდაც დიდი ხნის განმავლობაში სარგებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებული იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ რ. კ-ას საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება იგი მეუღლესთან განქორწინებულია და ცხოვრობს თბილისში მეგობართან. ასევე საყურადღებოა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი განმარტების შესაბამისად, „...დროებით საცხოვრებელში ცხოვრება, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ფართი ნათესავს ეკუთვნის, არ იძლევა შესაძლებლობას, ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვთ მოსარჩელეებს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა. ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმას იმ მოტივით, რომ არ არსებობდა გადაუდებელი განსახლების საჭიროება მოსარჩელის შვილების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობის შესაძლებლობის არსებობის გამო..“ (სუსგ №ბს-900(კ-21), 23.12.2021წ.; №ბს-83(კ-21), 22.07.2021წ.; №ბს-1129(კ-20), 25.03.2021წ.).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლზე, რომლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. ხოლო 97-ე მუხლის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

საგულისხმოა, რომ მოსარჩელისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულათა არასაკმარისი რაოდენობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება რ. კ-ას გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საჭიროების არარსებობაზე, ყოფილი მეუღლის ალტერნატიული საკუთრების საფუძვლით. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც უტყუარად დასტურდება, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ბინა, ამასთან იგი განქორწინებულია მეუღლესთან და იძულებულია დროებით იცხოვროს ნათესავისა და მეგობრის საკუთრებაში, არ ნიშნავს, რომ მას გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი და არ საჭიროებს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო აქტი ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას და უკანონოდ ზღუდავს მას, რის გამოც სადავო აქტი მართებულად იქნა ბათილად ცნობილი და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მართებულად დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა რ. კ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე