დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 12.01.2026
საქმის ნომერი
ბს-518(3კ-23)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.01.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-518(3კ-23) 12 იანვარი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, გოჩა აბუსერიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე მ.კ-ა, ე.ა-ე, ი.ა-ე, მესამე პირები - ი.კ-ა, ო.კ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ.კ-ამ, ე.ა-ემ და ი.ა-ემ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.

სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 3 ივნისის №... ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბ) დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა მონაცემთა ბაზაში მ.კ-ას, ე.ა-ის, ი.ა-ის კომპენსაციის შესახებ განხორციელებულ ჩანაწერში ცვლილების შეტანა, რომლითაც ისინი ცნობილ იქნებიან არაკომპენსირებულ დევნილ პირებად.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ.კ-ას, ე.ა-ის და ი.ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 3 ივნისის №... ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. დაევალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა მონაცემთა ბაზაში მ.კ-ას, ე.ა-ის და ი.ა-ის კომპენსაციის შესახებ განხორციელებულ ჩანაწერში ცვლილების შეტანა, რომლითაც ისინი ცნობილ იქნებიან არაკომპენსირებულ დევნილ პირებად.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 სექტემბრის განჩინებით განსახილველ საქმეში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

4. მოსარჩელეებმა დაზუსტებული სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი 2004 წლის 25 ოქტომბერს, ს/ს „...ას“ გენერალურ დირექტორსა და მოქალაქე - ო.კ-ას შორის გაფორმებული ხელშეკრულება, მ.კ-ას, ე.ა-ისა და ი.ა-ის ნაწილში; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №62 განკარგულება, მ.კ-ას, ე.ა-ისა და ი.ა-ის ნაწილში; გ) ბათილად იქნეს ცნობილი 2009 წლის 23 აპრილს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ფიზიკურ პირს - ი.კ-ას შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, მ.კ-ას, ე.ა-ისა და ი.ა-ის ნაწილში; დ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 3 ივნისის №... გადაწყვეტილება; ე) დაევალოს მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოხდება დევნილთა მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანა და კომპენსაციის შესახებ განხორციელებულ ჩანაწერში მოსარჩელეები მ.კ-ა, ე.ა-ე და ი.ა-ე მითითებულნი იქნებიან არაკომპენსირებულ დევნილ პირებად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მარტის საოქმო განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ - ი.კ-ა და ო.კ-ა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით მ.კ-ას, ე.ა-ის და ი.ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი 2004 წლის 25 ოქტომბერს, ს/ს „ ...ას“ გენერალურ დირექტორსა და მოქალაქე - ო.კ-ას შორის გაფორმებული ხელშეკრულება, მ.კ-ას, ე.ა-ისა და ი.ა-ის ნაწილში. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №62 განკარგულება, მ.კ-ას, ე.ა-ისა და ი.ა-ის ნაწილში. ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 23 აპრილს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ფიზიკურ პირს - ი.კ-ას შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, მ.კ-ას, ე.ა-ისა და ი.ა-ის ნაწილში. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 3 ივნისის №... გადაწყვეტილება. დაევალა მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოხდება დევნილთა მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანა და კომპენსაციის შესახებ განხორციელებულ ჩანაწერში მოსარჩელეები მ.კ-ა, ე.ა-ე და ი.ა-ე მითითებულნი იქნებიან არაკომპენსირებულ დევნილ პირებად.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ნოემბრის საოქმო განჩინებით ცალკე წარმოებად იქნა გამოყოფილი მოთხოვნა 2004 წლის 25 ოქტომბერს სს ,,...ას“ გენერალურ დირექტორსა და მოქალაქე ო.კ-ას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, მ.კ-ას, ე.ა-ისა და ი.ა-ის ნაწილში. გამოყოფილ ნაწილში საქმე განსახილველად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

7.1 კასატორის - საქართველოს პრეზიდენტის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ნოემბრის განჩინებით დადგენილ იქნა ფაქტობრივი გარემოება, რომლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №62 განკარგულებით, დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, ი.კ-ას, მ.კ-ას, ე.ა-ეს და ი.ა-ეს პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცათ 43,8 კვ.მ საცხოვრებელი ფართი მდებარე ქ. თბილისში, ..., ...ის ქ. კორპუსი №..., სართული .... სასამართლოს მითითებული გარემოების გარდა არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივი გარემოებები. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს სადავო საკითხის გადაწყვეტისას უნდა შეეფასებინა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც ადგენდა დევნილი ოჯახის შემადგენლობასა და ერთად ცხოვრების ფაქტს. საქმეში არსებულ ამგვარ ერთადერთ მტკიცებულებას წარმოადგენდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ წარმოდგენილი დევნილთა სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომელთა მიხედვით, ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად დასტურდებოდა, რომ მოსარჩელეეები მ.კ-ა, ე.ა-ე, ი.ა-ე და საქმეში მესამე პირად ჩაბმული - ი.კ-ა წარმოადგენდნენ ერთ ოჯახად მცხოვრებ პირებს, ვინიდან დევნილთა ანკეტებში მითითებული იყო მათი საერთო ოჯახის იდენტური მისამართი, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით განხორციელდა სახელმწიფო ქონების პრივატიზება. სასამართლომ არ გამოიკვლია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 3 თებერვლის №04/899 წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ ი.კ-ა და მ.კ-ა ერთ ოჯახად რეგისტრირებულნი იყვნენ 2009 წლიდან 2017 წლის მდგომარეობით, რაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენდა.

კასატორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი. სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, ვინაიდან, სასამართლოს მსჯელობით, ფაქტობრივად ერთმანეთისაგან გაიმიჯნა ერთი და იმავე სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებული საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება და ამავე ქონებასთან დაკავშირებული პრივატიზების ხელშეკრულება, რაც სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესისა და ამ სამართლებრივი მექანიზმის, მისი სამართლებრივი ბუნების არასწორ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სადავო სამართალურთიერთობის პერიოდისთვის მოქმედი „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლითაც დადგენილი იყო, რომ პრივატიზებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. გამომდინარე აქედან, სასამართლოს უნდა მიეთითებინა, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზება არის ერთიანი პროცესი და არ უნდა გაემიჯნა ერთმანეთისაგან საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება და მისგან გამომდინარე პრივატიზების ხელშეკრულება, დაედგინა, რომ გასული იყო სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. სადავო ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის მოსარჩელე წარმოადგენდა რა ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის ოჯახის წევრს, ცხოვრობდა ამ პირთან ერთად სადავო ხელშეკრულებით გადაცემულ ფართში. ამასთან, მას ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ წლების განმავლობაში არ მიუმართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის ბინით დაკმაყოფილების მოთხოვნით. შესაბამისად, არსებობს საფუძველი დასკვნისათვის, რომ მოსარჩელეს უნდა სცოდნოდა ბინით დაკმაყოფილების თაობაზე ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის.

7.2 კასატორის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განმარტებით, მოსარჩელეები წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებულ პირებს და მათ მინიჭებული აქვთ კონკრეტული საოჯახო ნომერი. აღნიშნული ნომერი ასევე მინიჭებული აქვს სადავო ხელშეკრულებაზე ხელმომწერ პირს - მოსარჩელეების ოჯახის უფროსს ი.კ-ას. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებილ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საცხოვრებელი სადგომი გადაეცემა დევნილ ოჯახს და არა ოჯახის თითოეულ წევრს ცალ-ცალკე. დევნილ ოჯახს წარმოადგენს ნათესაური ან არანათესაური კავშირის პირთა ერთობლიობა, რომლებიც ერთობლივად ეწევიან საოჯახო საქმიანობას. იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ მოქმედებს კიდევ ერთი პირობა - ასეთად (ოჯახად) უნდა იყოს აღრიცხული შესაბამისი ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ. პროცესუალური მოწინააღმდეგეები, უფლებამოსილი პირის მონაცემების საფუძველზე, წარმოადგენენ ერთი საოჯახო ნომრით რეგისტრირებული პირების ოჯახის წევრებს და რეგისტრირებულნი იყვნენ სადავო ხელშეკრულებაში მითითებულ ფართში. ამასთან, უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ სადავო პერიოდში ისინი ამ ფართში არ ცხოვრობდნენ ან/და მათთვის ცნობილი არ იყო გასაჩივრებული ხელშეკრულების დადების თაობაზე, საქმეში არ არის წარმოდგენილი.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა და სათანადო შეფასება არ მისცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 3 თებერვლის №04/899 წერილს, რომლითაც უტყუარად დასტურდება, რომ მ.კ-ა და ი.კ-ა ერთ ოჯახად რეგისტრირებულები იყვნენ 2009 წლის 13 ნოემბრიდან 2017 წლის 6 იანვრამდე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის რაიონი, ..., ...ის დასახლება №.., ბინა №...

კასატორის განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნა არის ხანდაზმული, რაც ასევე, არ იქნა გათვალისწინებული სააპელაციო სასამართლოს მიერ. განსახილველ შემთხვევაში ცალსახაა, რომ სადავოდ გამხდარი ხელშეკრულება წარმოადგენს პრივატიზების შესახებ გარიგებას. „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, პრივატიზებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. პროცესუალური მოწინააღმდეგის განცხადება, წარდგენილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე, წარმოადგენს მხარის მიერ გაშვებული ხანდაზმულობის ვადის აღდგენის მცდელობას.

7.3 კასატორის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს განმარტებით, 2004 წელს ...„...დან’’ გამოსახლების შემდგომ, ოჯახის წევრებთან ერთად, მ.კ-ა უზუნველყოფილ იქნა საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაციით და 2009 წელს, განმეორებით დაკმაყოფილდა ი.კ-ასათვის საკუთრებაში გადაცემული საცხოვრებელი ფართით - დაბა ..., ...ის ქუჩა, კორპ. №..., ფართობი 43.80 კვ.მ. სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს ი.კ-ას ვალდებულებაზე, რომ მას ხელშეკრულების თანახმად, უნდა უზრუნველყო მოსარჩელეები საცხოვრებლით. აქვე სასამართლო უთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელებს შეიძლებოდა არ სცოდნოდათ აღნიშნულის თაობაზე, რაც გაუგებარია, ვინაიდან გარდა სხვა გარემოებებისა, ისინი დღემდე არიან ერთ სარეგისტრაციო ნომერზე და შეუძლებელია, რომ მათ არ სცოდნოდათ ამის შესახებ.

2016 წლის 19 მაისს მ.კ-ამ №25157/01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში ფულადი კომპენსაციით და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილად მონიშვნის გაუქმება. სამინისტროს 2016 წლის 3 ივნისის №... გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა ზეპირი მოსმენა 2016 წლის 27 მაისს. საქმის ზეპირი მოსმენის დროს მ.კ-ამ განმარტა, რომ იგი არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი. მეუღლესთან განქორწინების შემდეგ ცხოვრობს ქირით და ითხოვს სამინისტროს დევნილთა მონაცემთა ბაზაში კომპენსირებულად მონიშვნის გაუქმებას. მისი განმარტებით, 1993 წლიდან ის და მისი ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ და რეგისტირებულნი იყვნენ ქ. თბილისში, ... „...ში“. 1998 წელს დაოჯახდა და საცხოვრებლად გადავიდა მეუღლის - თ.ა-ის ოჯახში (...ის ...ზე), მაგრამ დევნილად რეგისტრირებული დარჩა ...ში. 2004 წელს განხორციელდა ...„...დან” გამოსახლება. მ.კ-ას ოჯახმა კომპენსაციის სახით მიიღო ფულადი თანხა 14 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლითაც შეიძინა საცხოვრებელი ბინა ...ის რაიონში. იგი იმ დროისთვის რეგისტრირებული იყო ...ში და ინვესტორის მიერ მ.კ-ას მამასთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, თანხით დაკმაყოფილებული აღმოჩნდა ოჯახის დანარჩენ წევრებთან ერთად, რაც მისი განმარტებით მოულოდნელი იყო, რადგან იმ დროისათვის იგი აღარ ცხოვრობდა მამის ოჯახში, პირადად არ აუღია თანხა და არც ხელი მოუწერია არანაირ დოკუმენტზე. მ.კ-ას განმარტებით 2005 წელს განქორწინდა მეუღლესთან. 2008 წლამდე ცხოვრობდა ქირით - ...ში. შემდეგ, რამდენიმე თვით, შვილებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ...ში, დასთან. საჩივრის ავტორის დამ - ი.კ-ამ აღნიშნა, რომ მან დაახლოებით 2001 წელს დაიკავა თავისუფალი ფართი დაბა ...ში, იქ გადავიდა საცხოვრებლად, რეგისტრაცია გაიარა აღნიშნულ მისამართზე დამოუკიდებელი საოჯახო ნომრით. ე.კ-ამ, მ.კ-ას განქორწინების შემდეგ, დაარეგისტრირა აღნიშნულ მისამართზე და და დისშვილები, რადგან ...დან გამოსახლების შემდეგ ისინი ფიქსირდებოდნენ როგორც „უმისამართოები“, თუმცა მოგვიანებით იზრუნა დის ოჯახისთვის მისგან დამოუკიდებელი სარეგისტრაციო ნომრის მინიჭებაზე. 2009 წელს, როდესაც ი.კ-ას გადაეცა საკუთრებაში მის მიერ ...ში დაკავებული ფართი, ნასყიდობის ხელშეკრულებაში საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილ პირებად დაფიქსირდა მ.კ-ა თავისი შვილებით, რაც ი.კ-ას განმარტებით არ იყო სამართლიანი, ვინაიდან მან არ იცოდა, რომ ხელშეკრულების საფუძველზე მისი დაც აღმოჩნდებოდა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი. მისივე განმარტებით, ...ში მდებარე ფართი იპოთეკით იყო დატვირთული, ხოლო ი.კ-ა ცხოვრობდა თავის მშობლებთან ...ში. მ.კ-ა გამარტავდა, რომ 2013 წელს, როდესაც შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე მხოლოდ ამის შემდეგ გაარკვია, რომ იგი სამინისტროს მონაცემთა ბაზაში ირიცხებოდა როგორც თანხით კომპენსირებული ... „...დან“, მამასთან - ო.კ-ასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ასევე, როგორც გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი პირი, ი.კ-ასთვის საკუთრებაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში - დაბა ...ში. საჩივრის ავტორის განმარტებით, 2009 წლიდან ის ცხოვრობდა ...ში, ...ის ქ. №...-ში ქირით, რასაც დაადასტურებდა აღნიშნული ბინის მესაკუთრეც. ზეპირი განხილვისას საჩივრის ავტორს განემარტა, რომ იგი მონიშნულია სამინისტროს მონაცემთა ბაზაში, როგორც გრძელვადიანი საცხოვრბელი ფართით უზრუნველყოფილი პირი, რადგან მას და მისი ოჯახის წევრებს, 2004 წელს ... „...ში’’ მდებარე ფართის, №... ოთახის (..., ორი ოთახი) გამოთავისუფლების სანაცვლოდ გადაეცათ ფულადი კომპენსაცია 14 000 აშშ დოლარის ოდენობით. სამინისტროში დაცული დოკუმენტების საფუძველზე დასტურდება, რომ მ. და ი. კ-ები 2005 წელს დამისამართდნენ დაბა ...ში, ხოლო 2009 წელს აღნიშნული ფართი ი.კ-ას გადაეცა საკუთრებაში და გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მას დაევალა მისი დის მ.კ-ასა და მისი შვილების - ე.ა-ის და ი.ა-ის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. სამინისტროს არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი, თანხით კომპენსირებული პირები ხელმეორედ დაეკმაყოფილბინა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით. აღნიშნულის თაობაზე მინისტრის 2015 წლის 16 აპრილის №07/05/10544 წერილით ეცნობა საქართველოს მთავარ პროკურატურას, რადგან ამ შემთხვევაში შესაძლოა ადგილი ჰქონოდა გარკვეული სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, მ.კ-ას მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სატელეფონო კომუნიკაცია შედგა მის მიერ ნაქირავები ბინის მესაკუთრესთან - გ.ქ-ასთან, რომელმაც დაადასტურა მ.კ-ას ...ის ქ. №...-ში ე.წ. ...ში ცხოვრების ფაქტი და განმარტა, რომ 2009 წლიდან აღნიშნული პიროვნება შვილებთან ერთად ცხოვრობს მის საკუთრებაში არსებულ სამი ოთახიდან ერთ-ერთში და 150 ლარამდე უხდის ქირას. კითხვაზე, ხომ არ ჰყავს მას თანამესაკუთრე გაქირავებულ ფართზე, გ.ქ-ამ აღნიშნა, რომ უძრავი ქონების მესაკუთრეები არიან ის და მისი და - მ.ა-ე. ვინაიდან საჩივრის ავტორის შვილებიც იყვნენ ა.ა-ები, სააგენტოს წარმომადგენელი დაინტერესდა რაიმე ნათესაური კავშირი ხომ არ ვლინდებოდა მესაკუთრესა და საჩივრის ავტორს შორის. პასუხად, გ.ქ-ვამ ჯერ უარყო აღნიშნული, ხოლო შემდეგ დაადასტურა, რომ მ.კ-ა მისი დის ერთადერთი შვილის - თ.ა-ის ყოფილი მეუღლე იყო.

სამინისტროს №... გადაწყვეტილებით, საჩივრის ავტორის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ თ.კ-ას (ბებია), რომელიც ასევე 2004 წელს ...„...დან“ კომპენსირებულთა სიაშია, 2009 წელს თანასაკუთრებაში მის ქალიშვილთან - ლ.კ-ასთან ერთად, დაკანონებული აქვს საცხოვრებელი ფართი 19.50 კვადრატული მეტრი, მისამართზე ქ. თბილისი, ...ის ქ. ,,, (კომპაქტური ობიექტი - „ ...’’).

მოსარჩელის ოჯახთან დაკავშირებით, სააგენტოში დაცული ყველაზე ძველი საოჯახო ანკეტა არის 2006 წლის მდგომარეობით და მინიშნებულია, რომ ოჯახი გადმოსულია №...-დან ანუ ...დან. 2006 წლის საოჯახო ანკეტაში საოჯახო ნომერზე №... ფიქსირდება: კ.მ-ა (მ.კ-ას დედა), ო.კ-ა (მამა) და ძმა - გ.კ-ა. მ.კ-ა შვილებთან ე. და ი. ა-ეებთან ერთად 2007 წლიდან ფიქსირდება სარეგისტრაციო ნომერზე... და 2008 და 2013 წლის დევნილის საოჯახო ანკეტაში მათ დროებით და ფაქტობრივ მისამართად მითითებულია ქ. თბილისი, ..., ..., ...ის ქ. (... კორპ....). დევნილის საოჯახო ანკეტაში, რომელიც შევსებულია 2013 წლის 4 ნოემბერს მე-13 პუნქტში მითითებულია, რომ მ.კ-ა ამჟამად ცხოვრობს თავის საკუთრებაში არსებულ სახლში/ბინაში, რომელიც გადასცა სახელმწიფომ გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში. აღნიშნულ ანკეტაზე ფიქსირდება მოსარჩელის ხელმოწერა. ამდენად, დევნილთა 2013 წლის საყოველთაო რეგისტრაციის გავლის შემდეგ მისთვის ცნობილი იყო, რომ ის ფიქსირდებოდა კომპენსირებულთა ბაზაში.

მოსარჩელის და - ი.კ-ა 2007 წლიდან ფიქსირდება სარეგისტრაციო ნომერზე... და ამავე პერიოდიდან მის მისამართად მითითებულია ქ. თბილისი, ..., ... ...ის ქ. (... კორპ....). როგორც ზემოთ აღინიშნა, 2013 წელს მ.კ-ამ გაიარა დევნილთა სავალდებულო რეგისტრაცია ზემოაღნიშნულ მისამართზე (ქ. თბილისი, ..., ... ...ის ქ. ( .... კორპ. ...)), რაც ასევე ცხადყოფდა მის ინფორმირებულობას სახელმწიფოს მიერ ამ უძრავი ქონებით მისი ოჯახის უზრუნველყოფის თაობაზე. თუ მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ აღნიშნული ხელშეკრულებით მისი უფლება დაირღვა, „სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის თანახმად, ის უფლებამოსილი იყო გაესაჩივრებინა იგი 3 წლის ვადაში. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია და უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 სექტემბრის განჩინებით შეჩერდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრებზე საქმის წარმოება სასამართლოს წარმოებაში არსებულ სამოქალაქო საქმეზე (მოსარჩელე მ.კ-ა, ე.ა-ე, ი.ა-ე; სასარჩელო მოთხოვნა - 2004 წლის 25 ოქტომბერს სს ,,...ას“ გენერალურ დირექტორსა და მოქალაქე ო.კ-ას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მ.კ-ას, ე.ა-ისა და ი.ა-ის ნაწილში, საქმე №ას-316-2023) საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2024 წლის 21 ნოემბრის მიმართვით თბილისის სააპელაციო სასამართლოდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მიღებული იყო თუ არა საბოლოო გადაწყვეტილება მ.კ-ას, ე.ა-ისა და ი.ა-ის ნაწილში 2004 წლის 25 ოქტომბერს სს ,,...ას“ გენერალურ დირექტორსა და მოქალაქე ო.კ-ას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით. მითითებული განცხადების პასუხად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას გადმოეგზავნა კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 სექტემბრის განჩინება, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარეების წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდა. გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 ივლისის №3/7549-19 გადაწყვეტილების მეორე პუნქტი. განუხილველად იქნა დატოვებული მ.კ-ას, ე.ა-ის, ი.ა-ის სარჩელი, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ 2004 წლის 25 ოქტომბრის ს/ს „...ას“ გენერალურ დირექტორსა და ო.კ-ას შორის გაფორმებული ხელშეკრულების მ.კ-ას, ე.ა-ისა და ი.ა-ის ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-518(3კ-23) განახლდა საქმის წარმოება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრებით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) მ.კ-ა და მისი შვილები - ე.ა-ე (დაბ. ... ... ...წ.) და ი.ა-ე (დაბ. ... ... ...წ.) არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რომელთა სახელზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობები (გაცემის თარიღი 11.01.2014წ.). აღნიშნული პირები რეგისტრირებულნი არიან ერთ საოჯახო ნომერზე -... და მუდმივ საცხოვრებელ ადგილად იძულებით გადაადგილებამდე უფიქსირდებათ აფხაზეთი, ...ში, ს. ..., ხოლო დროებით საცხოვრებელ ადგილად - ქ. თბილისი, ..., ..., ...ის ქუჩა, .... კორპ. №... (ტ.1, ს.ფ 15-21); ბ) სამინისტროს მონაცემთა ბაზის მიხედვით, მ.კ-ა 1996 წლიდან დევნილად რეგისტრირებული იყო ...ის რაიონში, ... ,,...ში“ 1999 წლის აპრილამდე -... სარეგისტრაციო ნომერზე, ხოლო 1999 წლის აპრილიდან -... სარეგისტრაციო ნომერზე. 2005 წლის მარტიდან, მ.კ-ა რეგისტრირებულია დაბა ...ში, .... კორპ. №..., ბინა №..., სარეგისტრაციო ნომრით -..., რომელიც 2005 წლის სექტემბრის თვეში შეიცვალა და გადავიდა სარეგისტრაციო ნომერზე -... (ტ.1, ს.ფ 76); გ) 2004 წლის 25 ოქტომბერს, ერთი მხრივ, სს „...ას“ გენერალური დირექტორის, თ.უ-ას წარმომადგენელსა და მეორე მხრივ, ო.კ-ას შორის გაფორმდა ხელშეკრულება მასზედ, რომ ო.კ-ამ და მისმა ოჯახმა დაკავებული №... ოთახი (...) გამოათავისუფლა ერთჯერადი თანხის 14000 აშშ დოლარის, თითოეულ ოთახზე 7 000 აშშ დოლარის გაცემის სანაცვლოდ. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ კომპენსაციით დაკმაყოფილებულად მიჩნეულ იქნენ ...ის №... (...) ოთახში რეგისტრირებული პირები - ო.კ-ა, ი.კ-ა, გ.კ-ა, მ.კ-ა, თ.კ-ა, მ.კ-ე, ე.ა-ე, ი.ა-ე (ტ.1, ს.ფ 128-131, 84-88); დ) ,,სახელმწიფო ქონების და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №62 განკარგულებით სახელმწიფო საკუთრებაში და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების №1 და №2 დანართებით გათვალისწინებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 (ერთი) ლარად გადაეცათ ამავე განკარგულების №1 და №2 დანართებში მითითებულ პირებს. აღნიშნული განკარგულების დანართებში მითითებული იყო: ობიექტის დასახელება - ..., ... კორპ. №..., ობიექტის მისამართი - ..., ...ის ქ. №..., ფიზიკური პირები - ი.კ-ა (ოჯახის უფროსი), მ.კ-ა, ე.ა-ე, ი.ა-ე, ფართობი 43,8 კვ.მ. სართული - 2, ოთახების რაოდენობა - 5 (ტ.2, ს.ფ 77-79); ე) საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №62 განკარგულების საფუძველზე, 2009 წლის 23 აპრილს, ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდეგში ,,გამყიდველი’’) და მეორე მხრივ, ი.კ-ას (შემდგომში ,,მყიდველი’’) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ი.კ-ას გადაეცა პირობადადებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ..., ...ის ქ. კორპუსი №..., სართული ..., 43.8 კვ.მ საცხოვრებელი ფართი. აღნიშნული ხელშეკრულების 2.2. მუხლის თანახმად, ი.კ-ა ვალდებულია მ.კ-ა, ე.ა-ე და ი.ა-ე უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართით მისთვის გადაცემულ ქონებაში, ხოლო 2.4. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების დადების მომენტიდან, მყიდველი და ხელშეკრულების 2.2. პუნქტში ჩამოთვლილი პირები, არ არიან უფლებამოსილნი მოითხოვონ სახელმწიფოსგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისგან ან სხვა პირისგან რაიმე სახის კომპენსაცია ან უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გარდა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონებისა. ხელშეკრულების 2.6. პუნქტის თანახმად, გამყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს გადაცემულ ქონებაზე მყიდველის საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და გადასცეს მყიდველს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რითაც დასტურდება მყიდველის საკუთრების უფლება გადაცემულ ქონებაზე. ამასთან, 4.3. მუხლის მიხედვით, ხელშეკრულება შედგენილია 1 (ერთ) ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. ხელშეკრულების დამოწმებული ვარიანტი, ქონებაზე მყიდველის საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან, ხელმისაწვდომია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში (ტ.1, ს.ფ 132-134). 2009 წლის 23 აპრილს, უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, დაბა ..., ...ის ქ. ჩიხი ..., №..., სართული ..., ფართი 43,80 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდი №... საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ი.კ-ას სახელზე (ტ.1, ს.ფ 135-136); ვ) 2013 წელს, მ.კ-ამ შეავსო გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი. აღნიშნულის პასუხად ეცნობა, რომ იგი შვილებთან ერთად სამინისტროს მონაცემთა ბაზაში ირიცხება, როგორც თანხით კომპენსირებული, ...,,...დან“, მამის - ო.კ-ასთან გაფორმებული ხელშეკრულებით ოჯახის ყველა წევრის მიმართ ნაკისრი ვალდებულების საფუძველზე და ასევე, როგორც გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი პირი, ი.კ-ასათვის საკუთრებაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში, მდებარე - დაბა ...ში. დადგენილია ასევე, რომ მ.კ-ა არ დაეთანხმა კომპენსირებულ პირად მიჩნევას და ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი განცხადებებით ითხოვდა შვილებთან ერთად მონაცემთა ბაზაში არაკომპენსირებულ დევნილ პირებად დაფიქსირებას (ტ.2, ს.ფ 143-147, 150); ზ) 2016 წლის 19 მაისს, მ.კ-ამ საჩივრით (№25157/01) მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მონაცემთა ბაზაში შვილებთან ერთად არაკომპენსირებულ პირად მითითება მოითხოვა (ტ.2, ს.ფ 139); თ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 3 ივნისის №... გადაწყვეტილებით მ.კ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით საჩივრის ავტორს განემარტა, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის 13.4 მუხლის თანახმად, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი და დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე. მოცემულ შემთხვევაში სამინისტროს მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის საფუძველზე, 2004 წელს ... „...დან“ გამოსახლების შემდგომ, ოჯახის წევრებთან ერთად, მ.კ-ა უზრუნველყოფილ იქნა საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაციით და 2009 წელს, განმეორებით დაკმაყოფილდა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით (ი.კ-ასათვის საკუთრებაში გადაცემული - დაბა ..., ...ის ქუჩა, კორპუსი №..., 43.80 კვ.მ.) (ტ.2, ს.ფ 141-142).

პირველ რიგში საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელეების მიერ სადავოდაა ქცეული ი.კ-ასთან ერთად მათი სახელმწიფოსაგან კომპენსირებულად ჩათვლის საკითხი. შესაბამისად, განსახილველი დავის საგანსა და სასამართლოს შესაფასებელ საკითხს არ წარმოადგენს მ.კ-ას, ე.ა-ისა და ი.ა-ის ნაწილში 2004 წლის 25 ოქტომბერს სს ,,...ას“ გენერალურ დირექტორსა და ო.კ-ას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ამ ნაწილში მათი კომპენსირებულად მიჩნევის საფუძვლების არსებობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს (მუხლი 2). დასახელებული კანონის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად (მუხლი 1).

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის 6.1 მუხლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

დასახელებული კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის, სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. მითითებული კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის“ V თავის თანახმად, დევნილი მოსახლეობის ინტეგრაციის ამოცანის გადასაჭრელად სახელმწიფო სტრატეგია მიზნად ისახავს დევნილთათვის საბინაო და სოციალური პირობების, მათი ჯანმრთელობისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებების, აგრეთვე აუცილებელი საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელებას. აღნიშნული პროგრამები უნდა ეფუძნებოდეს დევნილთა კატეგორიების განსაზღვრას მათი სიღატაკის ხარისხის (თუ რა ტიპის ზრუნვას საჭიროებს) და უნარ-შესაძლებლობების (შეუძლია თუ არა თვითკმარობის მიღწევა) მიხედვით, რაც მოითხოვს შესაბამისი ინდიკატორების შემუშავებას. დასახული ამოცანების წარმატებით გადასაჭრელად მნიშვნელოვანია პროგრამების ისე დაგეგმვა, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს დევნილთა შორის ჩამოყალიბებულ სოციალურ და ეკონომიკურ კავშირებს.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №4 განკარგულებით დამტკიცებული დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამაში დეტალურად იქნა მითითებული ის სახელმწიფო ორგანოები და უწყებები და ასევე მათი საქმიანობის სფერო, რომელთა მიერაც უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ბინების დევნილთა საკუთრებაში გადაცემა. მითითებული განკარგულების მიხედვით, სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო საპრივატიზებოდ შერჩეულ დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტში აღწერდა ამ ობიექტში რეალურად მცხოვრებ დევნილებს, ადგენდა მათი ოჯახების შემადგენლობას და აღნიშნულ ინფორმაციას აწვდიდა შესაბამის ორგანოს, რომელიც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულების შესაბამისად ახდენდა დევნილის ოჯახის წარმომადგენელთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი იყო ფაქტობრივად არსებული ოჯახური მდგომარეობის, ერთად მცხოვრები პირების განსაზღვრა და საცხოვრებლის გადაცემის პროცედურების წარმოება მათი ჩართულობით, მათივე ნების შესაბამისად. დევნილის საოჯახო ნომერზე რეგისტრირებული პირის მხრიდან პრეტენზიის წარმოშობის შემთხვევაში, ოჯახთან ერთად მისი დაკმაყოფილებულად მიჩნევისათვის, აუცილებელია დადასტურდეს ამ პირის იმ ოჯახის შემადგენლობაში შესვლა, რომელიც სახელმწიფოს მიერ დაკმაყოფილებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ სახელმწიფოს ვალდებულება რჩება შეუსრულებელი.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საქმეზე დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოების შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №62 განკარგულებით სახელმწიფო საკუთრებაში და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების №1 და №2 დანართებით გათვალისწინებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 (ერთი) ლარად გადაეცათ ამავე განკარგულების №1 და №2 დანართებში მითითებულ პირებს. აღნიშნული განკარგულების დანართებში მითითებული იყო: ობიექტის დასახელება - ..., ... კორპ. №..., ობიექტის მისამართი -..., ...ის ქ. №..., ფიზიკური პირები - ი.კ-ა (ოჯახის უფროსი), მ.კ-ა, ე.ა-ე, ი.ა-ე, ფართობი 43,8 კვ.მ, სართული - ..., ოთახების რაოდენობა - 5. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №62 განკარგულების საფუძველზე, 2009 წლის 23 აპრილს, ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდეგში ,,გამყიდველი’’) და მეორე მხრივ, ი.კ-ას (შემდგომში ,,მყიდველი’’) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ი.კ-ას გადაეცა პირობადადებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე ..., ...ის ქ. კორპუსი №..., სართული 2, 43.8 კვ.მ საცხოვრებელი ფართი. აღნიშნული ხელშეკრულების 2.2. მუხლის თანახმად, ი.კ-ა ვალდებულია მ.კ-ა, ე.ა-ე და ი.ა-ე უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართით მისთვის გადაცემულ ქონებაში.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2009 წელს, როდესაც ი.კ-ასთან გაფორმდა ხელშეკრულება იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ კანონმდებლობა არ შეიცავდა დევნილი ოჯახის დეფინიციას. ნორმატიულად, დევნილი ოჯახის ცნება გაცილებით გვიან, 2014 წლის 24 თებერვლიდან ჩნდება, როდესაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონი, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს 28.06.1996წ. კანონი (25-ე მუხ.).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა. ამავე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი კი, ასევე ითვალისწინებს დევნილი ოჯახის ცნებას, რომლის მიხედვითაც, დევნილის ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი). ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის ცნებისთვის საჭიროა კუმულატიურად არსებობდეს ორი წინაპირობა - დევნილის სტატუსის მქონე განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე და ერთობლივად შინასამეურნეო საქმიანობის გაწევის ფაქტი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“, ასევე, დღეისათვის მოქმედი ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30ნ ბრძანების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი განიმარტება, როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც სამოქმედო გეგმის შესაბამისად არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. როგორც ზემოთ აღინიშნა, სადავო განკარგულების გამოცემის, ასევე სადავო ხელშეკრულების გაფორმების დროს მოქმედი ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 28 ივნისის კანონი და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე აქტები დევნილი ოჯახის (მისი წევრების) ამგვარი სახის დანაწესს არ ითვალისწინებდა, თუმცა, კანონის დღევანდელი რედაქცია ითვალისწინებს დევნილი ოჯახის განმარტებას, შესაბამისად, იგი მოცემულ ურთიერთობაზეც უნდა გავრცელდეს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. მართალია, პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, თუმცა დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი რეგისტრაციის ადგილი (სუსგ №ბს-1227-1213(კ-11), 01.02.2012წ.).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ძირითად პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს, მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების, ვალდებულებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს, რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 თებერვლის №ბს-463-451(კ-13) გადაწყვეტილება; 2020 წლის 17 სექტემბრის №ბს-974(2კ-19) განჩინება).

