დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 19.12.2025
საქმის ნომერი
ბს-496(3კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.12.2025

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-496(3კ-25) 16 მაისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი (მესამე პირი) - შპს „ ...“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ო.ჩ-ე

მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა

მესამე პირები - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო; მ.ა-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 დეკემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 30 ივნისს ო.ჩ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიმართ. მოსარჩელემ ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №…-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №...) ...ის პროექტის შეთანხმების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2022 წლის 16 მარტის №... განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ მ.ა-ი და შპს „...“, ხოლო ამავე კოლეგიის 2023 წლის 10 მარტის განჩინებით - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით ო.ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №...) ...ის პროექტის შეთანხმების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2022 წლის 16 მარტის №... განკარგულება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №...) ...ის პროექტის შეთანხმების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ. აპელანტებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

2024 წლის 8 იანვრის სააპელაციო შესაგებელში ო.ჩ-ემ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, იშუამდგომლა საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2022 წლის 16 მარტის №... სადავო განკარგულების მოქმედების შეჩერების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 იანვრის განჩინებით ო.ჩ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქმეში მონაწილე მესამე პირმა - მ.ა-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივლისის განჩინებით მ.ა-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 იანვრის განჩინება და მოცემულ საქმეზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №...) ...ის პროექტის შეთანხმების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2022 წლის 16 მარტის №... განკარგულების მოქმედება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივრები; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...ამ“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, სასამართლო ფორმალური დასაშვებობის საკითხს წყვეტს ზეპირი განხილვის გარეშე.

აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული წესით საქმეში ჩაბმულმა მესამე პირებმა შეიძლება კანონით დადგენილ ვადებში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება შპს „...ას“ სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული.

განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, რაც მათ მიერ გამოხატულ იქნა სააპელაციო საჩივრების წარდგენით. შპს „...ას“ კი, სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენია, მას მხოლოდ წარდგენილი აქვს სააპელაციო შესაგებელი სააპელაციო საჩივრებთან დაკავშირებით. მართალია, ამ შემთხვევაში, მხარე, ფორმალურად, სააპელაციო სასამართლოს განჩინებას ასაჩივრებს და არა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგრამ, რეალურად, სადავოდ ხდის საქმის განხილვის იმ შედეგს, რომლის წინააღმდეგაც სააპელაციო საჩივარი არ შეუტანია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან შპს „...ას“ არ უსარგებლია თავისი საპროცესო უფლებამოსილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია სააპელაციო წესით და გადაწყვეტილება მის ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე