საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №35აპ-15 ქ. თბილისი
ჩ-ი ო.- 35აპ-15. 17 ივნისი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 9 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ო. ჩ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. კ-ასა და გ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება სტაჟიორ-პროკურორ ბ. ს-ასა და ბრალდებულებს: ა. ა-ეს, ს. კ-ეს, პ. მ-ესა და გ. მ-ს შორის.
ო. ჩ-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო დაკავების დღიდან - 2013 წლის 25 სექტემბრიდან.
ნივთმტკიცებები: ო. ჩ-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული 12 ერთეული მართკუთხა ფორმის საგანი - ,,ამერიციუმ 241“, რომელიც ინახება ე. ა-ის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის გამოყენებითი კვლევითი ცენტრის ტერიტორიაზე არსებული რადიოაქტიური წყაროების საცავში, როგორც დანაშაულის საგანი უნდა გადაეცეს სახელმწიფოს; ო. ჩ-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,მობილეს“ ფირმის მოყავისფრო მობილური ტელეფონი მასში მოთავსებული ორი სიმბარათით, რომელიც ინახება შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - ო. ჩ-ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს; ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ამსახველი 8 დისკი, რომელიც ინახება შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით; შპს ,,მაგთიკომიდან“, ,,მობიტელიდან“ და ,,ჯეოსელიდან“ ამოღებული 4 დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 9 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მსჯავრდებულ ო. ჩ-სათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და ანალოგიურ საქმეებზე როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ო. ჩ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. კ-ასა და გ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი