შუამდგომლობა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
3ა-98-02 3ა-98-02 31 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ლ. გოჩელაშვილი,მ. წიქვაძე
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა სომხეთის რესპუბლიკის ქ. ერევნის არაბკირისა და კანაკერ-ზეითუნის თემის პირველი ინსტანციის სასამართლოს შუამდგომლობა ამავე სასამართლოს 2002წ. 21 თებერვლის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
სომხეთის რესპუბლიკის ქ. ერევნის არაბკირისა და კანაკერ-ზეითუნის თემის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2002წ. 21 თებერვლის განაჩენით საქართველოს მოქალაქეები: რ. ტ.-ი და ე. ვ.-ი ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 15-86 მუხლის II ნაწილის და 86-ე მუხლის II და IV ნაწილების შესაბამისად მიესაჯათ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა პირადი ქონების 25%-ის კონფისკაციით სასჯელის გაძლიერებული რეჟიმის შრომა-გასწორებით კოლონიაში მოხდით.
დაზარალებულების მიერ წარმოდგენილი სამოქალაქო სარჩელები დაკმაყოფილებულ იქნა. რ. ტ.-ისა და ე. ვ.-ს სოლიდარულად დაეკისრათ: ს. პ.-ის სასარგებლოდ 550000 დრამი, თ. ს.-ის სასარგებლოდ – 110000, ჯ. ს.-ის _ 960000; ლ. კ.-ის – 38 500, რ. ე.-ის – 346 000, ჟ. ა.-ის – 250000, კ. ს.-ის – 362000, ლ. ო.-ის – 255 000, ა. ჟ.-ის – 1907600, ა. ო.-ის – 595000, ლ. მ.-ის – 72000, ი. ს.-ის _ 1417000, ა. ა.-ის _ 285000 და ნ. ბ.-ის სასარგებლოდ 8323300 დრამი. სასამართლოს განაჩენი სამოქალაქო სარჩელების დაკმაყოფილებისა და რ. ტ.-ისა და ე. ვ.-ის პირადი ქონების 25%-ის კონფისკაციის ნაწილში სომხეთის რესპუბლიკის სასარგებლოდ სომხეთის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
არაბკირისა და კანაკერ-ზეითუნის თემის პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე ა. ა.-მ შუამდგომლობა და აღნიშნული განაჩენი გადმოუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულებისათვის.
პალატამ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა ერევნის არაბკირისა და კანაკერ-ზეითუნის თემის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2002წ. 21 თებერვლის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მითითებული განაჩენით საქართველოს მოქალაქეებს: რ. ტ.-ისა და ე. ვ.-ს სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 15-86 მუხლის II ნაწილის და 86-ე მუხლის II და IV ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრათ პირადი ქონების 25%-ის კონფისკაცია.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად შუამდგომლობის განხილვის პროცესში უნდა დადგინდეს, დაცულია თუ არა ამ კანონის 68-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები, რათა მოხდეს უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების პროცედურა ვერ განხორციელდება, ვინაიდან “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად მითითებული განაჩენი პირადი ქონების კონფისკაციის ნაწილში ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 1997წ. 21 ივლისის გადაწყვეტილებით ქონების კონფინსაცია, როგორც დამატებითი სასჯელი, ცნობილ იქნა არაკონსტიტუციურად და ჩაითვალა ძალადაკარგულად, ვინაიდან იგი არ შეესაბამებოდა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტს, რომლის შესაბამისადაც აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისა და მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით.
რაც შეეხება განაჩენის სამოქალაქო ნაწილში ცნობას, პალატას მიაჩნია, რომ შუამდგომლობა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
“სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” კონვენციის 51-ე მუხლის თანახმად არსებობს საფუძველი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს სომხეთის რესპუბლიკის ქ. ერევნის არაბკირისა და კანაკერ - ზეითუნის თემის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2002წ. 21 თებერვლის განაჩენი მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში.
პალატამ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტით, 68-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ზ” ქვეპუნქტით, 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 71-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით, 72-ე მუხლის მე-2 ნაწილით, “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” კონვენციის 51-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
უარი ეთქვას შუამდგომლობას სომხეთის რესპუბლიკის ქ. ერევნის არაბკირისა და კანაკერ-ზეითუნის თემის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2002წ. 21 თებერვლის განაჩენის ქონების კონფისკაციის ნაწილში ცნობას.
აღნიშნული განაჩენი სამოქალაქო სარჩელების დაკმაყოფილების ნაწილში ცნობილ იქნეს.
რ. ტ.-ისა და ე. ვ.-ს სოლიდარულად დაეკისროთ: ს. პ.-ის სასარგებლოდ 550000 დრამი, თ. ს.-ის სასარგებლოდ – 110000 დრამი, ჯ. ს.-ის _ 960000 დრამი; ლ. კ.-ის – 38500 დრამი, რ. ე.-ის – 346000 დრამი, ჟ. ა.-ის – 250000 დრამი, კ. ს.-ის – 362000 დრამი, ლ. ო.-ის – 255000 დრამი, ა. ჟ.-ის – 1907600 დრამი, ა. ო.-ის – 595000 დრამი, ლ. მ.-ის – 72000 დრამი, ი. ს.-ის _ 1417000 დრამი, ა. ა.-ის _ 285000 დრამი, ნ. ბ.-ის სასარგებლოდ _ 8323300 დრამი. განაჩენი აღნიშნული თანხის გადახდის ნაწილში მიექცეს აღსასრულებლად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.