დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №57აპ-15 ქ. თბილისი
ა-ე ც, 57აპ-15 12 ივნისი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - დ. ხ-ს
ადვოკატ - რ. პ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ც. ა-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ოქტომბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 7 ივლისის განაჩენით ც. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 120–ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 500 ლარი. მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.
2. საქმეზე წარმოდგენილი ნივთმტკიცება - ხელჯოხი (ხელკეტი) უნდა განადგურდეს დადგენილი წესით.
3. განაჩენით მსჯავრდებულ ც. ა-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2014 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით 16 საათზე, ქ. ბ-ი, კ-ს დასახლებაში, ხ-ს ქუჩა №–ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკებისას ც. ა-მ ფიზიკური ძალის გამოყენებით, რაც გამოიხატა ქვებისა და ხის ნაჭრების სხეულზე რამდენჯერმე მორტყმით ე. ს-ს მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
4. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. მსჯავრდებული ც. ა-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ოქტომბრის განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.
6. საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ც. ა-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. პ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები. მან მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მსჯავრდებულ ც. ა-ს გამართლება.
7. საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა დ. ხ-ა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები და იშუამდგომლა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. მსჯავრდებული ც. ა-ე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას იმ მოტივით, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები არ იყო დამაჯერებელი და უტყუარი, რაც საბოლოოდ ვერ უზრუნველყოფდა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა სტანდარტს.
3. სააპელაციო პალატის სხდომაზე აპელანტის, მსჯავრდებულ ც. ა-ს შესავალი, დასკვნითი და საბოლოო სიტყვის მიხედვით არ იკვეთება აშკარად და მკაფიოდ ის გარემოება, რომ მან სრულად აღიარა გამამტყუნებელი განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და განაჩენი გახადა სადავოდ მხოლოდ სასჯელის ნაწილში, მიუხედავად იმისა, რომ მან დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვა ჯარიმის შემცირება, ამასთან, ის განმარტავდა, რომ მას არაფერი დაუშავებია, ან არ გაუკეთებია ისეთი რამ, რომ ასე მკაცრად დაისაჯოს.
4. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ც. ა-ს ჰქონდა არა მხოლოდ მის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის 100 ლარამდე შემცირების მოთხოვნა, არამედ ასევე ალტერნატივის სახით ითხოვდა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
5. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მსჯავრდებულ ც. ა-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძველზე საქმეს ამოწმებს კანონიერების მხრივ სრული მოცულობით.
6. საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით მსჯავრდებულ ც. ა-ს ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დადასტურებულია გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტით და მისი მოთხოვნა გამართლების თაობაზე არის უსაფუძვლო და კანონშეუსაბამო.
7. 1-ლი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ ე. ს-ს მიერ მიცემული თანმიმდევრული ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2014 წლის 24 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში, მასა და ც. ა-ს შორის მოხდა კონფლიქტი. მათ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დიდი ხანია აქვთ ოჯახური უთანხმოება. ც. ა-მ თავისი ღობის შიგნითა მხრიდან უცენზურო სიტყვებით დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და ასევე მისი მიმართულებით ქვებისა და ხის ნაჭრების სროლა. მას სხეულზე მოხვდა რამდენიმე ქვა, ხოლო ერთ-ერთი ხის ნაჭერი მოხვდა მარჯვენა ხელის მტევანში და შენიშნა, რომ ხელის მტევანზე შერჭობილი ჰქონდა ხის ნაჭრის ნატეხი, რომლის დამოუკიდებლად ამოღება ვერ მოახერხა. ის წავიდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც ექიმმა ამოუღო ხის ნაჭერი და დაუმუშავა ჭრილობა. ხელის ტკივილის გამო ის დიდხანს ვერ ახერხებდა ფიზიკურ მუშაობას.