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სათანადოდ არ გამოუკვლევია ი.კ-ასა და მოსარჩელეების ერთ ოჯახად მიჩნევის საკითხი 2009 წლის პერიოდისათვის. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ი.კ-ასა და მოსარჩელეების ერთ ოჯახად ცხოვრების, ერთობლივი შინასამეურნეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი. ასეთ პირობებში მხოლოდ ერთიდაიგივე მისამართზე რეგისტრაციის ფაქტის არსებობა არ ქმნის მ.კ-ას, ე.ა-ისა და ი.ა-ის კომპენსირებულ პირებად მიჩნევის საკმარის საფუძველს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას. მითითებული კოდექსის 67-ე მუხლის თანახმად კი, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ. ამასთან, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მესამე პირს, რომლის ინტერესებსაც იგი შეეხება, რომელსაც უფლება აქვს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე წარადგინოს საკუთარი მოსაზრება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ხელშეკრულების კონკრეტული საგნის დაკონკრეტების გარეშე, ნებისმიერ შემთხვევაში ითვალისწინებს იმ პირების ინტერესებს, რომელთა უფლებებიც შესაძლოა შეზღუდოს კონკრეტულმა ადმინისტრაციულმა ხელშეკრულებამ, აღნიშნულის მიზანს კი, სწორედ ისეთი სიტუაციების თავიდან არიდება წარმოადგენს, რომლებშიც შესაბამის პირებს შესაძლოა საკმარისი ინფორმაციის ფლობის გარეშე დაეკისროთ იმგვარი ტვირთი, რომელზე თანხმობასაც ისინი ინფორმირებულობის პირობებში არ განაცხადებდნენ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლში მითითებული ჩანაწერი „ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას“, არ შეიძლება გაგებულ იქნეს ვიწროდ. გარკვეულ შემთხვევებში, ფორმალური თვალსაზრისით უფლების მიმნიჭებელი (მაგ: საკუთრების უფლების მოპოვება) ხელშეკრულებაც კი, შედეგობრივად შესაძლოა ზიანის მომტანი იყოს გარკვეული პირებისთვის, თუ ასეთი ხელშეკრულებები რეალურად არ გამოხატავენ მხარის ნამდვილ ნებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხელშეკრულებით მოსარჩელეებს ისე შეეზღუდათ უფლება, როგორც დევნილებმა, მოითხოვონ სახელმწიფოსგან რაიმე სახის კომპენსაცია, ასევე უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა, რომ ამის შესახებ სახელმწიფოს მათთვის არ უცნობებია, არ მიუწვევია ისინი ადმინისტრაციულ წარმოებაში და შესაბამისად, მათ არ გაუციათ შესაბამისი თანხმობა - წერილობითი ფორმით ხელშეკრულების დადებაზე, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლიდან გამომდინარე, სადავო ხელშეკრულებისა და აქტის ბათილად ცნობის საფუძველს ქმნის.

რაც შეეხება კასატორების მოსაზრებას მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, პრივატიზებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ საქმის მასალებით არ დგინდება ის გარემოება, რომ ხელშეკრულების დადების შესახებ ცალსახად ცნობილი იყო მოსარჩელეებისთვის. საგულისხმოა, რომ ხელშეკრულების თანახმად, იგი შედგენილ იქნა ერთ ეგზემპლარად. ხელშეკრულება არ გადასცემიათ მხარეებს. დგინდება, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №62 განკარგულება, რომლის შესაბამისადაც ი.კ-ასთან გაფორმდა ხელშეკრულება, მოსარჩელეებს არ ჩაბარებიათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად და ამ ნაწილში მოპასუხე მხარემ ვერ მიუთითა გასაჩივრების ვადის გაშვების გამო სარჩელზე უარის თქმის საფუძვლის არსებობის თაობაზე. გარდა ზემოაღნიშნულისა სასამართლო დამატებით ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ იძულებით გადაადგილებული დევნილის პირის ანკეტები, სადაც მ.კ-ა, ე.ა-ე და ი.ა-ე მიუთითებენ, რომ ცხოვრობენ სახელმწიფოს მიერ გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში გადაცემულ ფართში მდებარე თბილისი, ..., ...ის ქუჩა, .... კორპუსი ..., შევსებულია 2013 წლის 4 ნოემბერს, ხოლო მის მიერ ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილია 2016 წლის 19 მაისს, ასევე, სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია 2016 წლის 22 ივნისს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს ხანდაზმულობის მოტივით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

სახეზე არ არის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრებს მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. აბუსერიძე