დაუშვებლად იქნა ცნობილი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-530 (კ-25) 12 იანვარი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),გიზო უბილავა, გიორგი მიქაუტაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ჯ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია, მესამე პირები: დ. ც-ა, გ. ძ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ჯ. ხ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული მოთხოვნა): ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 20 დეკემბრის №... დადგენილება ჯ. ხ-ის დაჯარიმების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი); ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 15 სექტემბრის №1232 ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტები).
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით ჯ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ჯ. ხ-ის მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივლისის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირებად ჩაებნენ დ. ც-ა და გ. ძ-ი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ჯ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ხ-იმა.
კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და არსებობს მისი გაუქმების როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი საფუძვლები. სასამართლომ უსაფუძვლოდ და მტკიცებულების გარეშე დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი იყო ჯ. ხ-ი. აღნიშნულის დასასაბუთებლად სასამართლომ გამოიყენა 2018 წლის 3 მაისის №... დადგენილება, რომელიც როგორც უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველი მოადგილის (ვიცე-მერი) 2019 წლის 26 ივლისის №1100 ბრძანებით. ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ წარმოადგინა უტყუარი მტკიცებულებები, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგინდა მშენებლობის განმახორციელებელი პირი.
საკასაციო საჩივრის თანახმად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ჯ. ხ-იმა ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში არსებული უძრავი ქონება შეიძინა არსებული მდგომარეობით და მის მიერ არ განხორციელებულა რაიმე სახის მშენებლობა, ის შეეცადა მოეხდინა უკვე აშენებული შენობის ლეგალიზება, რისთვისაც მიმართა შესაბამის ორგანოს. ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოსგან მიიღო უარი, მან უძრავი ქონება გაასხვისა, თუმცა სასამართლომ აღნიშნული გამოიყენა იმისთვის, რომ უკანონო მშენებლობის განმახორციელებელ პირად დაედგინა ჯ. ხ-ი, რაც ასევე არის უკანონო. სასამართლო გადაწყვეტილებაში უთითებს არა მტკიცებულებებზე, არამედ მის ვარაუდზე, თითქოს როგორც მესაკუთრე ჯ. ხ-ის ჰქონდა სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ინტერესი. ჯ. ხ-ი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიჩნეულ იქნა სამართალდამრღვევად და დაჯარიმდა იმ ქმედებისთვის, რომელიც არ განუხორციელებია. ორივე ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა დასაბუთებული, სამართლიანი მოთხოვნა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უკანონოდ ეთქვა უარი.
კასატორის მოსაზრებით საქმის მასალებით ნათლად ჩანს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისა და ბრძანების გამოტანის დროისათვის ჯ. ხ-ი არ წარმოადგენდა უძრავი ქონების მესაკუთრეს და შესაბამისად, მას არ უნდა დაკისრებოდა ჯარიმა უნებართვო მშენებლობისთვის. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთებზე დაშენება განახორციელა ჯ. ხ-იმა, შესაბამისად, სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებელი სუბიექტი არ არის ჯ. ხ-ი და მისი დაჯარიმება არის უკანონო.
კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს. სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული კანონი, რის შედეგადაც მიღებულ იქნა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. ამდენად, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლები და შესაბამისად, ითხოვს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ჯ. ხ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №..., ს/კ ..., სხვენი, ფართობი 61,99 კვ. მეტრი, რეგისტრირებული იყო ჯ. ხ-ის საკუთრების უფლება. უფლების რეგისტრაციის თარიღი - 2017 წლის 25 სექტემბერი; ბ) №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე ჩამოყალიბდა №... და №... საკადასტრო კოდების მქონე უძრავი ნივთები, კერძოდ: 1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №..., ს/კ ..., სხვენი, ფართობი 31 კვ. მეტრი, დარეგისტრირდა ჯ. ხ-ის საკუთრების უფლება; 2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №..., ს/კ ..., სხვენი, ფართობი 31.1 კვ. მეტრი, დარეგისტრირდა ჯ. ხ-ის საკუთრების უფლება; გ) №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის რეგისტრირებულ მონაცემებში განხორციელდა ცვლილება, კერძოდ, მითითებული იქნა საცხოვრებელი ფართი №60ბ, სხვენსართული და საკადასტრო კოდი ...; დ) 2018 წლის 24 სექტემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №..., საკადასტრო კოდი ..., სხვენსართული, ფართი 31.00 კვ.მ, დარეგისტრირდა თ. მ-ეის საკუთრების უფლებით; ე) თ. მ-ეის საკუთრებაში არსებულ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის (სხვენი - ფართი: 31.00 კვ.მ) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის შედეგად, აღნიშნული უძრავ ქონებას მიენიჭა საკადასტრო კოდი №... და მითითებული იქნა სხვენსართული №60ა, ფართი - 31.00 კვ.მ; ვ) 2020 წლის 18 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის მესაკუთრე გახდა დ. ც-ა; 2018 წლის 28 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის მესაკუთრე გახდა თ. ბ-ე; 2024 წლის 27 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის მესაკუთრე გახდა გ. ძ-ი; ზ) 2018 წლის 29 მარტს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ჯ. ხ-ის მიმართ შედგა №... მითითება, რომლის თანახმად, სამართალდარღვევად დაფიქსირდა ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში (ს/კ ...) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე დაშენების (კერძოდ, მოწყობილია ხის კონსტრუქციები და თუნუქის გადახურვა) განხორციელება. ამავე მითითებით ჯ. ხ-ის განესაზღვრა 10 (ათი) კალენდარული დღის ვადა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად ან უსაფრთხოების ნორმების დაცვით ობიექტის დემონტაჟის განსახორციელებლად; (ს.ფ. 226-227); თ) 2018 წლის 10 აპრილს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგა №... შემოწმების აქტი მასზედ, რომ ჯ. ხ-ის მიერ არ შესრულდა 2018 წლის 29 მარტის №... მითითებით გათვალისწინებული პირობები; (ს.ფ. 239-240); ი) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 3 მაისის №... დადგენილებით, ჯ. ხ-ი დაჯარიმდა 20 000 (ოცი ათასი) ლარით, ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში (ს/კ ...) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე დაშენების (კერძოდ მოწყობილია ხის კონსტრუქციები და თუნუქის გადახურვა) განხორციელებისათვის (ს.ფ. 89-94); კ) 2019 წლის 29 მარტს ჯ. ხ-ის წარმომადგენელმა - თ. მ-იმა №19/01190882051-01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 3 მაისის №... დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერი) 2019 წლის 26 ივლისის №1100 ბრძანებით დაკმაყოფილდა ჯ. ხ-ის წარმომადგენლის, თ. მ-იის 2019 წლის 29 მარტის №19/01190882051-01 ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 3 მაისის №... დადგენილება და ამავე სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და მათი სათანადო სამართლებრივი შეფასების შემდგომ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; (ს.ფ. 89-94) ლ) 2019 წლის 10 სექტემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ ჯ. ხ-ის მიმართ, შედგა №... მითითება, რომლის თანახმად, სამართალდარღვევად დაფიქსირდა თბილისში, ...ის ქ. №...-ში მრავალბინიან სახლზე ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთებზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე სამშენებლო სამუშაოების, კერძოდ - დაშენების განხორციელება. ამავე მითითებით ჯ. ხ-ის განესაზღვრა 10 (ათი) კალენდარული დღის ვადა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად ან უსაფრთხოების ნორმების დაცვით ობიექტის დემონტაჟის განსახორციელებლად; (ს.ფ. 106-107); მ) 2019 წლის 19 სექტემბერს ჯ. ხ-იმა №... განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და თბილისში, ...ის ქ. №...-ში, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე უნებართვოდ დაშენებული ფართობის ლეგალიზება მოითხოვა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 16 ოქტომბრის №4686340 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ჯ. ხ-ის 2019 წლის 19 სექტემბრის №... განცხადება და განმცხადებელს უარი ეთქვა თბილისში, ...ში, ...ის ქ. №...-ში ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მრავალბინიანი საცხოვრებელ სახლზე უნებართვოდ დაშენებული ფართობის ლეგალიზებაზე. (ს.ფ. 115-117); ნ) 2019 წლის 21 ოქტომბერს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ შედგა №... შემოწმების აქტი მასზედ, რომ ჯ. ხ-ის მიერ არ შესრულდა 2019 წლის 10 სექტემბრის №... მითითებით გათვალისწინებული პირობები; (ს.ფ. 108-109); ო) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიების დაცვის სამმართველოს ვაკე-საბურთალოს რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტის 2019 წლის 20 დეკემბრის მოხსენებითი ბარათით დგინდება, რომ ჯ. ხ-ის მიერ არ შესრულდა 2019 წლის 10 სექტემბრის №... მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები (ს.ფ. 100); პ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 20 დეკემბრის №... დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის თანახმად, ჯ. ხ-ი დაჯარიმდა 8 000 (რვა ათასი) ლარით, თბილისში, ...ის ქ. №...-ში (ს/კ: ... და ...) მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე დაშენების განხორციელებისათვის (ს.ფ 20-23); ჟ) 2020 წლის 29 იანვარს ჯ. ხ-ის წარმომადგენელმა - თ. მ-იმა №19/0120029473-01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 20 დეკემბრის №... დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა (ს.ფ. 141-144); რ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 15 სექტემბრის №1232 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, არ დაკმაყოფილდა ჯ. ხ-ის წარმომადგენლის - თ. მ-იის 2020 წლის 29 იანვრის №19/0120029473-01 ადმინისტრაციული საჩივარი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 20 დეკემბრის №... დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე დაჯარიმების ნაწილში და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 20 დეკემბრის №... დადგენილება. (ს.ფ. 24-32).
საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე (ძალადაკარგულია - 02.03.2020, №139), რომელიც მოიცავდა საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს, კერძოდ, არეგულირებდა საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს (1.1 მუხლი).
ზემოაღნიშნული დადგენილების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება.
ამავე დადგენილების 36-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.
დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ.
საკასაციო პალატა მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. აღნიშნული მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მე-5 პუნქტის მიხედვით, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად (სადაო პერიოდში მოქმედი რედაქცია), უნებართვო მშენებლობა (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (გარდა ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა ) – 8 000 ლარის ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2019 წლის 10 სექტემბერს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის №... მითითების თანახმად, სამართალდარღვევად დაფიქსირდა ჯ. ხ-ის მიერ თბილისში, ...ის ქ. №...-ში მრავალბინიან სახლზე ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთებზე სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე დაშენების განხორციელება. ამავე მითითებით ჯ. ხ-ის განესაზღვრა 10 (ათი) კალენდარული დღის ვადა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად ან უსაფრთხოების ნორმების დაცვით ობიექტის დემონტაჟის განსახორციელებლად. ასევე დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 16 ოქტომბრის №4686340 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ჯ. ხ-ის 2019 წლის 19 სექტემბრის №... განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქ. №...-ში ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე უნებართვოდ დაშენებული ფართობის ლეგალიზება. 2019 წლის 21 ოქტომბერს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ შედგა №... შემოწმების აქტი მასზედ, რომ ჯ. ხ-ის მიერ არ შესრულდა 2019 წლის 10 სექტემბრის №... მითითებით გათვალისწინებული პირობები. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 20 დეკემბრის №... დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის თანახმად, ჯ. ხ-ი დაჯარიმდა 8 000 (რვა ათასი) ლარით თბილისში, ...ის ქ. №...-ში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე დაშენების განხორციელებისათვის;
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას მასზედ, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ და მტკიცებულების გარეშე დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი იყო ჯ. ხ-ი, ვინაიდან საქმეზე დადგენილია, რომ უძრავ ნივთზე, მდებარე თბილისი, ...ის ქუჩა №..., ს/კ ..., 2017 წლის 25 სექტემბრიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული იყო ჯ. ხ-ის საკუთრების უფლება. ასევე დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 სექტემბრის №... და №... გადაწყვეტილებებით განხორციელდა ზემოაღნიშნული უძრავი ნივთის დაყოფა, რომლის საფუძველზეც ... და ... საკადასტრო კოდებზე დარეგისტრირდა ჯ. ხ-ის საკუთრების უფლება. შესაბამისად, 2018 წლის 29 მარტს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა მართებულად მიიჩნია სამართალდამრღვევად ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში ს/კ ...-ის მესაკუთრე ჯ. ხ-ი.
,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ საქართველოს კანონის 122-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, სამშენებლო სამართალდამრღვევი შეიძლება იყოს უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი, ხოლო შენობა-ნაგებობის ან/და სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მოსარგებლე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვერ დგინდება მშენებლობის განმახორციელებელი პირი. პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას მასზედ, რომ 2018 წლის 30 მარტის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ სამშენებლო სამუშაოები, რომელიც ხორციელდებოდა ჯ. ხ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე, იყო მიმდინარე, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათები (ს.ფ. 228-229, 231-234), ხოლო შემდგომ პერიოდში - 2018 წლის მაისის თვეში გადაღებულ ფოტოსურათებზე (ს.ფ. 151-152) სამშენებლო სამუშაოები უკვე წარმოდგენილია დასრულებული სახით. აღსანიშნავია, რომ უძრავი ქონებების გასხვისებაც მოხდა სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდგომ. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა უძრავი ნივთის მესაკუთრედ ჯ. ხ-ის აღრიცხვის პერიოდში, პალატა მართებულად მიიჩნევს მსჯელობას, რომ სწორედ მესაკუთრის ინტერესს წარმოადგენდა სადავო რეკონსტრუქციის განხორციელება და მხოლოდ მას შეიძლება ჰქონოდა უძრავი ნივთის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაშენების ნებართვის არარსებობისა და ჯ. ხ-ისათვის უნებართვოდ დაშენებული ფართის ლეგალიზებაზე უარის თქმის პირობებში, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე განხორციელებული უნებართვო დაშენებისთვის, მუნიციპალური ინსპექცია უფლებამოსილი იყო გამოეცა დადგენილება დამრღვევის დაჯარიმების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი მართალია ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ ათავისუფლებს მოსარჩელეს სარჩელის დასაბუთების, თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამდგენი ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ მიუთითა იმგვარ გარემოებებზე და ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას განაპირობებდა. პალატის მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და გადაწყვეტილება მიღებული იქნა მათი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამდენად, არ არსებობს ჯ. ხ-ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინება;
3. ჯ. ხ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 07.07.2025წ. №28184982789 საგადახდო დავალებით თ. მ-იის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
გ. უბილავა
გ. მიქაუტაძე