8. დაზარალებულ ე. ს-ს აღნიშნული ჩვენების ფაქტობრივი გარემოებები სრულად თანხვდენილია გამოძიების ეტაპზე საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დროს მის მიერ მიცემულ ჩვენებასთან. ოქმის მიხედვით, ე. ს-მ მიუთითა ის ადგილი, სადაც მოხდა მასა და ც. ა-ს შორის ფიზიკური შეურაცხყოფა, საიდანაც ე. ს-ს ესროლა ქვები და ხის ნაჭრები.
9. მსჯავრდებულ ც. ა-ა და ე. ს-ს შორის მომხდარ კონფლიქტს ადასტურებს მოწმე თ. მ-ე. მისი ჩვენებით, ე. ს-ე მუშაობდა მიწაზე, რა დროსაც მასა და ც. ა-ს შორის დაიწყო კონფლიქტი. მან სთხოვა ორივეს, მოლაპარაკებით მოეგვარებინათ მათ შორის წარმოშობილი დავა, მაგრამ მაინც გააგრძელეს კონფლიქტი.
10. საკასაციო პალატას არადამაჯერებლად მიაჩნია მსჯავრდებულ ც. ა-ს განმარტება, რომ მას არ უსვრია ე. ს-ს მიმართულებით ქვები და ხის ნაჭრები, მას ხელში, ალბათ, შეერჭო ხის პწკარი, როცა მიწას ასუფთავებდა. ამ განმარტების მიხედვით, ე. ს-ს დაზიანება უნდა ჰქონოდა მხოლოდ ხელის მტევნის იმ ნაწილში, სადაც შერჭობილი ჰქონდა ხის ნაჭრის ნატეხი, მაშინ, როდესაც განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებები დადგინდა მოწმის სახით დაკითხული ექიმის - შ. ბ-ს ჩვენებითა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომელთა თანახმადაც, ე. ს-ს აღენიშნებოდა დაჟეჟილი ჭრილობა არა მხოლოდ ხელის მტევნის ნაწილში, არამედ სხეულის სხვა ნაწილებშიც ჰქონდა მრავლობითი სისხლნაჟღენთები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ე. ს-ს მიმართულებით ც. ა-ე ისროდა ქვებსა და ხის ნაჭრებს.
11. მოწმის სახით დაკითხულმა ექიმმა შ. ბ-მ დაადასტურა, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მისი მორიგეობის დროს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა ქალბატონს - ე. ს-ს, რომელსაც მარჯვენა ხელის მტევნის არეში ჰქონდა დაჟეჟილი ჟრილობა. მას ზუსტად არ ახსოვს საქმის გარემოებები, მაგრამ ყველაფერი დეტალურად მიუთითა ავადმყოფობის ისტორიაში.
12. თავად დაზარალებულ ე. ს-ს შემოწმებისა და მისი ამბულატორიული სამედიცინო ბარათის საფუძველზე გაცემული ექსპერტის დასკვნის მიხედვით, ე. ს-ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები - მარჯვენა ხელის მტევნის მეხუთე თითის ძირითადი ფალანგისა და ნების არეში, ზურგით ზედაპირზე აღენიშნებოდა მოიისფერო - მოლურჯო ფერის, ოვალური ფორმის სისხლნაჟღენთი, მარჯვენა მხარის წინა ზედაპირზე, შუა მესამედში - ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი, ხოლო მარცხენა ბარძაყის ქვედა მესამედში - ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი (ბლაგვი) საგნის (საგნების) ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
13. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი სამართლებრივი ანალიზი ადასტურებს მსჯავრდებულ ც, ა-ს მიერ დაზარალებულ ე. ს-ს მიყენებულ ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების ფაქტს, რა დროსაც ის მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით - დროთა განმავლობაში მხარეთა შორის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული დავიდან გამომდინარე, რასაც მიეცა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით.
14. სასჯელის განსაზღვრის დროს საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი, თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.
15. მსჯავრდებულ ც. ა-ს, მისი პიროვნების, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, შემამსუბუქებელი გარემოებების, ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად დანიშნული აქვს ჯარიმის მინიმალური ოდენობა - 500 ლარი, რომლის შემცირების სამართლებრივი საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ც. ა-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი